Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეფექტები პატიმრების შეწყალების მექანიზმში


გლდანის მე-8 საპყრობილე
გლდანის მე-8 საპყრობილე

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა გამოკვლევა, რომელიც პატიმრების შეწყალების პროცესს ეხება. გამოკვლევა 2013 -2015 წლებს მოიცავს. აღნიშნული მექანიზმის უფრო მეტად გასამართად ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენიმე რეკომენდაცია წარმოადგინა.

დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ შეიწყალოს განუსაზღვრელი რაოდენობის პატიმრები. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი ამბობს, რომ ეს მოდელი, სხვა მოდელებთან შედარებით, ყველაზე კარგია, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს მაინც საჭიროებს:

„პირდაპირი წესი არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური. ჩვენ გვახსოვს ბაჩო ახალაიას შეწყალება, გირგვლიანის მკვლელების შეწყალება. იმავე მარგველაშვილის პერიოდში მისი ცოლისძმის შეწყალება... პატიმრებში ყველაზე მეტად ეს იწვევს ხოლმე კითხვებს, თუ რატომ არ შევიდა საკითხი განსახილველად კომისიაში და რატომ შეიწყალეს ესა თუ ის პატიმარი კომისიის გვერდის ავლით. კვლევამაც აჩვენა, რომ ის, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება, არ ნიშნავს, რომ ის ბოროტად უნდა გამოიყენოს. ჩვენი რეკომენდაციაა, პრეზიდენტმა კონკრეტულ ბრძანებულებაში მიუთითოს, თუ რა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ საქმე კომისიამ არ განიხილა“.

თამარ ავალიანი
თამარ ავალიანი

კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც პატიმრის შეწყალების საკითხს კომისია იხილავს, პრეზიდენტი ძირითადად კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა ორი წლის განმავლობაში დაახლობით ასამდე შემთხვევა იყო, როდესაც, კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, მარგველაშვილმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და უარი თქვა პატიმრის გათავისუფლებაზე. თამარ ავალიანის თქმით, ჯობია პრეზიდენტმა თავისი უარი ამ შემთხვევაშიც დაასაბუთოს.

თამარ ავალიანი ამბობს ასევე, რომ ხშირად შეწყალება პატიმრებისთვის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან ასოცირდება, რაც არასწორია. იურისტის თქმით, შეწყალების კომისია არ განიხილავს, მართლაც უდანაშაულოა თუ არა მსჯავრდებული. კომისია უშუალოდ იმაზე მუშაობს, ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ ადამიანს შეწყალება. სხვა კრიტერიუმებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი ქცევა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, ასევე არის თუ არ ის წამების მსხვერპლი. თამარ ავალიანი აქვე ამბობს, რომ ნათლად არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს ის განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა მიხედვითაც კომისიამ შესაძლოა პატიმარი შეიწყალოს. ამის გამო ხშირად პატიმრები თავად განმარტავენ ამ განსაკუთრებულ გარემოებებს და შედეგად ცრუ მოლოდინიც უჩნდებათ:

„ყველა მსჯავრდებულს თავისი საქმე განსაკუთრებული ჰგონია. არ არიან ინფორმირებულები. შეწყალების გარემოებები რომ გაიწეროს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეცოდინებათ რა არის განსაკუთრებული გარემოება და ექცევა თუ არა მისი საქმე ამ კრიტერიუმებში. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ განსაკუთრებული გარემოებები არ შეიძლება ამომწურავად გაიწეროს. მეორე მხრივ, აღსანიშნავია პრეზიდენტის შეწყალების დეპარტამენტის ძალზე არაეფექტური მუშაობა. ის ანალიზის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. მაგალითად, ვერ მოგვცეს ინფორმაცია, თუ რას იყენებდა პრეზიდენტი და კომისია განსაკუთრებულ გარემოებად“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კვლევის მოსამზადებლად გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა გაანალიზებამ აჩვენა, რომ გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებით ლიბერალურია ნარკოდანაშაულის მიმართ. შეწყალებულთა 62 პროცენტს სწორედ ნარკოდამნაშავეები წარმოადგენენ. პრეზიდენტი ასევე ხშირად იწყალებს იმ პირებს, რომლებიც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს - მათი რიცხვი 25 პროცენტია. კვლევამ აჩვენა ასევე, რომ პრეზიდენტი წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტ პატიმარს იწყალებს. ასევე ახალი ტენდენციაა ისიც, რომ შეწყალება აღარ ემთხვევა სხვადასხვა დღესასწაულს, რათა ეს არ გახდეს ადვოკატების მხრიდან მანიპულირების საგანი.

მაგალითად, მშობელი არის პატიმარი და ბავშვები იზრდებიან ბებიასთან ან ბაბუასთან და ის ადამიანი, ვისთანაც ბავშვები იზრდებიან, გარდაიცვალა. ბავშვები რჩებიან მზრუნველის გარეშე...
ლია მუხაშავრია

ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემაზეც, რომ არ არის გაწერილი შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხი, ანუ ვინ და რა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს მისი წევრი. ეს ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა. გარდა ამისა, კომისიაში არის საპატრიარქოს წარმომადგენელიც. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ რადგან შეუძლებელია ყველა რელიგიის წარმომადგენელი შეიყვანონ კომისიაში, სამართლიანობის დასაცავად, წევრები უნდა შეირჩნენ არა მათი რელიგიური კუთვნილების, არამედ ჰუმანურობისა და ადამიანის უფლებებისადმი დამოკიდებულების ნიშნით. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ინტერესთა კონფლიქტიც - მაგალითად, საქმის განხილვაში არ უნდა მონაწილეობდეს კომისიის ის წევრი, რომელიც ამავე საქმეზე საადვოკატო მომსახურებას ეწეოდა.

შეწყალების კომისიის წევრი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან პატიმრების შეწყალება ან არშეწყალება მისი ექსკლუზიური უფლებაა და დასაბუთებას არ საჭიროებს. რაც შეეხება განსაკუთრებულ გარემოებებს, ლია მუხაშავრიას თქმით, ეს გარემოებები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვაა:

„მაგალითად, მშობელი არის პატიმარი და ბავშვები იზრდებიან ბებიასთან ან ბაბუასთან და ის ადამიანი, ვისთანაც ბავშვები იზრდებიან, გარდაიცვალა. ბავშვები რჩებიან მზრუნველის გარეშე. ან, მაგალითად, ოჯახში არის ტრაგედია, სტიქიური უბედურება. მოხუც მშობლებს სახლი დაენგრათ. ასეთ დროს მათი ერთადერთი შვილი, რომელიც პატიმრობაშია, თუ გათავისუფლდება, ის დაეხმარება ოჯახს, რომ ამ უკიდურესი გაჭირვებიდან როგორმე გამოვიდეს“.

რეკომენდაციები გადაეგზავნა პრეზიდენტს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწყალების დეპარტამენტს და შეწყალების კომისიას.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG