Accessibility links

logo-print
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამდენიმე ათეული პატიმარი აგრძელებს შიმშილობას საქმეების გადახედვისა და ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოშიმშილე პატიმართა მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილება მათ კომპეტენციაში არ შედის. რას ითხოვენ მოშიმშილე პატიმრები და როგორია მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა?

ქსნის ნომერ მე-15 დაწესებულებაში შვიდმა პატიმარმა შიმშილობა ერთი კვირის წინ გამოაცხადა. საქმეების გადახედვა, ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ამოქმედება და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების გათვალისწინება - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომელთაც მოშიმშილეების გარდა სხვა პატიმრებიც იზიარებენ. სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით, მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია:

„ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ გადაწყვეტილებები. აქციის მონაწილე ორ პატიმარს აქვს პრეტენზია პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოსთან მიმართებაში. ერთ-ერთ მათგანს არ ეხება ჯერ ეგრეთ წოდებული „უდო“, ხოლო მეორეს, რომლის საკითხიც განიხილა საბჭომ, პატიმრობა მისჯილი აქვს იმის გამო, რომ ავტომობილი წაართვა მოქალაქეს, ადრე კი ძარცვისა და ქურდობისთვის არის ნასამართლები“.

პატიმრები შიმშილობენ ასევე რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, აქციის მონაწილე პატიმართა მოთხოვნები მრავალფეროვანია, სამინისტროს კომპეტენცია კი ყველა საკითხის გადაჭრის შესაძლებლობას არ იძლევა. მინისტრი მაგალითად ასახელებს პატიმართა მოთხოვნას, მათზეც გავრცელდეს სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმება:

იმ საქმეების გადახედვა, სადაც განაჩენი ძალაშია შესული, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოებს შეუძლიათ ახალაღმოჩენილი გარემოებებით ან იმ კომისიის მეშვეობით, რომლის შექმნა სამომავლოდ იგეგმება. ეს არის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია...
„ეს არის სასამართლოს პრეროგატივა, რაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ჩავერევით. ითხოვენ დეპუტატებთან შეხვედრას და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარლამენტის წევრები აპირებენ მათთან შეხვედრას. რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს საკითხი - თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მუდმივ კონტროლზეა. ერთადერთი პატიმრის მდგომარეობა ამჯამად ძალიან გაუარესდა და დღეს გადავიყვანთ საავადმყოფოში, რათა გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება“.

გარდა ამისა, სოზარ სუბარის თქმით, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოა ის პრეტენზიები, რომლებიც პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოითქმის. პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭო არის დამოუკიდებელი უწყება. მასში, სამინისტროს გარდა, შედიან თვითმმართველობის ორგანოს, იუსტიციის საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მკაფიო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. მოშიმშილე პატიმართა მოთხოვნების პასუხად, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ხათუნა პაიჭაძე აცხადებს, რომ სამინისტრო დამდგარ განაჩენებთან მიმართებაში ვერაფერს შეცვლის.

„იმ საქმეების გადახედვა, სადაც განაჩენი ძალაშია შესული, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოებს შეუძლიათ ახალაღმოჩენილი გარემოებებით ან იმ კომისიის მეშვეობით, რომლის შექმნა სამომავლოდ იგეგმება. ეს არის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. რაც შეეხება პროკურატურის ჩართულობას, სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რათა განაჩენს გადახედოს“, უთხრა ხათუნა პაიჭაძემ რადიო თავისუფლებას.

თუ მეორადად, დამოუკიდებელი ექსპერტები დაადასტურებენ, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა შეესაბამება მინისტრის სპეციალურ ბრძანებაში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, მაშინ ასეთი პატიმრები ექვემდებარებიან გათავისუფლებას...
არადა, მოშიმშილე პატიმრების მტკიცებით, ისინი ციხეებში სწორედაც რომ შეთითხნილი საქმეებით მოხვდნენ. რუსთავის საპყრობილეში ორმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად პირი მავთულით ამოიკერა. კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც აქციის მონაწილე პატიმრები მოითხოვენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვადამდე ადრე გათავისუფლებაა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივმა კომისიამ უნდა მიიღოს, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ამბობს, კომისია დადებით გადაწყვეტილებას იღებს ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება სასჯელაღსრულების სამინისტროდან წამოსული დოკუმენტაციითა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ:

„თუ მეორადად, დამოუკიდებელი ექსპერტები დაადასტურებენ, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა შეესაბამება მინისტრის სპეციალურ ბრძანებაში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, მაშინ ასეთი პატიმრები ექვემდებარებიან გათავისუფლებას. 28 დეკემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც განახლდა კომისიის მუშაობა, დღემდე 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული, მათ შორის 50 ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხოლო დანარჩენი ხანდაზმულობის გამო“.

პატიმართა უკმაყოფილების მიზეზებზე საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ უკმაყოფილება, როგორც წესი, არ უკავშირდება ამჟამად საპატიმროებში არსებულ ვითარებას. ცქიტიშვილის თქმით, პატიმრები ერთ-ერთ გამოსავლად მიიჩნევენ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ამოქმედებას, რაც ძალიან გაჭიანურდა და იწვევს პატიმრების გაღიზიანებას, რადგანაც ბევრია ისეთი პატიმარი, რომელსაც უკანონოდ აქვს ესა თუ ის დანაშაული „მიკერებული“ და უკანონო განაჩენებით იმყოფებიან საპატიმროებში.

„პატიმრები ასევე როცა მიმართავენ სპეციალურ კომისიას ჯანმრთელობის გამო, რატომღაც ვერ ხერხდება დროული რეაგირება“, ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, რომელსაც მაგალითად მოაქვს მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის საქმე. პატიმარს, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, აღენიშნება მძიმე დაავადებები, რის გამოც, საპატიმროში დარჩენის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნება.
XS
SM
MD
LG