Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგის ქარდავა 21 წლის პატიმრის წამების საქმეში


პატიმრის წამების გამო პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ უფროსს ალექსანდრე მუხაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი. საქმე ეხება პატიმარ ელდარ ქობალიას, რომელსაც, გამოძიების ცნობით, მოძალადეები ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას აიძულებდნენ, რის შედეგადაც პატიმარი გარდაიცვალა. ამავე მიზნით ძალადობა სხვა პატიმრებზეც განხორციელდა.

21 წლის ელდარ ქობალია სამართალდამცველებმა 2011 წლის 2 აპრილს თავდაპირველად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სულ მალე - ზუგდიდის პოლიციის შენობაში - მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას ითხოვდნენ. გამოძიების ცნობით, დაკავებული აწამეს და მას ”მოუწყეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება”. აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ელდარ ქობალიასგან, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, თავად მეგის ქარდავა ცდილობდა. მთავარი პროკურატურის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”იმავე ღამით ზუგდიდში ჩავიდნენ და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე იოსებ თოფურიძე და შს სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები”.
ის იყო აფხაზეთიდან გადმოსული, ბიძამისთან იმყოფებოდა და სწორედ ბიძამისის სახლიდან მოხდა ამ ბავშვის მოპარვა. ქართულად მას ლაპარაკი უჭირდა, ლაპარაკობდა მეგრულად. ზუგდიდში მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, იმდენად არ იცნობდა ჩვენს კონტროლირებად მხარეს...
ლექსო არქანია

4 აპრილს ელდარ ქობალია, კობა მატკავასთან ერთად, უკვე შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა, ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის 5 აპრილს, ”გამთენიისას, ნაცემი და ნაწამები ელდარ ქობალია ზუგდიდიდან გადაყვანილი და შესახლებული იქნა „მოდულის“ შენობაში განთავსებულ ქ. თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში”. უკვე 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქობალიასა და მატკავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და ისინი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ”პატიმარ ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით, ელდარ ქობალია შესახლებისთანავე მოთავსებული იქნა ე.წ. „ფუქსებში“, რომელიც წარმოადგენდა გისოსებიან ოთახს და პატიმართა მხოლოდ რამდენიმე საათით მოთავსებისათვის გამოიყენებოდა, ვინაიდან არ არის აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური საშუალებებით. ელდარ ქობალია ასეთ გაუსაძლის პირობებში გაჩერებული ჰყავდათ 6 დღის განმავლობაში”.

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა 8 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა, ელდარ ქობალიას გარდა, კიდევ 2 პატიმარი აწამეს:

”2011 წლის 11 აპრილს მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ, სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, დაიწყეს ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამება - ისინი რამოდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ მითითებულ პირებს, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გახდა დასატენი”.

სწორედ ამის შემდეგ ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა. როგორც მისმა ადვოკატმა ლექსო არქანიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, გარდაცვლილი პატიმარი, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაფინანსებით, უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე ისე დამარხეს, რომ ოჯახს არაფერი შეატყობინეს და მის მოძებნას რამდენიმე დღე დასჭირდა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდება გამოგონილი საბაბი იყო ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ელდარ ქობალიას დასაკავებლად:

”ის იყო აფხაზეთიდან გადმოსული, ბიძამისთან იმყოფებოდა და სწორედ ბიძამისის სახლიდან მოხდა ამ ბავშვის მოპარვა. ქართულად მას ლაპარაკი უჭირდა, ლაპარაკობდა მეგრულად. ზუგდიდში მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, იმდენად არ იცნობდა ჩვენს კონტროლირებად მხარეს... თბილისში საერთოდ არ იყო ნამყოფი. ზუგდიდშიც მარტო ერთხელ გადმოვიდა, რომ გაეკეთებინა საბუთი დევნილის მოწმობასთან დაკავშირებით და სწორედ მაშინ იქნა აყვანილი“.
ეგ ადამიანი თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ჯერ რუსეთს აწვდიდა ინფორმაციას და რომ დაიჭირეს ჯაშუშობაზე, მერე ვითომ საქართველოსთან თანამშრომლობდა. ვის უნდა ეწამებინა?!
მალხაზ ველიჯანაშვილი

განსხვავებული აზრის არის მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ის აბსურდს უწოდებს და ბოლო დროს ტერორისტული აქტების დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების გააქტიურებას რუსეთის სპეცსამსახურების მოთხოვნად აღიქვამს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ელდარ ქობალიას ნათესაური კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთან და ყველაფერი სწორედ აქედან მოდის:

”ეგ ადამიანი თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ჯერ რუსეთს აწვდიდა ინფორმაციას და რომ დაიჭირეს ჯაშუშობაზე, მერე ვითომ საქართველოსთან თანამშრომლობდა. ვის უნდა ეწამებინა?! ის ყველანაირ ინფორმაციას აწვდიდა შემდეგ უკვე იმ ტერორიზმზე ქართულ მხარეს”.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ბრალდება ცრუ ჩვენებებს და, მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის ჩვენებას ეფუძნება. თუმცა, როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ელდარ ქობალიას წამებისა და სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების გამოვლენა მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, მერაბ ყოლბაიას მიერ მიცემულ ჩვენებებს ეყრდნობა. გავიხსენოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში პატიმარი ყოლბაიაც ქობალიასთან ერთად ნაწამებთა შორის არის მოხსენიებული. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე, ადვოკატ ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე დაზარალებულად არის მიჩნეული და გამოძიების დასრულების შემდეგ, ახალი გარემოებების საფუძველზე, მისი გათავისუფლებაც მოხერხდება.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება აგრძელებს მუშაობას ელდარ ქობალიას მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების ჩამდენი პირების ბრალეულობის დასადგენად. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. ბრალდებულთაგან მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG