Accessibility links

logo-print

პატიმრის გარდაცვალება ეჭვებს აღძრავს


სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ნათესავები საეჭვო გარემოებებზე ლაპარაკობენ და საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვენ. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინასწარ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 35 წლის მამაკაცმა, რომელიც დღე-დღეზე გათავისუფლებას ელოდებოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმის საფუძვლიანი გამოძიებისა და სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. გამოძიების პროცესით თვალშისაცემ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშში.

ცნობა პატიმრის გარდაცვალების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომ 7 ივლისს გამოაქვეყნა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ იმ დღეს, 15:46 სთ–ზე გამოვლენილი ფაქტი, წინასწარი ინფორმაციით, სუიციდს ჰგავს. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, 1980 წელს დაბადებული მამაკაცი განთავსებული იყო 6-ადგილიან საკანში და ის, საპირფარეშოში გარდაცვლილი, სწორედ თანასაკნელებმა იპოვეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ასევე ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

გარდაცვლილი პატიმარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში – ზუგდიდში. თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია მისი ნათესავებისთვის და მათ პასუხგაუცემელი შეკითხვები აწუხებთ. პატიმრის დეიდა ნინო ჭედია საეჭვო გარემოებებზე ლაპარაკობს:

„საკნიდან გამოიყვანეს დაკითხვაზე, – არ ვიცი, მგონი, გამომძიებელმა. – ნახევარი საათი იყო იქ, მერე დაბრუნდა საკანში და გვეუბნებიან, რომ ტუალეტში თავი ჩამოიხრჩო ზეწრით... 15 ივლისს ჰქონდა სასამართლო და ველოდებოდით გათავისუფლებას... ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს და გვინდა ნორმალურად გამოძიება, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე“.

სწორი არ იქნება, ჩვენ ასეთ ფაქტებზე თავიდანვე დავიჯეროთ, რომ ეს არის სუიციდი. დამოუკიდებელი გამოძიება სწორედ იმას გულისხმობს, რომ წინასწარი განწყობა საქმის მიმართ არ უნდა არსებობდეს და ყოველმხრივ უნდა იქნეს შეფასებული...

პატიმრის ნათესავების ეჭვების გათვალისწინებით, საქმის სწრაფი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. ამასთან, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ინსტიტუციურ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული შეკითხვების თავიდან არიდების მიზნით, საქმეს თავიდანვე უნდა იძიებდეს არა ის უწყება, სადაც მოხდა ფაქტი, არამედ სხვა უწყება და ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა პროკურატურა.

„სწორი არ იქნება, ჩვენ ასეთ ფაქტებზე თავიდანვე დავიჯეროთ, რომ ეს არის სუიციდი. დამოუკიდებელი გამოძიება სწორედ იმას გულისხმობს, რომ წინასწარი განწყობა საქმის მიმართ არ უნდა არსებობდეს და ყოველმხრივ უნდა იქნეს შეფასებული იმისთვის, რომ, თუ არ იყო ეს სუიციდი, ობიექტურად მოხერხდეს მტკიცებულებების შეგროვება და რეალურად იმის დანახვა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სუიციდია, ობიექტურად უნდა შეფასდეს, შეიძლებოდა თუ არა სუიციდის ამ კონკრეტული ფაქტის პრევენცია“.

ანა ნაცვლიშვილი აუცილებლად მიიჩნევს საკუთრივ სუიციდის ფაქტების საფუძვლიან გაანალიზებასაც, რათა ადეკვატურად შეფასდეს სუიციდის პრევენციის პროგრამის სავარაუდო ნაკლოვანებები. ეს პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლის შემდეგ დაინერგა.

ევროკონვენციის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო სტანდარტების თანახმად და ჩვენი კონსტიტუციის საფუძველზეც, აუცილებელია და სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრება, რომ იზრუნოს იმ ადამიანის უფლებებზე...

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის 8 ივლისს მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თუკი გამოძიება დაადასტურებს, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში 7 ივლისს მომხდარი ფაქტი 2015 წლის განმავლობაში აღრიცხული თვითმკვლელობის უკვე მეორე შემთხვევა იქნება. სულ კი, მიმდინარე წელს სისტემაში8 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი აღირიცხა. გასულ წელს გარდაცვლილი პატიმრების რიცხვი 27–ს შეადგენდა, საიდანაც 7 შემთხვევაში სუიციდზეა ლაპარაკი, ხოლო 2013 წელს გარდაცვლილი 25 პატიმრიდან, ოფიციალური ინფორმაციით, სუიციდი 6 შემთხვევაში გამოვლინდა.

„კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ მუშაობდა და ახლაც მუშაობს არაერთ საქმეზე, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მიმართ სიცოცხლის უფლების ხელყოფას უკავშირდება. ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩილ ჩოფიკაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, სახელმწიფოს საგანგებო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს:

„ევროკონვენციის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო სტანდარტების თანახმად და ჩვენი კონსტიტუციის საფუძველზეც, აუცილებელია და სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრება, რომ იზრუნოს იმ ადამიანის უფლებებზე, – და მათ შორის, განსაკუთრებით სიცოცხლის უფლებაზე, – რომელსაც შეზღუდული აქვს თავისუფლება და მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამიტომ ყოველთვის ასეთი ტიპის საქმეებზე მაღალია სტანდარტი, რომ ჯეროვნად და ეფექტიანად იყოს ყოველი ასეთი შემთხვევა გამოძიებული და არ დარჩეს კითხვის ნიშნები... რა თქმა უნდა, ყოველთვის მომეტებული მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს“.

გარდაცვლილ პატიმართა „სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის“ შემთხვევებზე სახალხო დამცველიც ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშში, რომელიც 2014 წლის მდგომარეობას ასახავს. თუმცა 2 ივლისს, როცა საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგა, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ არადამაკმაყოფილებელია ასეთი საქმეების გამოძიების პროცესი. ომბუდსმენის ინფორმაციით, შარშან აღრიცხული გარდაცვალების 27 ფაქტიდან მხოლოდ ერთ საქმეზე ცნეს ბრალდებულად რამდენიმე პირი და ეს საქმე განსახილველად გადაგზავნილია სასამართლოში; კიდევ ერთ საქმეზე შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მიზეზით, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ან სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული, ანდა ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG