Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი პატიმრის მამა შიმშილობას აღარ გამოაცხადებს


ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში 7 ოქტომბერს გარდაცვლილი არასრულწლოვანი პატიმრის მამამ - დავით ძველაიამ - შიმშილობა გადაიფიქრა. იმისათვის, რომ მოახლოებული არჩევნების გამო საქმეს პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე მოგვიანებით გაგზავნოს. ძველაიების ოჯახის ადვოკატი სასჯელაღსრულების სისტემის გასაკვირ გახსნილობაზე ლაპარაკობს და იმედოვნებს, რომ 16 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმის გარშემო სიმართლე მალე გაირკვევა.

თუკი სათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალებს პროკურატურისგან 21 ოქტომბერს ვერ მიიღებდა, დავით ძველაია 22 ოქტომბრიდან შიმშილობის დაწყებას აპირებდა. საქმე ის არის, რომ მამისთვის აბსოლუტურად არადამაჯერებელია გამოძიების თავდაპირველი ვერსია, რომ მისმა შვილმა, რომელიც უახლოეს მომავალში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ელოდებოდა, ქუთაისის ციხის სამარტოო საკანში ჩამოიხრჩო თავი. მას აქვს ეჭვი, რომ შვილი ე.წ. მაყურებელთან კონფლიქტის გამო მოუკლეს. ვიდეოჩანაწერებს, მათი დამონტაჟების ალბათობის დადგენის მიზნით, დავით ძველაია, შიმშილობის მუქარით, დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გასაგზავნად ითხოვდა. სწორედ ასეთი იყო ვითარება 21 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში, თუმცა უკვე დღის მეორე ნახევარში მან პოზიცია შეიცვალა. როგორც ძველაიების ოჯახის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიზეზი მოახლოებულ არჩევნებსა და პოლიტიკისგან გამიჯვნის სურვილს უკავშირდება:

”რადგანაც ეს კვირა პოლიტიკურად ძალიან დატვირთული კვირაა და იმისათვის, რომ ეს არ გამოიყენოს სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ თავიანთი პიარისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება (მამამისმა გადაწყვიტა), რომ ჩაატაროს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ... დღეს მე უცხოეთში ვესაუბრე ექსპერტს და მან მითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არის, ჩაატაროს გამოძიებამ ექსპერტიზა და ამის შემდეგ ჩვენ დავნიშნავთ ალტერნატიულ ექსპერტიზას”.

დაასახელონ მსოფლიოს ნებისმიერი ექსპერტი, რომელიც გამოიკვლევს ამ ფირებს. დალუქულ მდგომარეობაში, როგორც ეს არის საჭირო გამოძიებისთვის, ამ ფირებს გადავუგზავნით ჩვენ თვითონ იმ ექსპერტიზას. უბრალოდ, გვითხრან, სად კეთდება და რომ ფული გადახდილია...
სოზარ სუბარი
ვიდეომასალები, რაზეც ადვოკატი ტუკვაძე ლაპარაკობს, უშუალოდ არასრულწლოვანი პატიმრის სამარტოო საკანში მიმდინარე მოვლენებს არ ასახავს, რადგანაც იქ სათვალთვალო კამერა არ იყო დამონტაჟებული. როგორც 21 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას უთხრა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ლაპარაკია ჩანაწერებზე, რომლებიც კეთდებოდა 24 საათის განმავლობაში საკნის გარეთ 5 სხვადასხვა კამერით, და მათზე შესაძლებელი იქნება საკანში შემსვლელი და საკნიდან გამომსვლელი ყველა პირის ამოცნობა. მარტივი კალკულაციით, ვიდეოჩანაწერების ქრონომეტრაჟი 120 საათს შეადგენს. სუბარი ამბობს, რომ გარდაცვალებამდე 24 საათის განმავლობაში პატიმარს ყურადღება არ აკლდა და ის 3-ჯერ სოციალური სამსახურის უფროსმა, ხოლო 5-ჯერ სოციალურმა მუშაკმა მოინახულა. ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრი ადასტურებს მზადყოფნას, რომ, კანონის მოთხოვნათა ფარგლებში, ვიდეომასალები აჩვენოს და გადასცეს კიდეც დავით ძველაიას მხარეს. დადებითია მისი მიდგომა ვიდეოჩანაწერების საზღვარგარეთ გაგზავნასთან დაკავშირებითაც.

”თუ ლაპარაკია უცხოეთში ექსპერტიზაზე, მე მომწონს ეს იდეა და მივესალმები. დაასახელონ მსოფლიოს ნებისმიერი ექსპერტი, რომელიც გამოიკვლევს ამ ფირებს. დალუქულ მდგომარეობაში, როგორც ეს არის საჭირო გამოძიებისთვის, ამ ფირებს გადავუგზავნით ჩვენ თვითონ იმ ექსპერტიზას. უბრალოდ, გვითხრან, სად კეთდება და რომ ფული გადახდილია, დანარჩენი პრობლემა არ არის”, - უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

აი, პირველად ჩემს ცხოვრებაში გაიხსნა ეს სისტემა. გასაკვირია. ამბობენ, ძალიან მართლები ვართო, შეამოწმეთ ყველაფერიო, მოგცემთ ამ ფირებს, ჩაატარეთ ექსპერტიზა, რაც გინდათ გვკითხეთ, გიპასუხებთო...
ლედი ტუკვაძე
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ უამრავ შეკითხვაზეა აქვს პასუხი მისაღები და უამრავი ეჭვია გადასამოწმებელი, ძველაიების ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საგანგებოდ გამოყოფს გახსნილობასა და თანამშრომლობის სურვილს სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან:

”აი, პირველად ჩემს ცხოვრებაში გაიხსნა ეს სისტემა. გასაკვირია. ამბობენ, ძალიან მართლები ვართო, შეამოწმეთ ყველაფერიო, მოგცემთ ამ ფირებს, ჩაატარეთ ექსპერტიზა, რაც გინდათ გვკითხეთ, გიპასუხებთო... და უნდა ვიყო აბსოლუტურად არაობიექტური, რომ სხვანაირად ვთქვა. მე ხომ ადვოკატი ვარ და მისი ინტერესების დაცვის გარდა არაფერი მინდა“.

საექსპერტო პროცედურების განხორციელების გზაზე წინააღმდეგობებს ვერც ძველაიების მიერ მოწვეული სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იხსენებს და სასჯელაღსრულების სისტემის ღიაობას ისიც გაკვირვებული უსვამს ხაზს. რაც შეეხება ამ ეტაპისთვის არსებულ შედეგებს, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ”გარდაცვლილი პატიმრის სხეულზე უხეში დაზიანების კვალი არ აღინიშნებოდა”. უფრო კონკრეტული პასუხის გაცემას კი ექსპერტი შეძლებს მოგვიანებით, მასალების სრულად შესწავლის შემდეგ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG