Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების წინააღმდეგ დამატებით ძალას გამოიყენებენ?


ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულება
ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულება
კანონპროექტის ავტორი, სასჯელაღსრულების სამინისტრო, კატეგორიულად არ იზიარებს ოპონენტების მწვავე კრიტიკას პატიმრების წინააღმდეგ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის თაობაზე. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ჩამონათვალის გაფართოებით სოზარ სუბარის სამინისტრო პატიმრების დასამორჩილებლად ძალადობრივი ბერკეტების ამოქმედებას გეგმავს. შეესაბამება თუ არა ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენად დროული და საფუძვლიანია სახალხო დამცველის კრიტიკა?

პატიმრობის კოდექსის ცვილებების თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, პატიმრის წინააღმდეგ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, მაგალითად: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ კოდექსისთვის მომზადებული ცვლილებები ამ ჭრილში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, სასჯელაღსრულების სისტემა უკონტროლობის დამარცხებას ძალადობრივი ბერკეტებით ცდილობს:

”სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ისედაც აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მიაღწიოს ციხეებში დისციპლინას და კონტროლს. მაგრამ როდესაც შენ თვითონ ვერ აკონტროლებ ციხეს და ციხეს აკონტროლებენ კანონიერი ქურდები, - როგორც ეს არაერთგზის დადასტურდა ბოლო თვეების განმავლობაში, - ეტყობა, სულ უფრო და უფრო მიდრეკილი ხდები არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიმართ”.

შეიძლება ითქვას, რომ კანონიერ ქურდებსა და მაყურებლებთან დაკავშირებული ბრალდებები განსაკუთრებით აბრაზებს სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს და, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ქურდული ცხოვრების წესის საშუალებით ციხის მართვა და პატიმრების წამება წინა ხელისუფლების დანერგილი იყო, ახალმა ხელისუფლებამ კი ამ ყველაფერზე უარი თქვა და ევროპული სტანდარტებისკენ დაიწყო სვლა:

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი
”ევროპული ტიპის პენიტენციურ სისტემას სჭირდება ევროპული რეგულაციები და ამ რელსებზე გადავდივართ და რა არის აქ გასაკვირი, არ მესმის. რა, ჯობია, რომ კანონში ამაზე არაფერი ეწეროს?! ჯობია, რომ ადამიანი, რომელიც მიმართავს თვითდაზიანებას, მისი განეიტრალების საშუალება არ გვქონდეს, რომ თავი არ მოიკლას და გარშემომყოფებს არ შეუქმნას საფრთხე?! რეგულაციები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, მთლიანად ჯდება ევროპის ძალიან ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების რეგულაციებში და ეს ყველაფერი ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. კერძოდ, ეს არის ევროპის ციხის წესები და გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები პატიმართა მიმართ მოპყრობის შესახებ”.

თუმცა სასჯელაღსრულების მინისტრს მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები არ აკრიტიკებენ. ”ეს საკითხი იწვევს შეშფოთებას”, - ამბობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მედიასთან ის სადავო ცვლილებებს ჩამოთვლის და მეტ სიცხადეს ითხოვს:

”სამინისტრომ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ნამდვილად არის აუცილებლობა მსგავსი მეთოდების გამოყენების. სპეცსაშუალებების გამოყენება ზოგადად უნდა მოხდეს, მაგრამ რამდენად არის აუცილებელი თუნდაც წიწაკის გაზის გამოყენება, თუნდაც ზოგადად გაზის გამოყენება, ისევე როგორც, დავუშვათ, არალეტალურ იარაღთან დაკავშირებით, - უფრო მეტი, ზუსტი და კონკრეტული ჩანაწერი უნდა არსებობდეს კანონში”.

სასჯელაღსრულების სამინისტროს უკვირს, თუ რატომ აქამდე არაფერს ამბობდა სახალხო დამცველი და რატომ დაიწყეს ოპონენტებმა სპეციალურ საშუალებებზე საუბარი ახლა, მაშინ როცა კანონპროექტის პარლამენტში შეგზავნას წინ უძღოდა თითქმის ერთწლიანი განხილვის პროცესი. ამ პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იყო სახალხო დამცველის ოფისიც. მინისტრი სოზარ სუბარი თვლის, რომ განხილვის ვრცელი პროცესი სრულიად საჯაროდ წარიმართა:

”ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი იურისტები მუშაობდნენ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისის ექსპერტებთან ერთად. გასული წლის 22 თებერვლის შემდეგ პროექტი რამდენჯერმე იქნა გადაგზავნილი ყველა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მათგან მიღებული გვაქვს შენიშვნები და არც ერთი შენიშვნა ამ ჩამონათვალს არ შეხებია. როცა ყველა შენიშვნა მივიღეთ, 21 ნოემბერს ჩავატარეთ დიდი კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც... დეტალურად განვიხილეთ ყველა მუხლი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ გავიტანეთ მთავრობის განხილვაზე და მთავრობის მიერ მოწონების შემდეგ წავიდა პროექტი პარლამენტში”.
აუცილებლად უნდა დეტალურად გაიწეროს - ვინ იქნება უფლებამოსილი გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რა შემთხვევაში, რა ვითარებაში, რა ხანგრძლივობით, რა თანმიმდევრობით და ასე შემდეგ...
ცირა ჭანტურია

საპატიმროებში გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ჩამონათვალი, რომლის ნაწილიც ”პოლიციის შესახებ” კანონში მოყვანილ უფრო ვრცელ ჩამონათვალს შეესაბამება, კარგა ხანია ცნობილია, მაგალითად, კონსულტაციების პროცესში ჩართული ორგანიზაციის - ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” რეგიონალური დირექტორის ცირა ჭანტურიასთვის. როგორც მან 27 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლებას, თავისთავად, აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია და ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. თუმცა პროცესი შემდგომ ყურადღებასა და მონიტორინგს საჭიროებს:

”აუცილებლად უნდა დეტალურად გაიწეროს - ვინ იქნება უფლებამოსილი გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რა შემთხვევაში, რა ვითარებაში, რა ხანგრძლივობით, რა თანმიმდევრობით და ასე შემდეგ... ასევე სამინისტრომ აუცილებლად უნდა დანერგოს ტრენინგი და, შესაბამისად, უფლებამოსილი თანამშრომლები უნდა გადაამზადოს ამ სპეციალური საშუალებების მართლზომიერად გამოყენებაში - ძალიან დეტალურად გაწერილი გაიდლაინების მიხედვით”.

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საპატიმროებში სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები დეტალურად გაწერილი იქნება ნორმატიულ აქტებში, რომლებზეც ის ახლა მუშაობს. არასამთავრობო სექტორი მზად არის ამ წესების განსახილველად.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG