Accessibility links

პატიმრობის კოდექსში შესატანი ზოგიერთი ცვლილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, - ასეთია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. ყურადღება მახვილდება დისციპლინური სასჯელის ახალ ფორმებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების გამარტივებულ შესაძლებლობებზე. მანამდე პატიმრობის კოდექსის გამკაცრება მწვავედ გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც. რა პასუხი აქვთ კანონპროექტის ავტორებს კითხვაზე: მკაცრდება თუ არა ”პატიმრობის კოდექსი”?

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულს ადმინისტრაციული პატიმრობა დისციპლინური დარღვევის შემთხვევაშიც შეიძლება დაეკისროს. თუკი, მაგალითად, პატიმარი შინაგანაწესს დაარღვევს, შესაძლებელი გახდება, რომ ის 60 დღე-ღამის ვადით მოათავსონ კარცერში ანდა შეუზღუდონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაადგილების უფლება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ კანონი ამ მხრივ მეტისმეტად მკაცრდება და თუკი აქამდე ადმინისტრაციული პატიმრობა სასჯელაღსრულების სისტემაში უკიდურეს შემთხვევებში იყო დასაშვები, საკანონმდებლო ცვლილებები ამ სასჯელის გამოყენებას აადვილებს:

”ეს შეიძლება გამოიყენონ ძალიან მარტივი დარღვევებისთვისაც კი: თუნდაც, მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება წესრიგის დარღვევად ჩათვალოს, თუკი, მაგალითად, პატიმარი ხმამაღლა ილაპარაკებს ან ხმამაღლა გაიცინებს და სწორედ ამის გამო დააკისრონ მას ადმინისტრაციული პატიმრობა.”

თამარ ჩუგოშვილის ორგანიზაცია ასევე უკმაყოფილოა დისციპლინური სასჯელის ფორმებით, რომლებიც უკვე არსებულ ჩამონათვალს ემატება, ახალი კანონპროექტის მიხედვით. თუკი პატიმარმა შინაგანაწესი დაარღვია, მის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ: სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა, პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა და ფულადი გზავნილის უფლების შეზღუდვა. ეს ყველაფერი განსაზღვრულია არა უმეტეს 3 თვის ვადით, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში ვადებს მნიშვნელობა არა აქვს. საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ, მაგალითად, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის შეზღუდვამ ისედაც სარისკო გარემოში მყოფი პატიმარი შესაძლოა სრულ იზოლაციაში მოაქციოს:

”ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ პატიმარს არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ შესაძლოა ადვოკატთან დაკავშირების უფლებაც ჩამოერთვას. ეს კი სერიოზული პრობლემაა, რადგანაც შეიძლება, რომ ადამიანი გახდეს წამების ან არაადამიანური მოპყრობის სამიზნე და ამ დროს მან შეიძლება ვერ შეძლოს ვერც ოჯახთან და ვერც ადვოკატთან დაკავშირება, რომ ითხოვოს დახმარება.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ამგვარ შეფასებებს არ იზიარებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი ზვიად კუკავა. ის ამბობს, რომ დისციპლინური სასჯელის ახალი სახეები არავითარ შემთხვევაში არ მოაქცევენ პატიმარს იზოლაციაში, რადგანაც მას გარე სამყაროსთან კონტაქტი არ ეკრძალება:

”ეს არ ნიშნავს, რომ მას აეკრძალება ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოსთან, ნებისმიერ უფლებადამცველ ორგანოსთან, ნებისმიერ საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თუ ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ეს არის შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ხასიათის კორესპონდენციაზე. მაგალითად: თუკი შეყვარებული მისწერს რაღაცას, პატიმარი ვერ მიიღებს, ანდა თუ თითონ მისწერს შეყვარებულს, ის კონვერტი სამი თვე არ გაიგზავნება.”

ზვიად კუკავას მიერ ნახსენები სიტყვა ”პირადი” კორესპონდენციასთან მიმართებით მართლაც არის გამოკვეთილი ახალი კანონპროექტის ტექსტში, თუმცა ამ სიტყვას ვერ ვხვდებით სატელეფონო საუბრების შეზღუდვის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ზვიად კუკავა თვლის, რომ პატიმრის უფლებები არანაირად არ შეიზღუდება და მას იმის შესაძლებლობაც კი ექნება, რომ ადვოკატს დაუკავშირდეს ისეთი განყენებული ხასიათის საკითხებზეც კი, როგორიც არის, მაგალითად, ქონებრივი ტიპის დავა.

თუმცა პატიმართა უფლებების დარღვევის თემა უცხო არ არის, მაგალითად, ადვოკატებისთვის. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ცვლილებების პროექტში ასახულ და ჯერაც დაუკანონებელ სასჯელის ფორმებს მანამდეც მიმართავდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში. ადვოკატი ერთ კონკრეტულ ფაქტსაც იხსენებს:

”ზაფხულში პრობლემას წავაწყდი მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, დასჯის მიზნით, ადმინისტრაციამ რუდიკ ოვაკიმიანს აუკრძალა მაღაზიით სარგებლობის უფლება, საკვებსაც კი არ აწვდიდნენ და მას შეუწყვიტეს ახლობლებთან პაემნის უფლებაც.”

მსგავს უკანონო ფაქტებზე არაერთხელ უსაუბრია სახალხო დამცველსაც. 25 ოქტომბერს კი მან ”პატიმრობის კოდექსის” გამკაცრებაც გააპროტესტა. მართალია, გიორგი ტუღუში მიესალმება, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა წახალისების საშუალებებსაც, ”კერძოდ, პატიმრებისათვის, ერთის მაგივრად, წელიწადში ორ დამატებით ხანგრძლივ პაემანსა და თვეში ერთ დამატებით სატელეფონო საუბარს”, მაგრამ ის ”ერთმნიშვნელოვნად უარყოფით შეფასებას”აძლევს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია მსჯავრდებულთათვის ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა. აქვე ვთქვათ, რომ ეს უფლება, კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ეზღუდება.

”სამწუხაროდ, კანონპროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია არა პატიმართა მიმართ არსებული ნორმების ლიბერალიზაციისაკენ, არამედ გამკაცრებისაკენ”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 25 ოქტომბრის განცხადებაში.

თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს კანონპროექტის თანაავტორი ზვიად კუკავა, კანონი კი არ მკაცრდება, არამედ ცდილობს შექმნას პატიმრების დასჯისა და წახალისების ერთგვარი ბალანსი, რამაც პატიმრის გამოსწორებას უნდა შეუწყოს ხელი.

მთელი რიგი პრინციპულად განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ზვიად კუკავა არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტში გარკვეული კორექტივები მაინც შევიდეს.

პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები გათვალისწინებულია კანონპროექტში ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მეორე მოსმენა.
XS
SM
MD
LG