Accessibility links

პატრიარქი კირილე ამბობს, რომ სამხედრო კამპანია სირიაში აუცილებელია


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი (მარჯვნივ) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამართული წირვისას. 2016 წლის 7 იანვარი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი (მარჯვნივ) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამართული წირვისას. 2016 წლის 7 იანვარი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ „თავდაცვითი ომი“ უწოდა რუსეთის სამხედრო ავიაციის გამანადგურებელ იერიშებს სირიაში. ინტერვიუში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხით გადაიცა მართლმადიდებელთა ქრისტესშობის ღამეს, 7 იანვარს, მან თქვა, რომ რუსეთის სამხედრო კამპანია სირიაში „აუცილებელია“ და რომ ამით მოსკოვმა საკუთარი თავი უნდა დაიცვას „ტერორისტებისაგან“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა გაიხსენა ვოლგოგრადსა და ბესლანში მომხდარი ტერაქტები, ასევე სინის ნახევარკუნძულზე ჩამოგდებული რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი და აღნიშნა, რომ რუსეთი „საპასუხო თავდაცვით ზომებს ატარებს ტერორისტების წინააღმდეგ“, სირიაში რუსეთის საავიაციო კამპანიას კი პატრიარქმა კირილემ „სამართლიანი ომი“ უწოდა:

„ეს თავდაცვითი ომია. ეს ჯერ არც არის ომი, არამედ მხოლოდ ცალკეული წერტილოვანი ზემოქმედებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხალხი მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში და ვინაიდან ეს ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის სამართლიანია“.

რუსეთის პატრიარქი რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო. ნავთობზე საერთაშორისო ფასის დაცემას თან ახლავს რუსეთის ეროვნული ვალუტის - რუსული რუბლის -დევალვაცია; ამას ემატება აშშ-ისა და ევროპის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის კომპანიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დაწესებული სანქციები, რის გამოც ეკონომიკური სურათი კიდევ უფრო უარესდება.

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდეს“, ამბობს პატრიარქი კირილე, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური დარწმუნებულია, რომ დღესდღეობით ქვეყანაში არაფერი საგანგაშო არ ხდება:

„გულგატეხილობა სუსტი ნერვების მქონე, შინაგანად სუსტ და ცარიელ ადამიანებს ემართებათ. თუ თქვენ მთელ თქვენს კეთილდღეობას ფულს უკავშირებთ, თუ კეთილდღეობა არდადეგებზე გატარებული დროით და მატერიალური ცხოვრების პირობებით განისაზღვრება, მაშინ მოხმარების სულ მცირე შემცირებაც კი საშინელ ტრაგედიად მოგეჩვენებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი მაინდამაინც სიცოცხლისუნარიანი არ ყოფილა“.

პატრიარქი კირილე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ახლო მოკავშირეა და მკაცრად აკრიტიკებს ხოლმე პოლიტიკური ოპოზიციის პროტესტებს. რუსეთის პატრიარქი ილაშქრებს ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და ფემინისტების წინააღმდეგ, რომელთაც ორი წლის წინ კირილემ „ძალიან სახიფათო“ ფენომენი უწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG