Accessibility links

ავტორი მარი ცინდელიანი

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადამზადებას გაივლიან ახალი პროგრამით. ამასთან დაკავშირებით დღეს პოლიციის აკადემიაში იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. რას გულისხმობს ეს პროგრამა და რატომ გახდა საჭირო პოლიციის თანამშრომელთა გადამზადება?

პოლიციის აკადემიამ უკვე დაამტკიცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების ახალი პროგრამა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია. მისი თქმით, სასწავლო პროგრამა გადამუშავდა, სწავლის ხანგრძლივობა კი გაიზარდა:

“განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის თემატიკას; დეტალურად გაიწერა სწავლის შედეგები, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო იმიტირებული სცენებით სწავლებას... პოლიციაში მიღებისა და დაწინაურების მთავარი კრიტერიუმი იქნება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამისი კურსების წარმატებით გავლა”, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პოლიციის აკადემიის რექტორის, ნუკრი გელაშვილის განცხადებით, ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უკეთესად მომზადებულები იყვნენ და უკეთესად მოემსახურონ ხალხს:

“ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ეს ხალხი, ვინც ამ პროგრამას გაივლის, იყოს უფრო მეტად მომზადებული და უფრო კარგად მოემსახუროს საზოგადოებას; ჰქონდეს ცოდნა, შეიარაღებული იყოს ამ ცოდნით, რათა უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს ჩვენი საზოგადოების წევრებს”.

ნუკრი გელაშვილის თქმით, პროგრამის შემუშავებაში ჩართული იყვნენ ამ სფეროს სპეციალისტები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და ასევე, ამერიკელი ექსპერტები.
დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი


განახლებული პროგრამის წამოწყების აუცილებლობას არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი. მისი აზრით, ამ პროგრამის განხორციელებით არაფერი შეიცვლება:

“გადამზადების კურსები საკმაოდ საიმედო ხელში იყო, თავის დროზე ჯერ ხატია დეკანოიძის, მერე დათო აფრასიძის დროს და როგორღაც ამ ადამიანებს ესმოდათ, რას ნიშნავდა პატრულის თანამშრომლის მომზადება... აქაც სუნი უდის ნიშნის მოგებითა და ყველაფერ წარსულისთვის წყლის გადასხმის რაღაც სტილით მოქმედებას”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი:

პოლიციის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა 14 იანვარს დაიწყო და ათი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG