Accessibility links

logo-print

„უისლბლოუერის“ განზრახვა თუ პირადი მონაცემების ხელყოფა?


აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოჩანაწერებმა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაჩერებული მოქალაქე პატრულის თანამშრომელს და, კადრების თანახმად, ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს უკავშირდება. უნდა გამოქვეყნებულიყო თუ არა პატრულის ვიდეოკამერით გადაღებული კონფიდენციალური ჩანაწერი?

დაირღვა თუ არა იმ მოქალაქის პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უფლება, რომელმაც პატრულის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა? ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს როგორც ინტერნეტსივრცეში, ისე ტელევიზიით, ხმაური მოჰყვა. ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, პატრულის ვიდეოკამერით არის გადაღებული, ჩანს, თუ როგორ მოიხსენიებს მძღოლი უცენზურო სიტყვებით პატრულის თანამშრომელს, შემდეგ კი, მისივე სიტყვებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს, უკავშირდება, რის შემდეგაც მოქალაქეს პატრული ჯარიმის გამოუწერლად უშვებს, თავად პატრულის თანამშრომელს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოგვიანებით სამსახურიდან ათავისუფლებენ. საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული კადრები ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ წარუდგინა.

„ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ინსტიტუტების ნგრევა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია პოლიცია და ჩვენ ვნახეთ, როგორ ექცევიან მოქალაქეები პოლიციას. რაც მთავარია, დაბრუნდა შევარდნაძისდროინდელი პრაქტიკა, როდესაც მაღალჩინოსნები ან მათთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ადამიანები იყენებენ თავიანთ პირად კავშირებს იმისათვის, რომ თავი აარიდონ სასჯელს, როდესაც მათ ჩაიდინეს დანაშაული“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

პერონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება, თუ მას შესაბამისი საფუძველი და მიზანი არ გააჩნია, სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მონაცემები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხელში...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მიიჩნევს, რომ ვიდეოჩანაწერების გავრცელებით დაირღვა მოქალაქის პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უფლება. ნინო სარიშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს შსს-ს, რათა დადგინდეს, როგორ მოხდა ამ მონაცემების გამჟღავნება, ანუ გატანა სამინისტროს ფარგლებს გარეთ, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე აპარატს უწყებიდან ინფორმაცია არ მიუღია

„პერონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება, თუ მას შესაბამისი საფუძველი და მიზანი არ გააჩნია, სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მონაცემები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხელში. ყველა ორგანიზაცია, რომელსაც მსგავსი ტიპის ჩანაწერები აქვს და, ზოგადად, ადამიანების პერონალური მონაცემები გააჩნია, ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება და ის, რომ არ მოხდეს ამ მონაცემების მესამე პირის ხელში აღმოჩენა“, - ამბობს ნინო სარიშვილი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აუცილებლად მოითხოვს სამინისტროსგან შესაბამისი განმარტებების გაკეთებას და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა რეაგირება მოჰყვა სამინისტროს მხრიდან...

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შსს-ს თანამშრომლის კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერების გავრცელება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევს. ირღვევა ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი და შსს-ს სპეციალური დებულება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. თამარ გვარამაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიებისა და შესწავლის საგნად უნდა იქცეს ის ფაქტი, თუ ვინ გაიტანა ვიდეოკადრები შსს-ს გარეთ და როგორ მოხვდა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში. უნდა ითქვას, რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირება. შეგახსენებთ, სწორედ მან გაავრცელა 27 იანვარს პატრულის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. მომდევნო დღეს კი, 28 იანვარს, მან კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გახადა საჯარო. ამჯერად ინციდენტში მონაწილე პირია შსს-ს სტრუქტურის მაღალჩინოსანი. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, მოგვიანებით პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინც ის მანქანა გააჩერა, რომელშიც შსს-ს მაღალჩინოსანი იჯდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საიას აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, მართლა მოჰყვა თუ არა აღნიშნულ ინციდენტებს პატრულის თანამშრომლების გათავისუფლება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აუცილებლად მოითხოვს სამინისტროსგან შესაბამისი განმარტებების გაკეთებას და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა რეაგირება მოჰყვა სამინისტროს მხრიდან, მართლა გაათავისუფლეს თუ არა ადამიანები სამსახურებიდან და რა საფუძვლით“, - ამბობს თამარ გვარამაძე.

28 იანვარს, დღის ბოლოს, შს სამინისტრო გამოეხმაურა ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს. უწყების განცხადების თანახმად, გენერალური ინსპექცია შეიწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან. ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირებთან.

ე.წ. „უისლბლოუერი“ - ადამიანი, რომელიც ამხელს სისტემის შიგნით არსებულ ხარვეზებს - სწორედ ასე მოიხსენიებს იურისტი ბაია პატარაია იმ ადამიანს, რომელმაც ვიდეოჩანაწერები შსს-ს კედლებს გარეთ გაიტანა. ის მიიჩნევს, რომ, მიუხედავად სამართლებრივი თვალსაზრისით შექმნილი პრობლემებისა, ვიდეოკადრები, რომლებიც 27 და 28 იანვარს გავრცელდა, საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაკეთებული ჩანაწერები, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიან-მამხილებელს ჩანაწერები გამოაქვს სააშკარაოზე, რათა აჩვენოს, რომ რიგი მოქალაქეები და რიგი თანამდებობის პირები არღვევენ კანონს:

„’უისლბლოუერები’, ანუ მამხილებელი ადამიანები, დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ხშირად ისეთი პრობლემები გამოაქვთ საჯაროდ, რომელთა შესახებაც ჩვენ სხვანაირად ვერ გავიგებდით. ეს არის რისკი, რომელსაც ეს ადამიანი იღებს. მან იცის, რომ ამის გამო პასუხს აგებინებენ, მაგრამ ამას აკეთებს უფრო მაღალი ღირებულებების გამო“, - ამბობს ბაია პატარაია.

XS
SM
MD
LG