Accessibility links

სულ ცოტა ხნის წინ ქართულ საგამომცემლო საქმეში ერთი უპრეცედენტო ამბავი მოხდა: პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულად თარგმნილი წიგნი უფრო ადრე გამოვიდა, ვიდრე დედანი, საიდანაც წიგნი ითარგმნა. თანამედროვეობის ორი გამორჩეული რომანისტის, პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს 2008–2011 წლების მიმოწერის გამოცემის თარიღად ოფიციალურად 2013 წლის 7 მარტი იყო გამოცხადებული, 5 მარტს კი მე ამ წიგნის ნახევარი უკვე წაკითხული მქონდა ქართულად. დაუჯერებელია, არა? თუმცა ფაქტია, რომ ქართულმა თარგმანმა ერთი თვით დაასწრო ინგლისურენოვან გამოცემას და ჩვენი მკითხველისთვის აქამდე ძნელად წარმოსადგენი, ღიმილის მომგვრელი ფუფუნება შექმნა გამომცემლობა „დიოგენემ“.

თავად მიმოწერა ნამდვილად საგანცხრომო საკითხავია ლიტერატურის მოყვარულებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მეტნაკლებად იცნობს ამ ორი მწერლის შემოქმედებას. ვისაც მათი ურიცხვი ესეებიდან რამდენიმე მაინც წაუკითხავს, ბევრ ნაცნობ თემასაც აღმოაჩენს, თუმცა ეს მიმოწერა მაინც განსაკუთრებულად გულახდილი გამოვიდა. ასეთ აღსარებებს ვერ ნახავთ მათ ესეებში. აქ ორი ჭკვიანი და მგრძნობიარე მამაკაცი ერთმანეთს უზიარებს თავის აზრებს და განცდებს. ხანდახან არტისტულები არიან, ზოგჯერ კი წრფელი უიმედობის გამო იღებენ ხელში კალამს, ერთმანეთს ამხნევებენ და ცდილობენ ყველაზე მთავარზეც თქვან რაღაც-რაღაცები.

2005 წელს სემუელ ბეკეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოთხტომეულისათვის ოსტერმა კუტზეეს წინასიტყვაობის დაწერა სთხოვა. მოგვიანებით, 2008 წელს, მათი პირველი შეხვედრაც შედგა, სულ მალე კი ჯონმა პოლს ერთობლივი წიგნის იდეა შესთავაზა, შემდეგ ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს, სისხლის შერევის რიტუალიც ახსენეს და სამწლიანი მიმოწერა დაიწყეს.
იდეა ეკუთვნოდა გამომცემლობას, პროექტის ხელმძღვანელს, და ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგად მოიფიქრა, რომ ორი პარტია გამოიყო და ითარგმნა ისე, როგორც ხდებოდა მიწერ-მოწერა - არც ძალიან დაჩქარებული ტემპით, სხვათა შორის...


ამ წიგნში კარგად ჩანს განსხვავება ამ ორ მწერალს შორის და ეს განსხვავება ქართველმა გამომცემლებმა კიდევ უფრო გააღრმავეს: ოსტერის წერილები ქეთი ქანთარიას ათარგმნინეს, კუტზეესი კი - ირმა ტაველიძეს. ქეთი ქანთარია, როგორც ჩანს, სწორედ ამ იდეამ მოხიბლა და, სხვა წიგნზე მუშაობის პარალელურად, ამასაც ჩაუჯდა:

„კარგი იდეა იყო, მაგრამ ჩემი იდეა არ იყო. სხვათ აშორის, მე ვიყავი მომხრე, რომ ვიღაცებს ეთარგმნათ ეს წიგნი, იმიტომ რომ ამავე დროს ფილიპ როტს ვთარგმნიდი, „პორტნოის სინდრომს“, და მეგონა, რომ ხელს შეუშლიდნენ ეს წიგნები ერთმანეთს და მართლა ასე მოხდა. ხანდახან მეშლებოდა, როდესაც რომელიღაცა ჰყვებოდა თავის მამაზე, უცებ მავიწყდებოდა, პორტნოის მამაზე იყო ლაპარაკი თუ ოსტერის მამაზე. იყო ასეთი მომენტიც... იდეა ეკუთვნოდა გამომცემლობას, პროექტის ხელმძღვანელს, და ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგად მოიფიქრა, რომ ორი პარტია გამოიყო და ითარგმნა ისე, როგორც ხდებოდა მიწერ-მოწერა - არც ძალიან დაჩქარებული ტემპით, სხვათა შორის".

კარგია, როდესაც ასეთი არჩევანისას ორივე მთარგმნელი კმაყოფილია თავისი ბედით:

„მე ასე მგონია და ჩემთვის, როგორც ლიტერატურული ფიგურა, როგორც პერსონაჟი, ოსტერი უფრო მიმზიდველია და ვთვლი, რომ, ჩემს გარდა, ბევრისთვის უფრო მიმზიდველია. უფრო რაღაცნაირ თბილ და მსუბუქ, სასიამოვნო მისტერიულ ამბავშია გახვეული და უფრო ადვილად შედიხარ მის როლში. მართლა ასე იყო, მე და ირმა ზიგზაგად ვთარგმნიდით. მე ვთარგმნიდი, ვუგზავნიდი ერთ წერილს, ირმა მპასუხობდა, ანუ რაღაცა როლების გათავისება, ასე თუ ისე, ვეცადეთ, რომ ყოფილიყო“.
წიგნი მოსაწყენი არ იყო, პირიქით. ყველაზე მეტად ნელი, თანდათანობითი და ტკივილიანი გარდასახვისთვის თვალის მიდევნებამ ამაღელვა – იმან, თუ როგორ იქცა ქედმაღალი მეტიჩარა ღრმად მოაზროვნე ადამიანად...


მართალია, ირმა ტაველიძე ვერ მოვიწვიე გადაცემაში და მისი აზრი ვერ მოვისმინე, მაგრამ იმედი მაქვს, ირმაც თავისებურად ახსნიდა თავისი მწერლის მიმზიდველობის საიდუმლოს. მოკლედ, ამ ორი მთარგმნელის აპოლოგიები მომავლისთვის შემოვინახოთ, - იმედია, მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, - მანამდე კი, თავად მწერლების გამონათქვამებზე დაყრდნობით, ორი სიტყვით შევაფასებ მათ. პოლ ოსტერი უფრო მარტივად აყალიბებს სათქმელს, კუტზეე კი შედარებით მძიმეა; ოსტერის წერილებში მეტი იუმორი და ირონიაა, კუტზეესთან – ეჭვი; ოსტერი ერთი ორგან იტყუება კიდეც, - ეს აშკარად ჩანს, - კუტზეე კი, ვინ იცის, შეიძლება, უბრალოდ, კარგად ასრულებს თავის როლს. ოსტერი ნაკლებად წონის თავის სიტყვებს, ცოტათი ქარაფშუტაც კია, კუტზეე კი უფრო დაკვირვებულია და დაძაბული.

შეიძლება ბევრი შემომედავოს, მაგრამ ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთია.

ზემოთ ბეკეტი ვახსენე და უნდა ვთქვა, რომ ამ წიგნში სემუელ ბეკეტის აჩრდილი ყველა სხვა ლიტერატურულ აჩრდილს შორის ყველაზე ხშირად გამოდის სცენაზე, ამ წიგნში ბეკეტის აჩრდილი ყველაზე ძლიერია... ალბათ, მეც ნაწილობრივ ამან მომაჯადოვა. აქ ხშირად გაიელვებს ბეკეტი – ბიოგრაფიული ცნობები, შემოქმედება, მინიშნებები, ორივე მწერალი მისი „პირქუში ხიბლითაა მონუსხული“ (ოსტერის ფორმულაა). 88-ე გვერდზე კი პოლ ოსტერი ბეკეტის წერილების შესახებ ასეთ რამეს ამბობს: „წიგნი მოსაწყენი არ იყო, პირიქით. ყველაზე მეტად ნელი, თანდათანობითი და ტკივილიანი გარდასახვისთვის თვალის მიდევნებამ ამაღელვა – იმან, თუ როგორ იქცა ქედმაღალი მეტიჩარა ღრმად მოაზროვნე ადამიანად“.

ოსტერი და კუტზეე ძალიან ბევრს წერენ სპორტზე. ეს კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც ამ წიგნმა მომნუსხა. აქ სპორტის გულშემატკივრების სინანულსაც შეხვდებით და აღტაცებასაც. ასე მეგონა ჩემს საკუთარ ნაწერს და ნაფიქრს ვკითხულობდი, იმდენად ახლობელი იყო მათი ნააზრევი ჩემთვის. ამ წიგნის სპორტული გადახრების შესახებ ცალკე წერილი შეიძლება დაიწეროს. სწორედ ამიტომაც, სპორტის გულშემატკივრებს ვურჩევ ჩაუღრმავდნენ ამ ორი ჩხირკედელა ფანატიკოსის ნააზრევს. ისინი უყურებენ კრიკეტს, რაგბის, ფეხბურთს, ჩოგბურთს, უყურებენ საათობით, კარგავენ დროს, საქმეს ივიწყებენ, საკითხავს და საწერს გვერდზე გადადებენ მხოლოდ ერთი რამის გულისთვის: ისინი ამ სპორტში ჰეროიზმის, სულგრძელობის მომენტებს ეძებენ, თუმცა ამ ეთიკური საფუძვლების გარდა ესთეტიკაზეც ბევრს ფიქრობენ ეს ჭკვიანი ბიძები. სხვათა შორის, ამ სპორტული პასაჟების კითხვას და გააზრებას ერთი დაუვიწყარი შაბათი დაემთხვა: ზუსტად რვა დღის წინ 6 ერის თასზე რაგბიში ყველაზე ფეიერვერკული თამაში ვნახეთ, სადაც უელსმა წარმოუდგენელი თამაში აჩვენა, ამაყი და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ინგლისი მიწასთან გაასწორა და ხელიდან გამოსტაცა თასი.

მთარგმნელს, ქეთი ქანთარიას, ისიც ვკითხე, რა იყო მთავარი მისთვის ამ წიგნში, რაზეც მან ასე მიპასუხა:

„ძალიან საინტერესო და ღრმა იდეები შეიძლება გამოითქვას ძალიან ლაკონიურად და ადამიანურად, სითბოთიც, ისე, რომ ამ რაღაცა მკითხველის ნაცრისფერ დღეებში შემოდის ძალიან ძალდაუტანებლად, სასიამოვნოდ და ასე მგონია, რომ ძალიან კარგ დანალექს დატოვებს. ორი ჭკვიანი ადამიანის უპრეტენზიო, სასიამოვნო და მეგობრული მიმოწერაა. ესეც, ეტყობა, მონატრებული გვაქვს, ასეთი სულიერი მეგობრობის ფენომენი. 21-ე საუკუნეა და ასეთი მიწერ-მოწერა უკვე დიდი ხნის მონატრებული გვაქვს“.

ბოლოს, მკითხველს მინდა შევახსენო, რომ გასულ წელს ასევე „დიოგენემ“ გამოსცა გია ბერაძის მიერ თარგმნილი ჯონ კუტზეეს ყველაზე ცნობილი რომანი - „სირცხვილი“. ცნობილის გარდა, ეს მაგარი რომანიცაა.
XS
SM
MD
LG