Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ მაკკარტნი - 70


მიმდინარე კვირაში - 18 ივნისს - პოპულარული კულტურის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფის, „ბიტლსის“ ყოფილ წევრს, პოლ მაკკარტნის, 70 წელი შეუსრულდა.

იუბილე პოლ მაკკარტნიმ გრანდიოზული კონცერტებით დატვირთულ პერიოდში იზეიმა. ერთ დროს კონტრკულტურის წარმომადგენელი, მარიხუანის მომხმარებელი მეამბოხე დღეს „სერ პოლია“ - ბრიტანეთის კულტურული ისტებლიშმენტის საპატიო წევრი. მიმდინარე თვეში სწორედ მაკკარტნის ერგო პატივი დაეხურა კონცერტი, რომლითაც აღნიშნავდნენ დედოფალ ელისაბედ მეორის „ბრილიანტის იუბილეს“ - ტახტზე მისი ასვლის მესამოცე წლისთავს. მუსიკოსმა იმღერა ცნობილი ჰიტების მიქსი, მათ შორის, სიმღერა „All My Loving” – „ბიტლსის“ ერთ-ერთი ადრეული ჰიტი.
ლონდონი, 1997 წლის 11 მარტი. პოლ მაკკარტნი ჟურნალისტებს უჩვენებს მედალს, რომელიც დედოფლისგან მიიღო რაინდად კურთხევის ცერემონიაზე.
ლონდონი, 1997 წლის 11 მარტი. პოლ მაკკარტნი ჟურნალისტებს უჩვენებს მედალს, რომელიც დედოფლისგან მიიღო რაინდად კურთხევის ცერემონიაზე.

ახლა კი მაკკარტნი 27 ივლისისთვის ემზადება - ლონდონში ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გამართულ საზეიმო კონცერტს სწორედ ის დახურავს. კონცერტს, როგორც ვარაუდობენ, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი მაყურებელი ეყოლება.

მსოფლიო პოპულარობა მაკკარტნის ჯგუფ „ბიტლსის“ წევრობამ მოუტანა - ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტართან ერთად. თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში მაკკარტნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპოზიტორად მიიჩნევენ - შესაძლოა, ყველაზე წარმატებულადაც კი, განსაკუთრებით, ჯონ ლენონთან ტანდემში. მაკკარტნის მიერ დაწერილ, დღეს უკვე პოპის კლასიკად ქცეულ რამდენიმე ათეულ სიმღერას შორის არის „Yesterday”, “Eleanor Rigby”, «Let It Be”, „Hey Jude” და “Penny Lane”.

„ბიტლსის“ დაშლის შემდეგ, 1970-იანებში, მუსიკოსმა წარმატებული სოლოპროექტები განახორციელა და პირველ ცოლთან, ლინდა ისტმანთან ერთად ჯგუფი „უინგსი“ ჩამოაყალიბა.

მუსიკის გარდა, სერ პოლი აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. ის ვეგეტარიანელია და ენთუზიაზმით აპროტესტებს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას.

ბრიტანელებისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფიგურაა. როგორც მისი 70-ე იუბილესადმი მიძღვნილ სარედაქციო წერილში „გარდიანმა“ დაწერა, მაკკარტნი სიმბოლოა ღარიბ ლივერპულელთა ოჯახში დაბადებული ბიჭისა,
ნიუ იორკი, 2009 წლის 3 აპრილი. პოლ მაკკარტნი და ლეგენდარული "ბიტლსის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი პრესკონფერენციაზე.
ნიუ იორკი, 2009 წლის 3 აპრილი. პოლ მაკკარტნი და ლეგენდარული "ბიტლსის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი პრესკონფერენციაზე.
რომელმაც თავის დამკვიდრება შეძლო მდიდარი და გაპრანჭული ლონდონელი ბიჭების ქვეყანაში. ზოგჯერ ის ჯონ ლენონის ჩრდილში ექცეოდა, - ლენონი მასზე უფრო პროვოკაციული, უფრო პოლიტიკური და უფრო მეამბოხე იყო, - მაგრამ ბრიტანეთის და, ფაქტობრივად, მთელი დასავლეთის კულტურულ რევოლუციას სათავეში ლენონი და მაკკარტნი ერთად ედგნენ.

„[დედოფლის] საიუბილეო კონცერტზე მისმა ხილვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მაკკარტნიც ეროვნული მნიშვნელობის ფიგურაა“ - წერდა „გარდიანი“ მუსიკოსის დაბადების დღეს გამოსულ ნომერში და დასძენდა, დედოფალი თუ ბრიტანეთის ერთ სახეს გამოხატავს, მაკკარტნი სხვა ბრიტანეთის განსხეულებაა - თანასწორობაზე ორიენტირებული ბრიტანეთის და იმ სოციალური და დემოკრატიული ოპტიმიზმის, რომლითაც 1960-იანი წლები იყო დამუხტულიო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG