Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პეიპალმა“ საქართველო აღიარა


პეიპალის ვებსაიტი
პეიპალის ვებსაიტი
ინტერნეტის ყველაზე ცნობილი საგადამხდელო სისტემა „პეიპალით“ (paypal.com) სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ახლა უკვე ლეგალურად შეძლებენ. დღემდე ონლაინვაჭრობის მოყვარული ბევრი ქართველი „პეიპალის“ ვებსაიტზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდა, მცირე ნაწილი კი უკრაინის, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქის მონაცემებს იყენებდა არალეგალურად. უამრავ ინტერნეტმაღაზიაში „პეიპალი“ ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა.

11 აპრილს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის „პეიპალის“ ვებსაიტზე საქართველოს დროშის გამოჩენა საგანგებოდ აღნიშნეს როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე ონლაინშოპინგის მოყვარულებმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო 110-ე ქვეყანაა, რომელიც „პეიპალს“ შეუერთდა:

"ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველო კომპანია PayPal-ის ინტერნეტსისტემას მიუერთდა და დღეიდან ჩვენს ყველა მოქალაქეს შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ათასობით ელექტრონულ მაღაზიაში სასურველი პროდუქტი შეიძინოს“.

დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილს არ დაუკონკრეტებია მიზეზი, რის გამოც „პეიპალი“ დღემდე მიუწვდომელი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. არადა, 2007 წლიდან ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იყო მეზობელი სახელმწიფოდან. მიუხედავად საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში საქართველოს წარმატებისა, „პეიპალი“ თავს იკავებდა ქართველი მომხმარებლების მომსახურებაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების მიერ ორიოდე თვის წინ დასმულ კითხვას კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა წერილობითი ფორმით უპასუხა:

"ჩვენი სერვისის დამკვიდრება ყოველ ახალ ქვეყანაში რეგულაციების კომპლექსურ ცვლილებას მოითხოვს იმის გამო, რომ წესები და შეზღუდვები თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენი საერთაშორისო ჯგუფი მუშაობს, რომ „პეიპალის“ სერვისი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი“.
"იბეიზე" იყიდებოდა კარგი "ნაუშნიკები" ფასდაკლებით. ფასდაკლებამ მძლია და ყიდვის სურვილი გამიჩინა, მაგრამ „პეიპალის“ არარსებობამ შემიშალა ხელი...
გიორგი პერანიძე

ქართული მხარე მაშინაც და ახლაც აღნიშნავს, რომ „პეიპალის“ საქართველოში შემოსვლას ხელს არაფერი უშლიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრობლემას ქმნიდა თავად „პეიპალის“ მენეჯმენტი, რომელიც 2007 წლის შემდეგ გაფართოებას ერიდებოდა, „პეიპალის“ რეგისტრაციის უქონლობა კი ბევრ ინტერნეტმომხმარებელს აფერხებდა. მათ შორის იყო 22 წლის გიორგი პერანიძე, რომელსაც რადიო თავისუფლების მედიასკოლის სტუდენტი ქეთი მაჭავარიანი გაესაუბრა:

„ერთი კვირის წინ იყო, მე მგონი, "იბეიზე" იყიდებოდა კარგი "ნაუშნიკები" ფასდაკლებით. ფასდაკლებამ მძლია და ყიდვის სურვილი გამიჩინა, მაგრამ „პეიპალის“ არარსებობამ შემიშალა ხელი. ასევე ხშირად არის, ვთქვათ, ნახმარი წიგნების ან თამაშების ყიდვის მომენტში. ვიკიპედიაზე ვცადე მაშინ დონეითი გამეკეთებინა, მაგრამ ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ „პეიპალი“ სჭირდებოდათ“.

გიორგი პერანიძემ ცნობილ ინტერნეტაუქციონ "იბეიზე" შექმნილი პრობლემა ახსენა, რომელიც მის გარდა ბევრ სხვა მომხმარებელსაც აწუხებდა. ამ ყველაზე დიდ ინტერნეტაუქციონზე თანხის გადახდა მხოლოდ „პეიპალის“ მეშვეობით ხდება. ახლა ეს პრობლემა დავიწყებას ეძლევა. ვიზა მასტერკარდის ან ამერიკან ექსპრესის პლასტიკური ბარათის მფლობელებს თავისუფლად შეუძლითა „პეიპალზე“ დარეგისტრირდნენ და ონლაინაუქციონებზე ან მაღაზიებში სასურველი პროდუქტი შეიძინონ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია „პეიპალით“ გადახდის სერვისი. სხვა მომსახურება - მათ შორის, თანხის მიღება - ჯერ ისევ შეუძლებელია. ამ პრობლემის შესახებ 21 წლის კოტე საუბრობს, რომელიც სამხატვრო აკადემიაში დიზაინერის სპეციალობას ეუფლება:

„3-4 თვის წინ იყო, “99designs.com-ზე” რაღაც შეკვეთა გავაკეთე. დიზაინი და დაახლოებით 350 დოლარი ანაზღაურება უნდა მიმეღო. მოკლედ, ბიძაჩემი რომ არ ყოფილიყო ინგლისში და ბიძაჩემის „პეიპალით“ არ მესარგებლა, ფაქტობრივად, თანხას ვერ მივიღებდი, საერთოდ“.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე
„პეიპალის“ მეშვეობით შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოს მიღება, ინტერნეტაუქციონებზე საკუთარი პროდუქციის გაყიდვა თუ საკუთარი ინტერნეტმაღაზიის მოწყობა ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი, - ირწმუნებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სწორედ მისი უწყება აწარმოებდა აქტიურ მოლაპარაკებას „პეიპალთან“ - ელექტრონული სისტემების განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს:

"ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მოქნილები ვიყოთ და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით წავიდეთ. „პეიპალში“ გავწევრიანდით როგორც იქნა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ელექტრონული საგადახდო საშუალება. გაყიდვის, "მერჩანტ ექაუნტის" გახსნაა შემდეგი ეტაპი".

ბოლო წლებია საქართველოში აქტიურად ვითარდება ინტერნეტვაჭრობის სეგმენტი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელს თითქმის გასამმაგდა ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები. ვარაუდობენ, რომ „პეიპალის“ მიერ საქართველოს აღიარების შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
XS
SM
MD
LG