Accessibility links

logo-print

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ორგანოსთან პედაგოგთა საპროტესტო აქციები იგეგმება. ისინი მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პედაგოგთა საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით და, ისიც, 2015 წლის სექტემბრიდან. რას ითხოვენ პედაგოგები და რა კრიტერიუმებით იგეგმება მათთვის ხელფასების მომატება?

მაია დაწყებითი კლასების პედაგოგია. მერვე წელია თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ასწავლის და, როგორც მეუბნება, ამ საქმისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, თუმცა იმაზე წუხს, რომ დღეს საქართველოში პედაგოგის პროფესია სათანადოდ არ არის დაფასებული და ის ანაზღაურება, რომელსაც პედაგოგები გაწეული შრომისთვის იღებენ, მისი სიტყვებით, მინიმუმზე მინიმუმია. მაიამ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან პედაგოგების ხელფასი 50 ლარით უნდა გაიზარდოს. მთავრობის ამ ინიციატივაზე მაიას ასეთი რეაქცია აქვს:

„განათლებასა და ჯანდაცვაზე დგას ქვეყანა. ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამ ორ სფეროს უნდა დაეთმოს. ეს 50-ლარიანი მატება დაცინვაა მასწავლებლებისთვის, რადგან თუ თვითონ ვერ აცნობიერებენ, იქნებ მოვიდნენ ჩვენამდე, ნახონ ის შრომა, რა შრომასაც ჩვენ ვეწევით, რა შრომასაც მოითხოვს მასწავლებლისგან მომავალი თაობის აღზრდა, მათთვის ცოდნის მიცემა. ამიტომ ეს 50 ლარი უმჯობესია არ მოგვცენ, რადგან ისედაც დამცირებულები ვართ მასწავლებლები“.

საბაზო ხელფასის ზრდა უნდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან და საბაზო ხელფასი გაიზარდოს ყველა პედაგოგისთვის სამი წლის განმავლობაში და გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად უნდა დაწესდეს შემდეგ კატეგორიებს შორის განსხვავებები...

უახლოეს დღეებში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საჯარო სკოლების პედაგოგთა საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის მიზეზი კი მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან, ანუ ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, ყველა კატეგორიის პედაგოგთა საბაზო ხელფასი იზრდება 50 ლარით, თუმცა გარკვეული კატეგორიის პედაგოგებისათვის ხელფასების მატება განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის - ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" - მოთხოვნების მიხედვით, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც, როგორც პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე განმარტავს, ჯერ არ დამტკიცებულა. ის პედაგოგთა ხელფასების გაზრდას კატეგორიების მიხედვით, ასე უყურებს:

„საბაზო ხელფასის ზრდა უნდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან და საბაზო ხელფასი გაიზარდოს ყველა პედაგოგისთვის სამი წლის განმავლობაში და გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად უნდა დაწესდეს შემდეგ კატეგორიებს შორის განსხვავებები - სწორედ ის რანჟირებული შრომის ანაზღაურება, რომელზეც ლაპარაკობს განათლების სამინისტრო“.

თავისთავად ხელისუფლების ინიციატივას პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე მაია კობახიძე მიესალმება, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ იზრდება პედაგოგის საბაზო ხელფასი სიმბოლურად, მხოლოდ 50 ლარით, და, ისიც, მომდევნო სასწავლო წლის 1 სექტემბრიდან:

„ჩვენი მოთხოვნაა საბაზო ხელფასი გაიზარდოს პირველ ეტაპზე მინიმუმ 70 ლარით 2015 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან საბიუჯეტო წელი იწყება პირველი იანვრიდან. და ვითვალისწინებთ ასევე როგორც სახელმწიფოს მდგომარეობას, შესაძლებლობებს ბიუჯეტის, ასევე უფრო მეტად გასათვალისწინებელია პედაგოგების მძიმე სოციალური მდგომარეობა“.

ხელფასები იქნება რანჟირებული. გარკვეული მატება იქნება საბაზო ხელფასშიც, მაგრამ, ძირითადად, მატება განისაზღვრება რანჟირებულად, კატეგორიების მიხედვით. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება იმ დამატებითი რესურსის შესახებ, რომელიც მიემართება მასწავლებლის ხელფასში...

პედაგოგის საშუალო ხელფასი დღეს 300-330 ლარს შეადგენს. პედაგოგთა პროფკავშირი ითხოვს, რომ მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლოესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს - 700-800 ლარს.

ამ ფონზე უნდა გავიხსენოთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის 13 ოქტომბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, პედაგოგთა ხელფასების ზრდა რანჟირებულად, კატეგორიების მიხედვით, სწორედ 2015 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და 2017 წელს დასრულებულიყო. ის მაშინ ლაპარაკობდა სწორედ იმ პროექტზე, რომელიც ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას" მოიცავს.

"ხელფასები იქნება რანჟირებული. გარკვეული მატება იქნება საბაზო ხელფასშიც, მაგრამ, ძირითადად, მატება განისაზღვრება რანჟირებულად, კატეგორიების მიხედვით. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება იმ დამატებითი რესურსის შესახებ, რომელიც მიემართება მასწავლებლის ხელფასში. როგორც კი დასრულდება კანონპროექტზე მსჯელობა და კანონში განისაზღვრება ცვლილებები, ჩვენ შევძლებთ ერთდროულად დავიწყოთ 2015 წელს სქემის ამოქმედება და დანერგვა და განვახორციელოთ ის სახელფასო ცვლილებები, რომელსაც სქემის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ", - განაცხადა ოქტომბრის შუა რიცხვებში თამარ სანიკიძემ.

6 ნოემბერს შედგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძისა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელ მაია კობახიძის შეხვედრა. მათ პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დეტალები, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს გახდება ცნობილი. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ნატა ასათიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, ორშაბათს მინისტრი პედაგოგებს შეხვდება და სწორედ მას შემდეგ გაკეთდება კონკრეტული კომენტარებიც.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარით იზრდება, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა მომდევნო კვირას იგეგმება. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებით, პედაგოგთა საპროტესტო აქციებიც სწორედ ბიუჯეტის განხილვის პარალელურად გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG