Accessibility links

11 იანვრიდან პედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. რეგისტრაცია ზამთრის სესიისათვის 10 000-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში და ყველა კლასის პედაგოგისთვის ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში - ექნებათ. რას მოუტანს პედაგოგებს წარმატებით ჩაბარებული გამოცდები?

ეს არის პირველი საგნობრივი გამოცდა პედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველებისათვის მას შემდეგ, რაც 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის საპილოტე პროგრამა. პროგრამა მოიცავს პედაგოგების ოთხ კატეგორიად - პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად - დაყოფას. რეგისტრაცია ზამთრის საგამოცდო სესიისათვის 10 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, გამოცდები კი თბილისსა და ქუთაისში გახსნილ რამდენიმე საგამოცდო ცენტრში სამ დღეს გასტანს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო დოლიძე განმარტავს, 11 იანვარს დაწყებული სამდღიანი საგამოცდო პროცესი იქნება ერთ-ერთი საფეხური უფროსი პედაგოგის კატეგორიის მოსაპოვებლად, ამისათვის კი გამოცდების მონაწილეებმა ასქულიანი ტესტიდან 60%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ:

„იმისათვის, რომ პედაგოგმა დაადასტუროს თავისი კომპეტენცია, საგნობრივი და მეთოდური ცოდნა, მნიშვნელოვანია მან ჩააბაროს გამოცდა. სახელმწიფო უყენებს მათ გარკვეულ სტანდარტს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს იმისათვის, რომ გადასცეს ცოდნა მოსწავლეებს. სწორედ ამის შემოწმებას ისახავს მიზნად საგნობრივი გამოცდები. მას შემდეგ, რაც პედაგოგები საგნობრივ გამოცდებს და, გარდა ამისა, გარკვეულ კრედიტებს დააგროვებენ სხვადასხვა აქტივობების ხარჯზე, ისინი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადაინაცვლებენ“.

მანანა რატიანი

მანანა რატიანი

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, რომელიც გასულ წელს 11-კაციანმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მხოლოდ ერთხელ უწევს, თუმცა მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პედაგოგმა ერთი საფეხურით ზევით გადაინაცვლოს და, შესაბამისად, მისი ანაზღაურებაც გაიზარდოს. ახალი სქემა განსაზღვრავს მთელ რიგ აუცილებელ კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებს, რომლებიც პედაგოგმა კარიერული წინსვლისთვის სწავლების პროცესში უნდა განახორციელოს. სწორედ ამ კრედიტ-ქულების დაგროვების მექანიზმზე ესაუბრება რადიო თავისუფლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანი. მისი თქმით, ამ აქტივობებისა და უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება პედაგოგებს პროფესიული განვითარების ცენტრი. მათ შორის უმნიშვნელოვანესია პედაგოგების სასწავლო რესურსებით მომარაგება:

„გამოვცემთ სასწავლო რესურსებსა და იმ სტანდარტიზებულ რუბრიკებს, რომლითაც მასწავლებელი ფასდება. უკვე არსებობს იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც მასწავლებელმა უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ კრედიტ-ქულები მოიპოვოს. მან იცის ვადების შესახებ. მან იცის, იმის მიხედვით, თუ რომელი სტატუსი აქვს, რა აქტივობები უნდა განახორციელოს. ეს აქტივობები დეტალურადაა გაწერილი გზამკვლევში, რომლის მეორე ნაწილიც ერთ კვირაში უკვე ელექტრონულად გამოქვეყნდება, პირველი ნაწილი კი, ერთი სემესტრია, პედაგოგებისათვის ხელმისაწვდომია“.

კრედიტ-ქულებისა და, შესაბამისად, უფროსი, წამყვანი თუ მენტორი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად აქამდე არსებული პროფესიული უნარების გამოცდა ჩაანაცვლა შიდაშეფასების სქემამ, ანუ პროცესმა, როდესაც მასწავლებელს აფასებს სკოლაში შექმნილი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ფასილიტატორი მასწავლებელი და შესაბამისი საგნის პედაგოგები. სოფო დოლიძე ფიქრობ, რომ აწ უკვე გაუქმებული პროფესიული უნარების გამოცდა შეფასების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენდა და მისი გაუქმება არამიზანშეწონილადაც მიაჩნია, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ საკლასო დაკვირვების პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, 2016 წლის ბოლოდან ამოქმედდება, ჩაანაცვლებს გამოცდას და პედაგოგები უკვე საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას გამოავლენენ თავიანთ უნარ-ჩვევებს:

„თავად პედაგოგებს ერჩივნათ, რომ პრაქტიკულად ეჩვენებინათ თავიანთი უნარები და ამბობდნენ, რომ კლასში ჩვენ ვიქცევით ასე და ასე და გვიჭირს ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანა. დაგვაკვირდით, როგორ ვატარებთ გაკვეთილს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გამოცდა კარგად აფასებდა იმას, იციან თუ არა პედაგოგებმა როგორ უნდა გამოიყენონ თავიანთი პროფესიული უნარები გაკვეთილზე“.

მასწავლებელი შეიძლება უფრო მეტს და უფრო კარგად აკეთებდეს ისეთს, რაც, მაგალითად, ამ სქემით არ არის განსაზღვრული. ეს სქემა ჩარჩოებს აწესებს იმისათვის, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, რა არის კარგი მასწავლებელი და რა არის ცუდი მასწავლებელი...

პედაგოგების საგნობრივი ცოდნა რომ უნდა დადასტურდეს და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენამდე პედაგოგმა რომ საგნობრივი ცოდნა უნდა გამოავლინოს, ამაში ეჭვი არ ეპარება ნათია გორგაძეს, ექსპერტს განათლების საკითხებში. თუმცა, მისი თქმით, საკითხავია, რას შეცვლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა იმ პედაგოგებისათვის, რომლებმაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს გამოცდის ჩაბარება. ნათია გორგაძე არ არის დარწმუნებული, რომ ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი პროფესიონალიზმი, მოტივაცია და მზაობა:

„მასწავლებელი შეიძლება უფრო მეტს და უფრო კარგად აკეთებდეს ისეთს, რაც, მაგალითად, ამ სქემით არ არის განსაზღვრული. ეს სქემა ჩარჩოებს აწესებს იმისათვის, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, რა არის კარგი მასწავლებელი და რა არის ცუდი მასწავლებელი. კვალიფიკაციას რომ ვანიჭებთ ამ მასწავლებლებს, მათ რაღაც ცენტრალიზებულ ჩარჩოებში ვაქცევთ. კარგი მასწავლებელი თავისუფალი მასწავლებელიცაა და მას შეუძლია, რომ, თავისი მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე, თავისი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმოს, განახორციელოს და წარმატებული იყოს თავის პროფესიულ საქმიანობაში, რაც თავისთავად ვერანაირად ვერ იქნება ყველასათვის ერთნაირი“.

ჯერჯერობით განათლების სისტემას არ ჰყავს მენტორი პედაგოგები, პრაქტიკოსი პედაგოგების რაოდენობა შეადგენს 45 ათასს, 15 ათასზე მეტ პედაგოგს აქვს უფროსი პედაგოგის სტატუსი, 200 მასწავლებელი კი წამყვანი პედაგოგის სტატუსს ატარებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგებს საშუალება ეძლევათ სამი წლის მანძილზე ექვსჯერ სცადონ გამოცდის წარმატებით ჩაბარება. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ამ პერიოდში ვერ მოახერხებენ გამოცდის ჩაბარებას, პედაგოგი ტოვებს განათლების სისტემას.

რაც შეეხება სახელფასო განსხვავებას გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და კრედიტ-ქულების დაგროვების შემდეგ, როგორც რამდენიმე თვის წინ, ახალი სქემის პრეზენტაციისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განმარტა, პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, 2017 წლის ჩათვლით იგეგმება პედაგოგთა ხელფასის გაზრდა. განსხვავებული იქნება პედაგოგთა ხელფასი, მათი კვალიფიკაციის შესაბამისად, და პედაგოგის საშუალო ხელფასმა 2017 წლისთვის 850 ლარს, მაქსიმუმმა კი 1295 ლარს უნდა მიაღწიოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG