Accessibility links

სკანდინავიელი წინაპრების წყალობით, პეგი ლის ნამდვილი გვარ-სახელი ნორმა ეგსტორმი გახლდათ. 1920 წლის 26 მაისს დაკოტას შტატში, ქალაქ ჯეიმსტაუნში, დაიბადა. ბავშვობაში ბედის ნებიერა ნაკლებად ეთქმოდა – ჯერ დედა გარდაეცვალა და მამამ ისეთი სმა დაიწყო, პატრონ-მყვარებელს ვეღარ ცნობდა. თავი რომ გაეტანათ, პატარა ნორმა რკინიგზის სადგურში ვაგონებიდან მძიმე ტვირთს საწყობში ეზიდებოდა ხოლმე. მერე დედინაცვალი - დიდი უბირი ვინმე - გამოეცხადა, რომელიც გერზე წლების მანძილზე ძალადობდა. მიუხედავად ამგვარი ყოფისა, გოგონა არ წამხდარა, შვებას მუსიკაში პოულობდა. იმდენი ქნა, სანამ ერთხელაც ადგილობრივ რადიოსადურში "პეგი ლის" ფსევდონიმით არ წარდგა მსმენელის წინაშე, მოგვიანებით კი ყოველდღიურ ცემა-ტყეპას თავი დააღწია და ჩიკაგოს რომელიღაც სასტუმროს რესტორანში ვოკალურ ტრიოში გაწევრიანდა. ერთ-ერთი გამოსვლისას მისი ნიჭი ვინმე მელ პაუელმა შეამჩნია, რომელმაც ეგრევე ბენი გუდმენს დაურეკა, ჩამოდი, ოქრო გოგო ვიპოვე და დაგაინტერესებსო. "სვინგის მეფე" ასეც მოიქცა, პეგი ლი უყოყმანოდ აიყვანა საკუთარ ბენდში და პირველი ჰიტებიც გამოაცხო: "Blues in the Night", "Somebody Else Is Taking My Place" და "The Way You Look Tonight". ამ პერიოდის ნამოქმედარიდან კიდევ ერთ სიმღერას გამოვყოფდი, რომელმაც პეგი ლის პირველი არნახული წარმატება მოუტანა. "Why Don't You Do Right" 1942 წელს ჩაიწერა და მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ისტორიამ ამ სიმღერის შესრულების რამდენიმე ვიდეოჩანაწერი შემოინახა. მათგან ორს გამოვარჩევდი: გუდმენისეულ ორკესტრულ ვარიანტს, სადაც სულ რაღაც 22 წლის ბრძანდება და გვიანდელ ოჯახურ ვერსიას საკუთარი მეუღლის, გიტარისტ დეივ ბარბერის კვარტეტის თანხლებით მღერის. ეს უკანასკნელი საოცარი სანახაობაც გახლავთ – მის ღიმილიან მზერაში, მიხვრა-მოხვრასა თუ ხმაში ისეთი აუხსნელი ჯადო-თილისმაა ჩადებული, შეყვარებული ყმაწვილივით გაბრუებს და თავგზას გიბნევს.



პეგის დეივისგან ქალიშვილი ნიკი შეეძინა, რის გამოც რაღაც ხანს სცენის მიტოვება მოუხდა, თუმცა მუსიკის სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და 2 წლის თავზე "Capitol Records"-თან გააფორმა კონტრაქტი. ამ ხმის ჩამწერ სტუდიაში ცოლ-ქმარმა საკუთარი თხზულებებიც ჩაწერა, რომელთა შორის ყველაზე ღირებული "I Don’t Know Enough About You» და "It’s a Good Day" გამოდგა. 50-60-იან წლებში პეგი ლი კვლავ ბენი გუდმენთან მიბრუნდა, თუმცა მისგან მალევე წამოვიდა და სხვადასხვა მუსიკოსებთან გააგრძელა თანამშრომლობა. კრიტიკოსები ამ პერიოდს მისი შემოქმედების ოქროს ხანად მიიჩნევენ და ამის დამადასტურებლად ისეთ ალბომებს ასახელებენ, როგორებიცაა: "The Man I Love" ფრენკ სინატრასთან, "Jump for Joy" ნელსონ რიდლთან, "Sugar 'N' Spice" და "Mink Jazz" ბენი კარტერთან ერთად.



60-იანი წლები პეგი ლისთვის გაუთავებელი კონცერტების, სატელევიზიო გამოსვლებისა თუ სტუდიური მუშაობის პერიოდი გახლდათ. რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც გადაიღეს და ერთხელ "ოსკარზეც" კი იყო ნომინირებული. თუმცა მძიმე შრომა მის ყოფაზე უარყოფითად აისახა – გულმა შეაწუხა, რასაც მოგვიანებით დიაბეტიც დაემატა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო განზე გადგომა არჩია და სცენაზე მხოლოდ 80-იანებში გამოჩნდა, ისიც მხოლოდ რამდენიმე ალბომით. პეგი ლი 2002 წლის 21 იანვარს, 81 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.



"მისი სავიზიტო ბარათი საოცარი მომხიბვლელობაა, ხოლო სცენური ელეგანტურობა და საშემსრულებლო ოსტატობა ვოკალური ხელოვნების სკოლებში ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს", – ფრენკ სინატრა ამ სიტყვებით ახასიათებდა პეგი ლის. ძნელია, არ დაეთანხმო. თუმცა სავიზიტო ბარათთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს დავამატებდი – სიმღერას, სახელწოდებით "Fever", რომელიც დღემდე პეგი ლის სინონიმადაც ითვლება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG