Accessibility links

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 აგვისტოს, სუპერთასის მატჩის, საფეხბურთო კლუბების „ბარსელონისა“ და „სევილიის“ შეხვედრის შემდეგ გააკეთა და ასე ის შემთხვევით არ მოქცეულა. რატომ არის სიჭინავა გულნატკენი, როგორ აფასებენ მის 6-წლიან მოღვაწეობას საფეხბურთო მიმომხილველები და რატომ ვერ მიდის ქართული ფეხბურთი წინ?

ზვიად სიჭინავას თავისი მოღვაწეობის მწვერვალად მიაჩნია უეფას სუპერთასის მატჩის საქართველოს მიერ მასპინძლობა და სწორედ ამ მოვლენას უკავშირებს ის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილებასაც. ამ გადაწყვეტილების თანახმად, სიჭინავა მომავალ არჩევნებზე აღარ იბრძოლებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის:

„როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე. დღეს იყო ჩემი პიკი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაღუპა ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი. მე დიდად მოხარული ვარ და მინდა გითხრათ, რომ მე ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე – ფეხბურთი სიჭინავას გარეშე“.

ეს კაცი, 6 წელიწადია, დღე და ღამე მუშაობდა, მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო, – ჩვენც ყველანი მასთან ერთად, – და რაღაცებზე გული სწყდება, როცა ადამიანები ვერ ხედავენ რაღაცას, როცა ადამიანები ვერ ამჩნევენ რაღაცას...

ზვიად სიჭინავას სიტყვებში გამოვლენილი სევდა და გულისტკივილი არც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს გამოჰპარვია და მან ამის მიზეზიც იცის:

„ეს კაცი, 6 წელიწადია, დღე და ღამე მუშაობდა, მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო, – ჩვენც ყველანი მასთან ერთად, – და რაღაცებზე გული სწყდება, როცა ადამიანები ვერ ხედავენ რაღაცას, როცა ადამიანები ვერ ამჩნევენ რაღაცას“.

რევაზ არველაძე სახელდება იმ სავარაუდო კანდიდატებს შორის, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იყრიან კენჭს, თუმცა მას ამ თემაზე საუბარი არ სურს მანამდე, ვიდრე არ გადაწყდება არჩევნების თარიღი – ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე (სავარაუდოდ, 17 აგვისტოს). სახელდება კიდევ ორი სავარაუდო კანდიდატი: მოძრაობა „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი და გერმანიიდან საგანგებოდ დაბრუნებული ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა ფავორიტად მიიჩნევა.

ლევან კობიაშვილის მიმართ სიმპათია არ გამოუხატავს ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს, თუმცა, როგორც მანამდეც არაერთხელ გააკეთა, კალაძემ 12 აგვისტოსაც განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთს შველა სჭირდება და რომ ის ჭაობიდან არის ამოსაყვანი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას „სწორი“ უწოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან თქვა, რომ ზვიად სიჭინავას მოღვაწეობას „ისტორია შეაფასებს“, ხოლო მანამდე მთელი ყურადღება არჩევნებისკენ უნდა იყოს მიმართული:

ტარიელ ხეჩიკაშვილი

ტარიელ ხეჩიკაშვილი

„ახლა მთავარია, რომ ყველამ, საფეხბურთო საზოგადოების თითოეულმა წევრმა, გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარს მომდგარი არჩევნები“.

„მსოფლიო სპორტის“ კორესპონდენტის ლაშა თაბაგარისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს გულნატკენი ზვიად სიჭინავა იმ კრიტიკის გამო, რაც მას წილად ხვდა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. საფეხბურთო მიმომხილველი ყველაფერს შედეგით საზღვრავს და შედეგით ის უკმაყოფილოა:

„ყველაფრის ამსახველი ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზეა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოვხვდით მე-6 კალათაში, სადაც ყველაზე სუსტი გუნდებია განთესილი. არანაირი წინსვლა არ არის ეროვნულ ჩემპიონატში – წელს აგერ ოთხივე გუნდი ევროთასებიდან პირველსავე ეტაპზე გამოვარდა. კლუბებს, ჩვეულებისამებრ, უჭირთ – უმეტესობა მუნიციპალიტეტების კეთილი ნების შემყურეა, დააფინანსებენ თუ არ დააფინანსებენ... მოკლედ, ჩემი აზრით, წლიდან წლამდე ქართულ ფეხბურთში რეგრესია“.

რაც შეეხება ზვიად სიჭინავას მიერ გაკეთებულ საქმეს, საფეხბურთო მიმომხილველები ამას მაინც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირებენ. მიღწევებად სახელდება, მაგალითად, ევროპის სუპერთასის მატჩის მასპინძლობა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის დაარსება.

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე უკვე 6 წელიწადი (და, კერძოდ, 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ) მუშაობს. სპორტის ექსპერტების გამოთვლით, ოფიციალურად მისი უფლებამოსილების ვადა 2015 წლის 22 იანვარს ამოიწურა, თუმცა ის არჩევნების დანიშვნას არ ჩქარობდა.

ამდენი წელი პრეზიდენტი იყო. მთავრობა შეიცვალა და მისთვის არც ხელები გადაუგრეხია ვისმე და არც ის უთქვამთ, დატოვე შენი პოსტიო. თუნდაც ამის გამო არ უნდა იყოს გულნატკენი, – უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა თაბაგარმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG