Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 ივლისიდან 20 ლარით გაიზრდება პენსია, რომელიც, ჯამში, 180 ლარი იქნება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ასევე პედაგოგების ხელფასებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაფინანსების მომატებას. მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა, სახელმწიფო აპარატის პრემიების შემცირების ხარჯზე 50 ლარით გაზრდილიყო პენსია. საინტერესოა, რით აპირებს მთავრობა გაზრდილი ხარჯის დაფარვას და რა ეფექტი ექნება პენსიების 20-ლარით მომატებას.

27 ნოემბერს, მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენარჩუნდება წინა წლების ტენდენცია და 2016 წლის ბიუჯეტიც იქნება სოციალურად ორიენტირებული, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პენსიების გაზრდას:

„გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია გახდეს 180 ლარი. შევახსენებ ყველას, რომ 2012 წლიდან პენსიები გავზარდეთ 64 %-ით, რაც არის 600 მილიონ ლარამდე მატება“.

სულ, ჯამში, 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაიგეგმა მთლიანი შიდა პროდუქტის 3-პროცენტიანი ზრდითა და 3-პროცენტიანი დეფიციტით. სწორედ ამ პარამეტრზე აიგო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება:

ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

„ბიუჯეტში თანხების მოცულობა გადასახადების ხარჯზე გაიზარდა 200 მილიონი ლარით. გარდა ამისა, 25 მილიონი ლარით გაიზრდება არაფინანსური აქტივების კლება, ანუ პრივატიზაციიდან შემოსავლები. ჯამში, ეს არის 225 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხიდან 90 მილიონი ლარი მოხმარდება იმას, რომ პენსია გაიზრდება 20 ლარით და გახდება 180 ლარი“.

ხელისუფლებისგან პენსიების გაზრდას მოითხოვდა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მიერ დამზადებული შესაბამისი შინაარსის ვიდეორგოლი ერთი თვეა გადის „რუსთავი ორის“ ეთერში. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, სწორედ თავისი პარტიის ძალისხმევის შედეგად მიიჩნევს მთავრობის გადაწყვეტილებას, 20 ლარით გაზარდოს პენსია. ბაქრაძის თქმით, ოპოზიციამ აიძულა ხელისუფლება გადაედგა ასეთი ნაბიჯი:

„რატომ ვამბობთ, რომ ვაიძულეთ. მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში მთავრობისგან გვესმოდა, რომ პენსიის ზრდა არის პოპულიზმი და რომ ამის რესურსი არ არსებობს. კიდევ იმიტომ, რომ ბიუჯეტი ორჯერ იყო პარლამენტში შემოტანილი და არც ერთ პროექტში არ იყო გათვალისწინებული არც ერთი თეთრი პენსიების ზრდისთვის“.

დავით ბაქრაძის მსგავსად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძეც მიიჩნევს, რომ მთავრობას შეუძლია პენსიების უფრო მასშტაბური - 50- ლარიანი - გაზრდა, თუმცა ამისათვის უარი უნდა თქვას მმართველობის ზედმეტ ხარჯებსა და იმ ფუფუნებაზე, რასაც სახელფასო დანამატი და პრემია ჰქვია. ანდრია ურუშაძის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ინფლაცია კი გაიზარდა, შესაბამისად, 2016 წლის პენსია იმაზე ნაკლები გამოდის, ვიდრე 2012 წელს იყო.

„ამიტომაც, ცხადია, პენსიის გაზრდას მივესალმები და ვფიქრობ, რომ ბიუჯეტს მეტი შესაძლებლობები აქვს და, საერთოდ, თუ ვსაუბრობთ სოციალურ პრიორიტეტებზე, პირველ რიგში, პრიორიტეტული უნდა იყოს ღარიბი მოსახლეობა და არა ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბოლო პერიოდში პრაქტიკულად მუდმივად ეზრდებათ ანაზღაურება როგორც შრომის, ასევე დანამატები“, უთხრა ანდრია ურუშაძემ რადიო თავისუფლებას.

წინასაარჩევნო PR-ის ნიშნებიც არის, რასაკვირველია, რადგანაც პენსიების გაზრდის რესურსი წინა წლებშიც იყო. გააჩნია რას დააკლდება ბიუჯეტში ეს თანხა...

თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტები შენიშნავენ, საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი არ იძლევა საბიუჯეტო ხარჯების ზრდის წინაპირობას. ეკონომიკის ექსპერტი მათე გარდავა არც იმას გამორიცხავს, რომ პენსიების გაზრდა კავშირში იყოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში, ანუ მომატებული პენსიის გაცემიდან სამ თვეში, გაიმართება:

„წინასაარჩევნო PR-ის ნიშნებიც არის, რასაკვირველია, რადგანაც პენსიების გაზრდის რესურსი წინა წლებშიც იყო. გააჩნია რას დააკლდება ბიუჯეტში ეს თანხა. რაც შეეხება 20 ლარით ზრდას, უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს, სულ 2,8%, ამიტომ მეეჭვება, რომ ლოგიკური იყოს პენსიის გაზრდა თუნდაც 20 ლარით“.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 800 ათასამდე პენსიონერია. შესაბამისად, 20 ლარით პენსიის გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფლაციის ზრდის პროვოცირება, თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ამბობს, მთავრობის გადაწყვეტილებას ასევე ექნება სხვა პოზიტიური შედეგიც.

„პენსიონერები ის კატეგორიაა, რომელიც თანხების გადანახვაზე კი არ მუშაობს, არამედ პირდაპირ ბაზარში მიდის და ყიდულობს საქონელს. შესაბამისად, პენსიის გაზრდა გამოიწვევს მოთხოვნის გაზრდას, ანუ სტიმულს მისცემს წარმოებასა და ბიზნესს, რომ მიწოდებაც ასევე გაიზარდოს. ეს კი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს მეტ გადასახადებს და ბიუჯეტში მეტ თანხას. ასე რომ, მედალს ორი მხარე აქვს და ინფლაციის შიშით რომ არ გავზარდოთ პენსია, არასწორი იქნება“, უთხრა იოსებ არჩვაძემ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG