Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: სირიაში მოკლულ 13 ექსტრემისტს შორის ომარ ალ-შიშანიც არის


ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი
ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი

პენტაგონის ცნობით, გასულ კვირაში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულ იქნა ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მებრძოლი, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ომარ ალ-შიშანიც არის. ეს ცნობა ჟურნალისტებს 8 მარტს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პიტერ კუკმა. მანვე დააზუსტა, რომ საჰაერო თავდასხმების სერია 4 მარტს, სირიის ქალაქ ალ-შადადეში განახორციელეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა და დრონებმა.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 30 წლის ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის საველე მეთაურად ითვლებოდა, ზოგი მას „ომის მინისტრსაც“ უწოდებდა. 2015 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც ალ-შიშანის შეპყრობა ან მოკვლა მოჰყვებოდა.

პენტაგონის პრესმდივნის თქმით, ალ-შიშანიმ საქართველო 2012 წელს დატოვა და გაემგზავრა თურქეთში, საიდანაც დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სირიაში გადავიდა და შეუერთდა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს. 2013 წლის მაისში ის სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციის ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ ძალებს. ვიდრე საქართველოს დატოვებდა, 2006-დან 2010 წლამდე, ბათირაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის წინააღმდეგ.

ინფორმაცია ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მედიაში უწინაც არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ აქამდე არ დადასტურებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG