Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერმერების პროტესტი ბრიუსელში


აქცია ბრიუსელში
აქცია ბრიუსელში

7 სექტემბერს ბრიუსელში ათასობით ფერმერმა ასობით ტრაქტორით ჩაიარა ქალაქის ცენტრში და შემდეგ საპროტესტო აქცია გამართა ევროკავშირის შტაბბინის წინ. ფერმერები მოითხოვდნენ მეტ დახმარებას და ფასების გაზრდას მათი რძის და ხორცის პროდუქტებზე.

ევროკავშირის შტაბბინაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გამართეს დაუგეგმავი შეხვედრა კრიზისის შესაფასებლად და ფერმერების დახმარების გზების საპოვნელად. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მინისტრებს შესთავაზა გასატარებელი ზომების პაკეტი, რომელიც ფერმერებს დაუყოვნებლივ შეუმსუბუქებს ნაღდი ფულის ნაკლებობას, მოახდენს მღელვარე ბაზრების სტაბილიზებას და უკეთეს რეგულირებას გაუწევს მიწოდების მექანიზმებს, რათა ფერმერები უფრო დაცულნი იყვნენ.

„ეს გაბედული და გადამწყვეტი პასუხი იქნებაო“, - განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა დანიელ როსარიომ.

ერთი ლიტრი რძის ფასი დაახლოებით 28 ცენტია. ეს წარმოების საფასურის დასაფარადაც კი არ არის საკმარისი...
ჰაინც თორნვართი

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სასტვენები და ხმაურით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს ფასების დაცემის გამო.

„ფასები 30-40 პროცენტით დაეცა ფერმერთა უმრავლესობისთვის. ჩვენი ფერმები მალე ბანკროტად გამოცხადდებაო“, - უთქვამს რძის ევროპელი მეწარმეების ბორდის ვიცე-პრეზიდენტს, სიეტა ვან კეიმპემას, სააგენტო „ასოშიეიტედ პრესისთვის“.

ზოგიერთი ფერმერი გამოვიდა წარმოებაზე კვოტების ხელახალი დაწესების მოწოდებით. გაისმა მოთხოვნები მთავრობების მხრიდან უფრო პირდაპირი დახმარების გაწევისკენ საიმისოდ, რომ ფერმერებმა საყოფაცხოვრებო გადასახადების გადახდა შეძლონ.

ფერმერები აცხადებდნენ, რომ შექმნილ ვითარებაში თავიანთი ნაწარმის ბაზარზე განთავსებას მათთვის, ფაქტობრივად, წაგება მოაქვს. „ერთი ლიტრი რძის ფასი დაახლოებით 28 ცენტია. ეს წარმოების საფასურის დასაფარადაც კი არ არის საკმარისიო“, - სამხრეთგერმანელი ფერმერის, ჰაინც თორნვართის სიტყვებს სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა თქმით, დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 6 000-მა ფერმერმა, ბრიუსელში და მის შემოგარენში კი სამანქანო მოძრაობა 2 000-მა ტრაქტორმა შეაფერხა.

ფერმერების აქცია ბრიუსელში
ფერმერების აქცია ბრიუსელში

ევროპელებისთვის საკმარისი საკვების უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელსაც ევროკავშირი დაეფუძნა შექმნის დროს, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ. მაგრამ გულუხვმა სუბსიდიებმა და სხვა ზომებმა ზედმეტი წარმოება მოიტანა. ამჟამად ევროპის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას უჭირს ცვალებად პირობებთან ადაპტირება.

აპრილში გაუქმდა კვოტები, რომელიც რძის წარმოებას ზღუდავდა. წარმოების ზრდამ ფასების სწრაფი ვარდნა მოიტანა.

გარდა ამისა, ევროპელი ფერმერები ევროკავშირის გარედან იაფი იმპორტის თაობაზე ჩივიან.

როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული გამოცემა euobserver წერს, ფერმერთა პრობლემებს სხვა მიზეზებიც აქვს, მათ შორის, მოსალოდნელზე ნაკლები მოთხოვნა ჩინეთში და ევროპაში მომხმარებელთა ქცევისა და კვების ფორმების შეცვლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია რუსეთთან მიმართებით შექმნილი ვითარებაც.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რამდენიმე მაღალჩინოსანს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ამას უპასუხა ემბარგოს დაწესებით ევროპულ ნაწარმზე - ხილზე, ბოსტნეულზე და ღორის, ძროხის თუ ფრინველის ხორცზე.

ფერმერების აქცია ბრიუსელში
ფერმერების აქცია ბრიუსელში

პირველ ეტაპზე ზიანი მცირე იყო. მას შემდეგ, რაც 2014 წლის აგვისტოში რუსეთის აკრძალვა ამოქმედდა, ევროპის სოფლის მეურნეობის სექტორმა შეძლო დანაკარგის კომპენსაციის მოპოვება, სხვა ქვეყნებში ექსპორტის გზით. ივნისში საკვების ექსპორტის მაჩვენებელი 11 პროცენტით აჭარბებდა შარშანდელ მონაცემს.

თუმცა, როგორც euobserver წერს, ამგვარი ერთიანი მონაცემები ხშირად ნიღბავს ადგილობრივ თუ ინდივიდუალურ პრობლემებს - მაგალითად, იმ განსაკუთრებულ დანაკარგებს, რომელიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა და ევროკავშირის ახალმა წევრმა ქვეყნებმა განიცადეს ამ ემბარგოს შედეგად.

ავსტრია და ბელგია, მაგალითად, აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ შემოღებულმა აკრძალვამ, რომელიც, პუტინის განცხადებით, 2016 წლის აპრილამდე დარჩება ძალაში, გავლენა მოახდინა მათ ღორის ხორცის მწარმოებლებზე. ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია კი ევროპის კომისიას მოუწოდებენ „ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს საიმისოდ, რომ რძის ბაზარზე ვითარება სტაბილური გახდეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG