Accessibility links

logo-print
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი თებერვლიდან იწყებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ახალციხეში ხელისუფლების ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა მის უარყოფით მხარეებზეც საუბრობენ.

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, ორ კატეგორიად დაიყოფიან და სხვადასხვა ოდენობის სარგებელს მიიღებენ 0,25 ჰა–მდე მიწის ფართობის მფლობელები და მის ზევით. მოსახლეობა წელს ასევე მიიღებს ორი ტიპის ბარათებს – ხვნისა და აგრობარათებს. ამ დროისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტში სიების საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ. ქალაქ ვალეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ წელს ბარათების მიმღებთათვის დამატებითი სიები აღარ იქნება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. სოფლის მოსახლეობას ერთი წელი ჰქონდა იმისათვის, რომ რწმუნებულისთვის მიწის ფართობის ზუსტი მონაცემი მიეწოდებინა, რათა ის გაუგებრობები, რამაც შარშან იჩინა თავი სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგების დროს, წელს აღარ განმეორდეს, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე.

პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. 1 თებერვალს დაწყებული სამუშოები აგვისტოს თვეში დასრულდება. 2013 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში 273 ოჯახი დარჩა სასოფლო-სამეურნეო ბარათის გარეშე.
XS
SM
MD
LG