Accessibility links

logo-print

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბარათები რიგდება. გასული წლებისგან განსხვავებით,„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ფერმერები დახმარებას შეცვლილი ფორმით იღებენ. ბენეფიციარები, რომლებსაც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით აქვთ სახნავი მიწის ფართობი, მხოლოდ ხვნის ბარათს იღებენ, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით, ხოლო ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 ჰექტარამდე მიწის ფართობი, წელს 50-ლარიანი აგრობარათით ისარგებლებენ. აღნიშნული სიახლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ფერმერებს საკმარისად ეხმარება.

ხელისუფლებამ ბარათების დასარიგებლად შესაბამის სამსახურებს 5-დღიანი ვადა მისცა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მიცემული ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნახევარზე მეტმა ბენეფიციარმა უკვე მიიღო. გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსის განმარტებით, ზოგიერთ ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებული არ ჰყავს, ამიტომ ასეთ სოფლებში ბარათების დარიგება მეზობელი თემის წარმომადგენლებს მოუხდათ. რამინ მარტინენკო ირწმუნება, რომ 1 მარტამდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბარათს ყველა ბენეფიციარი მიიღებს.

იმ ბენეფიციარებს, რომლებიც აგრობარათს მიიღებენ, მომსახურებას წელსაც "ლიბერთი ბანკი“ გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს ხვნის ბარათის აგრობარათში გადაცვლა სურს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 15 მარტამდე უნდა მიმართოს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენება ფერმერებს მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე შეეძლებათ, – აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ხვნა 1 მარტიდან დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოში განმარტავენ, უკვე გაწერილია გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა შესაბამის სოფლებს მოემსახურება. „2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ წელს, საქართველოს მასშტაბით, 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

XS
SM
MD
LG