Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიტ სიგერი


პიტ სიგერი
პიტ სიგერი
27 იანვარს ნიუ-იორკში 95 წლის პიტ სიგერი გარდაიცვალა - ადამიანი, რომელსაც ზოგი ამერიკის სინდისსა და სულს უწოდებს, ზოგი კომუნისტად იხსენიებს, ზოგს კი საერთოდ არაფერი სმენია მის შესახებ. არადა, მეტად მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო, ქვეყნის ისტორიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების მომსწრე და აქტიური მონაწილე გახლდათ. აქედან გამომდინარე, მეტად რთულია, რომელიმე ერთი კონკრეტული დამსახურებით გამოარჩიო. ბარდი, პოეტი, ბანჯოზე დამკვრელი, პუბლიცისტი, სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტი - ეს იმ პროფესიებისა თუ მოღვაწეობის სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ ლეგენდად ქცეულ კაცს მიეწერება.



პიტ სიგერი 1919 წლის 3 მაისს ნიუ-იორკში დაიბადა. თუ მისი კოლეგა-არტისტები მუსიკისადმი სიყვარულს ბავშვობაშივე ავლენდნენ ხოლმე და პატარაობიდანვე ეუფლებოდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას, პიტის შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა. მუსიკით საკმაოდ გვიან, 17 წლის ასაკში, რაღაც შემთხვევის წყალობით დაინტერესდა - ერთ-ერთ ფოლკფესტივალზე ბანჯოზე დამკვრელთა ბენდს მოჰკრა ყური და საკრავის ბგერით მოიხიბლა. შთაბეჭდილება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლაზე გული აუცრუვდა და ლექციების გაცდენა დასჩემდა, დღესა და ღამეს საშემსრულებლო ტექნიკის დახვეწაში ატარებდა. ტვინარეულ სტუდენტს განაჩენი მალევე გამოუტანეს - სასწავლებლიდან ცუდი შედეგების გამო გარიცხეს. ბანჯოს ამარა დარჩენილი, ჯარში გაიწვიეს, სადაც გამოადგა კიდეც ახალი გატაცება - უკვე ჩინებული შემსრულებელი ეთქმოდა და შეიარაღებული ჯარების ორკესტრში მიუჩინეს ადგილი.



ამერიკელმა მსმენელმა პიტ სიგერი გასული საუკუნის 50-იანი წლების პირველ ნახევარში გაიცნო. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულმა, ბენდი „The Weavers“ ჩამოაყალიბა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ პერიოდის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში: ამერიკელთათვის აქტუალურ, თუმცა ტაბუირებულ თემებზე - მილიტარისტულ განწყობებზე, რასიზმზე, სოციალურ უსამართლობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე - მუსიკის ენით ამეტყველდა. ბუნებრივია, ამგვარი აღტკინების გამო, პიტ სიგერმა მტრებიც მრავლად გაიჩინა: კომუნისტების მიმართ სიმპათია დააბრალეს და კარგა ხნით გააქრეს ტელე-რადიო ეთერიდან.



დიახ, 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკელებს არც ერთი საპროტესტო მოძრაობა არ ახსოვთ პიტ სიგერის მონაწილეობის გარეშე. ასე გაგრძელდა ჯგუფ „The Weavers“-ის დაშლის შემდეგაც: მთავრობას ვიეტნამში სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებდა, 1966 წელს მდინარე ჰუდსონის დაბინძურებას აპროტესტებდა, სიკვდილით დასჯის გაუქმებას ითხოვდა, 2011 წელს კი 92 წლის მოხუცი „უოლ სტრიტზე“ ყავარჯნებით გამოჩნდა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ საპროტესტო აქციას შეუერთდა. თუმცა ყველაზე დიდი სამსახური მაინც ამერიკულ მუსიკას გაუწია: ნახევარი საუკუნის წინ ვინმესთვის რომ გეკითხათ, თუ რა იყო ფოლკმუსიკა, პასუხი არავის ჰქონდა. პიტ სიგერმა კი ქანთრის, აფროამერიკული სპირიჩუელსის, ძველი ინგლისური ბალადებისა და ეთნიკურ უმცირესობათა უნიკალურ სასიმღერო ნიმუშებს მოუყარა თავი, გვარიანად მივიწყებული ხალხური მუსიკა გამოაცოცხლა და ხელოვნების ფორმად აქცია. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, როცა თავის მიერ „გამოზრდილ“ ახალგაზრდებზე ბობ დილანსა და ჯოან ბაესზე საუბრობდა, საკუთარი ცხოვრების გზა შეაფასა: „...ბედნიერი ვარ, რადგან ახალგაზრდებს ხალხური მუსიკა შევაყვარე და დავუმტკიცე, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ისეთი შესანიშნავი სიმღერა არსებობს, რომელსაც ვერც ერთ რადიოში ვერ მოისმენენ..."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG