Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნა ქუჩაში განსხვავებულობის გამო და ძალადობის 12 ათასი მოწინააღმდეგე


ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო პეტიციის ავტორთა პრესკონფერენცია
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო პეტიციის ავტორთა პრესკონფერენცია
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო პეტიციაზე, რომელსაც უკვე 12 ათასი ადამიანი იზიარებს, ხელმოწერები გრძელდება. სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ დაწერილი ეს მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს 17 მაისს მომხდარ ძალადობაში დამნაშავე პირების დაუყოვნებლივ დასჯას სთხოვს. მისი ავტორები აცხადებენ, რომ რაც უფრო დიდხანს არ აგებენ ადამიანები პასუხს მომხდარზე, მით უფრო გაიზრდება ქვეყანაში არეულობის საფრთხე, მით უმეტეს, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები იმის თაობაზე, რომ ქუჩაში უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ მათი გარეგნობის თუ განსხვავებული ჩაცმულობის გამო უსწორდებიან. პეტიციის ავტორებმა 22 მაისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ამ დრომდე მოგროვილი 12 ათასი ხელმოწერა წარმოადგინეს და ხელისუფლებას მოქმედებისაკენ მოუწოდეს.

”ის, რაც 17 მაისს მოხდა, ყველას უნდა აწუხებდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მომხდარი საქართველოს მთელ საზოგადოებას შეეხება და არა მხოლოდ ერთ მცირე ჯგუფს. ადამიანები, ვინც საკუთარი მუშტის იმედად, ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს ქუჩაში საქმის გარჩევას, უნდა მიხვდნენ, რომ ისინი არ არიან უმრავლესობა”, - ასე მიაჩნია ლიტერატორსა და პუბლიცისტს, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს, რომელიც ერთ-ერთი ავტორია ძალადობის საწინააღმდეგო პეტიციის ტექსტისა, რომელსაც უკვე 12 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ლაშა ბაქრაძე ვარაუდობს, რომ ის ადამიანები, ვინც გუშინ ქუჩაში სხვებზე ნადირობდა, ხვალ შესაძლოა თითოეული იმ ადამიანისათვის იქცნენ საფრთხედ, ვინც რაღაცის გამო არ მოეწონებათ. თუკი
მე ვფიქრობ, რომ ქართველი გლეხები, ქართველი მუშები, ისეთივე გულის რევით უყურებენ იმას, რაც ხდებოდა 17 მაისს ქუჩაში, როგორც ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელსაც საშუალება აქვს ხელი მოაწეროს ამ მიმართვას. და მე ვეუბნები ამ ტიპებს, ამ თვითმარქვია უმრავლესობას, რომ ისინი არასდროს იქნებიან უმრავლესობა საქართველოში, ვინც არ უნდა იდგეს მათ ზურგს უკან...
ლაშა ბაქრაძე
ხელისუფლება ახლა არ მიიღებს გადამწყვეტ ზომებს, ქვეყანაში შესაძლოა ვითარება სრულ ანარქიამდე მივიდეს:

”ხშირად ამ ბრბოს წარმომადგენლები ამბობენ, გამოდით, უნდა დაგითვალოთო. ჩვენ დავითვალეთ და ვითვლით კიდევ! აი, აქ არის მათი სახელები, ვისაც არ ეშინია ნაძირლების ქუჩაში და მათი წამქეზებლების და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი საქართველოში, ვისაც არა აქვს წვდომა ინტერნეტზე. მე ვფიქრობ, რომ ქართველი გლეხები, ქართველი მუშები, ისეთივე გულის რევით უყურებენ იმას, რაც ხდებოდა 17 მაისს ქუჩაში, როგორც ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელსაც საშუალება აქვს ხელი მოაწეროს ამ მიმართვას. და მე ვეუბნები ამ ტიპებს, ამ თვითმარქვია უმრავლესობას, რომ ისინი არასდროს იქნებიან უმრავლესობა საქართველოში, ვინც არ უნდა იდგეს მათ ზურგს უკან”.

ლაშა ბაქრაძე თავის თანამოაზრეებთან ერთად მიმართავს ხელისუფლებას არ შეეშინდეს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის და ნუ იფიქრებს, რომ, მისი თქმით, ამ ე.წ. ”თვითმარქვია უმრავლესობის” გარდა, საზოგადოებაში დასაყრდენი არ გააჩნია. ნუ იფიქრებს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე.

”საქართველოში არიან ადამიანები, ბევრი ადამიანი, ვისაც ეს მუშტმოღერებული ბრბო ვერ შეაჩერებს და ვერ შეაშინებს. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებთ ჩვენ, საზოგადოების ჯანმრთელ ნაწილსაც დაგვეყრდნოს, როცა პასუხს მოსთხოვენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დარბოდნენ და სისხლი სწყუროდათ”.
”მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტები. უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს”
- ეს არის ნაწყვეტი მიმართვიდან,
გრძელთმიან ბიჭს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავისი გარეგნობის გამო არ ჯდება მავანი ფუნდამენტალისტის წარმოდგენაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჭეშმარიტი ქართველი, ბუკიას ბაღში თავს დაესხნენ და თმაზე ცეცხლი წაუკიდეს!..
თათა ცოფურაშვილი
რომლის სრული ტექსტი 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ფილოსოფოსმა თათა ცოფურაშვილმა წაიკითხა. მისივე შეფასებით, დაუსჯელობის სინდრომი უკვე აისახა ცალკეულ მოქალაქეებზე თავდასხმაში:

”გრძელთმიან ბიჭს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავისი გარეგნობის გამო არ ჯდება მავანი ფუნდამენტალისტის წარმოდგენაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჭეშმარიტი ქართველი, ბუკიას ბაღში თავს დაესხნენ და თმაზე ცეცხლი წაუკიდეს! სექსუალური ორიენტაცია არ არის გარეგნობით იდენტიფიცირებადი რამ, ადამიანებს კი თავისი გარეგნობით უფლება აქვთ გამოხატონ თავისი ინდივიდუალობა, რის უფლებასაც მათ აძლევთ საქართველოს კანონმდებლობა. ასე რომ, რაც 17 მაისიდან მოყოლებული თბილისის ქუჩებში ხდება, განაპირობებს იმას, რომ ყველა მოქალაქე არის დაუცველი“.

ამ მიმართვაზე ხელმოწერა დღემდე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე www.sazogadoeba.com, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მიმართვის ტექსტის წაკითხვაც შეუძლია.

ძალადობის ფაქტებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში 17 მაისის შემდეგ ხდება, ორგანიზაცია ”იდენტობა” აღრიცხავს. მისი დირექტორის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, დღე ისე არ გავა, რომ მათი თანამშრომელი ან თემის წევრი, ან აქტივისტი ზეწოლის მსხვერპლი არ გახდეს. მისი თქმით, ბუკიას ბაღში მომხდარი ინციდენტის გარდა, მრავლადაა ტრანსპორტში მათი აქტივისტების ლანძღვისა და შეურაცხყოფის შემთხვევები. 21 მაისს, საღამოს, ”იდენტობის” ოფისიდან გამოსულ ორგანიზაციის თანამშრომლებს, გვანცას და ლევანს, რუსთაველის გამზირზე უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

”მე და გვანცა ოფისიდან ერთად გამოვედით. რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიასთან, ბევრი ხალხი მოდიოდა, რამდენიმე ბიჭიც მათ შორის. რომ გაგვისწორდნენ, შეგვაგინეს და ჩაგვიარეს”, - ამბობს ლევანი.
ჩვენს ოფისთანაც მოდიან, ზარს რეკავენ, ილანძღებიან. ჯერჯერობით იარაღით არავინ დაგვდგომია და თავს ვიცავთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ასე თუ განვითარდა მოვლენები და არავინ დაისაჯა სათანადოდ, სასიკვდილო შედეგითაც დამთავრდეს ეს ამბავი ან ჩემთვის, ან სხვისთვის...
ირაკლი ვაჭარაძე

21 მაისს, ღამით, მარჯანიშვილის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ახალგაზრდა ბიჭს მისი გარეგნობის გამო სცემეს. ირაკლი ვაჭარაძე აცხადებს, რომ ძალადობა ყოველდღიურად მატულობს:

”საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს უბრალოდ შეხედავენ, შენ ლესბოსელი ხარ? - ეტყვიან და, თუ არ მოეწონათ ან მისი განსხვავებული თმის ფერი, ან სხვა რამე, სანამ არ ჩავა ის ტრანსპორტიდან, გრძელდება შეურაცხყოფა. ეუბნებიან, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, დამაქცევარი და ა.შ. ამის გამო ჩვენი რამდენიმე აქტივისტი იძულებული გახდა შეეცვალა ტრანსპორტი. ფაქტია, რომ ძალადობა მხოლოდ ღრმავდება. სახელმწიფოს მიერ არასათანადო პასუხის და ეკლესიის უპასუხისმგებლო გამოხმაურებების გამო მოხდა სწორედ ის, რომ სამი ახალგაზრდა კაცი გამოეკიდა მარჯანიშვილზე ერთ ბიჭს, სასტიკად სცემდნენ, იქვე მაღაზიის თანამშრომლები მიეხმარნენ, ტაქსიში ჩასვეს და გაარიდეს იქაურობას... ჩვენს ოფისთანაც მოდიან, ზარს რეკავენ, ილანძღებიან. ჯერჯერობით იარაღით არავინ დაგვდგომია და თავს ვიცავთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ასე თუ განვითარდა მოვლენები და არავინ დაისაჯა სათანადოდ, სასიკვდილო შედეგითაც დამთავრდეს ეს ამბავი ან ჩემთვის, ან სხვისთვის...”

სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული მიმართვის კიდევ ერთი თანაავტორი, იურისტი თამარ გურჩიანი, აცხადებს, რომ ისინი არ ითხოვენ ადამიანების კოლექტიურად გასამართლებას. 17 მაისის მოვლენები ვითარდებოდა ქალაქის ცენტრში, მომხდარი ძალადობის დოკუმენტირების არაერთი საშუალება არსებობდა. შესაბამისად, რთული არ არის იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობის მონაწილე იყო.

პროკურატურას დამნაშავეების დასჯისაკენ საგანგებო განცხადებით, სამოქალაქო სექტორის გარდა, სახალხო დამცველმაც მოუწოდა. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ:
უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

”საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა”.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე საქმეზე. ამ დრომდე დაკავებული იყო მხოლოდ ოთხი პიროვნება, რომლებიც 100-ლარიანი ჯარიმების სანაცვლოდ 21 მაისს გაათავისუფლეს. სხვების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

რაც შეეხება იმას, ეყოფა თუ არა ძალა ხელისუფლებას მიიღოს რადიკალური ზომები და იმოქმედოს უფრო გაბედულად, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ის არ დაკარგავს მხარდამჭერებს მორწმუნეთა ჯგუფში, თუ თანმიმდევრული იქნება დემოკრატიის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით. თუმცა რომც დაკარგოს ეს ხმები, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლებას არც უნდა ჰქონდეს აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა.

მიმდინარე კვირაში ძლადობის წინააღმდეგ კიდევ ორი საპროტესტო აქცია დაიგეგმა: 24 მაისს დედაენის ბაღში გაიმართება აქცია, დევიზით ”არა თეოკრატიას”, 25-ში კი აქციის მონაწილეები, დევიზით ”კანონი უზენაესია”, უკვე პროკურატურასთან შეიკრიბებიან და დამნაშავეების დროულად დასჯას მოითხოვენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG