Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის მოტივი თანაგუნდელებისთვის უცნობია


ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ შეიარაღებული ადამიანები. მას ცეცხლსასროლი იარაღით ფეხებისა და ზურგის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი თანაგუნდელები თავდასხმის სავარაუდო მოტივებზე არაფერს ამბობენ და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ. შსს-ს მიმართავს პრემიერ-მინისტრიც. ის ითხოვს საქმის გამოძიებას „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“. ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურია.

სავარაუდო მოტივზე, რის გამოც შეიძლებოდა დაეჭრათ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, მისი თანაგუნდელები არ ლაპარაკობენ. არაფერს ამბობს ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე. ერთადერთი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებს, არის თავად ფაქტი, რომ ქალაქის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანზე:

„ერთადერთი, მე მაქვს იმედი, რომ ოპერატიულად და ობიექტურად წარიმართება გამოძიება და იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც თქვენც გაწუხებთ და ჩვენც, თავისუფალ დემოკრატებს, მალე გავიგებთ. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსზე შეიარაღებულ თავდასხმას ვერ წარმოვიდგენდი.

მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე

არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, განა რა წინაპირობა უნდა ჰქონდეს იმას, რომ ასეთი რამ მოხდეს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი“.

ინფორმაცია ალექსი პეტრიაშვილზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შესახებ შს სამინისტრომ დღის 2 საათისთვის გაავრცელა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საბურთალოს რაიონში უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის, ლევან მიქელაძის, საფლავზე იმყოფებოდა სამ მეგობართან ერთად. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის თქმით, ალექსი პეტრიაშვილს აღენიშნება სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხებსა და წელ-ზურგის არეში და, ასევე, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა თავის არეში. მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მომხდარი ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება, უპირველესად, სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის. მათ შორისაა რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილიც:

„ბუნებრივია, უნდა ვთხოვოთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოს, რაც შეიძლება სწრაფად დაადგინოს, რა და როგორ მოხდა. რა მოტივიც არ უნდა იყოს, სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული დანაშაული, დამნაშავეები გამოვლენილნი და დასჯილნი“.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც მსგავსი რამ ხდება, თუმცა, სამწუხაროდ, ხდება. სანამ ჩვენ არ გვეცოდინება მიზეზი, მოტივაცია ამისი რა იყო, მანამდე თქმა, რომ რაღაც საშინელება მოხდა... ზუსტად იმ დონის საშინელება მოხდა, რაც, მაგალითად, რომ დაეჭრათ ქუჩაში ვინმე გივი გივიშვილი...

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც მსგავსი რამ ხდება, თუმცა, სამწუხაროდ, ხდება. სანამ ჩვენ არ გვეცოდინება მიზეზი, მოტივაცია ამისი რა იყო, მანამდე თქმა, რომ რაღაც საშინელება მოხდა... ზუსტად იმ დონის საშინელება მოხდა, რაც, მაგალითად, რომ დაეჭრათ ქუჩაში ვინმე გივი გივიშვილი“.

საპარლამენტო უმცირესობა ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი თვლის, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შესაფერისი გარემო მმართველი გუნდის მიერაა შექმნილი. ის იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება დროულად დასრულდება:

„სამწუხაროდ, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ნებადართულია ასეთი სახის გარჩევები, განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიმართავს შსს-ს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნეს გამოძიებული ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი. განცხადება ამის შესახებ მან თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა. განცხადების მიხედვით, სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG