Accessibility links

ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში „შეკვეთილი“ დანაშაულის კვალს ხედავენ


ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი

"თავისუფალი დემოკრატების" რიგებში დეტალები არ კონკრეტდება, მაგრამ უკვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ პარტიის გენერალურ მდივანზე 26 თებერვალს მომხდარი თავდასხმა „შეკვეთილი“ იყო. 27 თებერვალს გახმაურდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ალექსი პეტრიაშვილი შემთხვევის ადგილას მარტო არ იყო და რომ მასზე თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ. ხელისუფლება საგამოძიებო რესურსების მაქსიმალურ მობილიზებაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ოპოზიცია ხელისუფლებას კრიმინალური ვითარების გამწვავებისთვის აკრიტიკებს. ამერიკის ელჩი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მას შემდეგ, რაც მწვავე ეტაპმა ჩაიარა, რამდენიმესაათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ექიმები დარწმუნებით ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ალექსი პეტრიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა – ვინ გაიმეტა პოლიტიკოსი სასიკვდილოდ.

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახისა და ახლობლების წრეში სულ უფრო აშკარად იკვეთება ვარაუდი, რომ უშუალო თავდამსხმელების უკან შემკვეთები დგანან. პოლიტიკოსის მეუღლის, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გარდა, შეკვეთილი თავდასხმის ვერსიაზე 27 თებერვალს ყურადღება გაამახვილა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემაც, როდესაც ის მეგობრის მოსანახულებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა:

ნინო გოგუაძე

ნინო გოგუაძე

"ფაქტია ის, რომ ალექსის თავს დაესხა ორი სრულიად უცნობი და საკმაოდ გაწვრთნილი ადამიანი ამ საქმეში. ფაქტია, – ეს ჩემი შეფასებაა, – რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული... ერთი იყო ნიღბიანი, მეორე იყო მაღალი და სახეზე ჰქონდა აფარებული... ყველაფერი წამებში მოხდა და ამიტომ მისი აღწერა ზოგადად შეუძლებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ არც ერთ ამ თავდამსხმელს ალექსი არ იცნობდა“.

იმის გამო, რომ სახეები დაფარული ჰქონდათ, თავდამსხმელების ამოცნობა, სავარაუდოდ, გაუჭირდება კახა საკანდელიძესაც, ალექსი პეტრიაშვილის მეგობარს, რომელიც 26 თებერვალს მასთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას – საბურთალოს სასაფლაოზე (დიპლომატის, გარდაცვლილ ლევან მიქელაძის, დაბადების დღესთან დაკავშირებით). როგორც საკანდელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, თავდამსხმელებს თან ჰქონდათ ხელკეტები, მათგან მხოლოდ ერთი იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით და ისინი მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილს დაესხნენ თავს. ასევე არსებობს სავარაუდო თვითმხილველის მონათხრობი, რომ სროლამდე თავდამსხმელებმა ალექსი პეტრიაშვილს გამეტებით სცემეს ჯოხით.

26 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარასკევს, გვიან საღამოს, მოინახულა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და შეეცადა დაეიმედებინა ყველა, რომ მისი უწყება ყველაფერს აკეთებს ფაქტის დროულად და საფუძვლიანად გამოსაძიებლად.

26 თებერვალს მომხდარ ფაქტს „საშინელსა“ და „შოკისმომგვრელს“ უწოდებს ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი „ფრონტ ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ელჩი ალექსი პეტრიაშვილს მოაზროვნე ადამიანად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდ მხარდამჭერად მოიხსენიებს და გამოძიების დასრულებამდე მხარეებს რეაქციებისგან თავის შეკავებას ურჩევს:

„ვიმედოვნებ, რომ სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდება და დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად გასამართლდება. ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელი არ შეუშალონ საგამოძიებო პროცესის დასრულებას“.

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, ოპოზიციური ფლანგი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სდებს ბრალს კრიმინალური ვითარების გაუარესებაში. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც 27 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა, გამართა. დეპუტატის თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა და საქართველო „განგსტერულ“ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა:

„იქ, სადაც არ არის დაცული პოლიტიკური ფიგურის უსაფრთხოება, კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. და ეს არის შედეგი იმ მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“ 2012 წლის არჩევნების შემდეგ. დღეს კრიმინალი და კრიმინალური სამყარო და დამნაშავეობა არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში“.

მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება...

ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით 27 თებერვალს კომენტარი არ გაუკეთებია შს სამინისტროს და უწყებიდან პასუხის მოძიება ვერც რადიო თავისუფლებამ შეძლო, თუმცა ოპოზიციური ფლანგის ბრალდებებს კრიმინალური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გარკვეულწილად გამოეხმაურა 14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც საზოგადოებას თავისი ახალი მოადგილეები წარუდგინა. მინისტრმა იმ დღეს თქვა, რომ დანაშაულს სახელმწიფო „შეუწყნარებელ პოლიტიკას“ უპირისპირებს, მაგრამ ისიც ითქვა, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა „უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება“.

26 თებერვალს, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტის გახმაურების შემდეგ მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარის „მაქსიმალურად მოკლე ვადებში“ გამოძიების მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიმართა. „მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება“, – ვკითხულობთ პრემიერის მიერ პარასკევს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG