Accessibility links

logo-print

როგორ აისახება საქართველოზე ნავთობის ფასების შემცირება


"ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური

"ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური

ბოლო ორი თვის მანძილზე მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია ჯერჯერობით საქართველოში საწვავის ფასებზე მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. მაისის თვეში ბენზინის საწვავი 5 თეთრით გაიაფდა, მანამდე კი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ვარაუდობენ, რომ საქართველოში საწვავის ფასების კლების პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით ვითარება უცვლელი რჩება.

1 ივნისს, გამართული ვაჭრობის შედეგად, ერთი ბარელი ”ბრენტ” მარკის ნავთობი გაიაფდა და ორი თვის წინანდელი 120 დოლარიანი მაჩვენებლიდან 100 დოლარზე ნაკლებ ნიშნულზე ჩამოვიდა. ასევე გაიაფდა უფრო დაბალი კლასის ნავთობი ”დაბლიუ-თი-აი” - მისი ფასი 85 დოლარის ფარგლებშია.

მსოფლიოს ბაზრებზე ჩამოყალიბებულ ამ ტენდენციას ეხმიანება მოძრაობა „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“. მისი აქტივისტები ხშირად იკრიბებიან და სხვადასხვა აქციებს ატარებენ, ბენზინისა და დიზელის ღირებულების შემცირების მოთხოვნით. ერთი ასეთი აქცია 19 მაისს მოაწყვეს. აქტივისტებისგან შემდგარმა საავტომობილო კოლონამ თბილისის ცენტრალური ქუჩები ხმოვანი სიგნალების თანხლებით შემოიარა და ასე გააპროტესტა საქართველოს ბაზარზე არსებული საწვავის ფასები.

საწვავი 34 თეთრით უნდა გაიაფდეს?

მართალია, მაისის თვეში საავტომობილო ბენზინის ფასები 5 თეთრით შემცირდა, მაგრამ საპროტესტო მოძრაობის წევრებს ეს არ აკმაყოფილებთ. მათი ლიდერის ბექა კემულარიას განცხადებით, მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის გაიაფებისა და საწვავის „პლატცის“ შემცირების შედეგად, საქართველოში ბენზინი, ნაცვლად 5 თეთრისა, 34 თეთრით უნდა გაიაფებულიყო. ბექა კემულარია ასეთ დასკვნამდე მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მივიდა:

რომ გავყოთ ეს 458 ლარი 1350 ლიტრზე, - ამდენია 1 ტონა ბენზინი, - მივიღებთ, რომ 1 ლიტრი ბენზინის ფასი უნდა შემცირდეს 34 თეთრით ...
„დღეს 989 დოლარია პლატცი, ანუ შემცირებულია, 4 აპრილთან შედარებით, 238 დოლარით. შესაბამისად, დღგ-ც შემცირდა. მივიღებთ 458 ლარს. რომ გავყოთ ეს 458 ლარი 1350 ლიტრზე, - ამდენია 1 ტონა ბენზინი, - მივიღებთ, რომ 1 ლიტრი ბენზინის ფასი უნდა შემცირდეს 34 თეთრით.“

ბექა კემულარია უსამართლოს უწოდებს იმ მოგებას, რომელიც, მისი ანგარიშის მიხედვით, საწვავის ბიზნესის წარმომადგენლებმა 34 თეთრიანი სხვაობის შედეგად მიიღეს:

”ყოველი უსამართლოდ მომატებული 5 თეთრი არის სადღაც 3 მილიონი ლარი. ანუ ამ ერთი თვის მანძილზე 30 მილიონი ლარი უსამართლოდ მიითვისეს.”

ის, რასაც ბექა კემულარია უსამართლოდ მითვისებულად მიიჩნევს, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მიმდევრებისთვის სრულიად ბუნებრივი მოგებაა. მიღებულია, რომ დიდი თუ პატარა საქმის წარმოების მთავარი მიზანი მოგებაა და მასზე უარს არავინ ამბობს. საქართველოში საწვავის ფასების მოცულობაში არაბუნებრივს და უსამართლოს ვერაფერს ხედავს ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის” მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი. მისი აზრით, საწვავზე ფასწარმოქმნას მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი განსაზღვრავს:

ბოლო 40 თეთრით გაძვირებაზე ბაზარს ჰქონდა ნულოვანი რეაგირება მოთხოვნის კუთხით. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ბენზინის ქართველ იმპორტიორებს ჰქონდეთ რაიმე სტიმული ბენზინის ფასის კლების ...
”გაყიდვების კლებას არ უჩივიან არც ერთ შემთხვევაში, მიუხედავად ფასის ზრდისა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა სტიმული უნდა ჰქონდეთ, რომ ფასი დააკლონ? მათი სტიმული არის ნული, რადგან ბოლო 40 თეთრით გაძვირებაზე ბაზარს ჰქონდა ნულოვანი რეაგირება მოთხოვნის კუთხით. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ბენზინის ქართველ იმპორტიორებს ჰქონდეთ რაიმე სტიმული ბენზინის ფასის კლების. პირიქით, ჩემი აზრით, ისინი ცალკეულ შემთხვევაში უფრო მეტადაც კი უწევენ ანგარიშს იმ თემას, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა და შემდეგ 5 თეთრით აიაფებენ ხოლმე.”

მის მოსაზრებას მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის შესახებ იზიარებენ ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც. მათ შორისაა დავით ნარმანიაც, ოღონდ იგი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ბაზარზე კონკურენტული გარემოს არსებობას:

”ეს პრინციპი მოქმედებს უფრო მეტად სრულყოფილი კონკურენციის ბაზრებზე, ხოლო ჩვენთან, სადაც კონკურენცია, გარკვეული თვალსაზრისით, არის შეზღუდული, ეს პრინციპი გამართულად ვერ მუშაობს. თუმცა ის, რომ ჩვენთან საწვავზე მოთხოვნა არის, ეს ფაქტია.”

საწვავი სომხეთში უფრო იაფია

დავით ნარმანიას მიერ დასახელებული მიზეზის მიუხედავად, საქართველოში საწვავზე ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე მეზობელ თურქეთში, სადაც ბაზრის კონკურენტუნარიანობა ეჭვს არ ბადებს. თუმცა საქართველოში ნავთობპროდუქტებზე არსებული ფასის მოწინააღმდეგენი მეზობელი სომხეთის მაგალითს იშველიებენ, სადაც საწვავის ღირებულება შედარებით ნაკლებია.

ამ განსხვავების განმარტებისას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი რამდენიმე არგუმენტს იშველიებს. იგი ყურადღებას ამახვილებს ნავთობპროდუქტების სფეროში საქართველოსა და სომხეთის საგადასახადო რეჟიმების თავისებურებებზე:

"სოკარის" ბენზინგასამართი სადგური

"სოკარის" ბენზინგასამართი სადგური

”საგადასახადო დაბეგვრა სხვადასხვაა ჩვენთან და სომხეთში. ვთქვათ, დიზელის საწვავზე იქ არის 12 პროცენტიანი დაბეგვრა, როდესაც ჩვენთან არის 150 ლარიანი აქციზი და 18 პროცენტიანი დღგ-ს გადასახადი. ჩვენთან აქციზები და სხვა გადასახადები რომ შემცირდეს, რა თქმა უნდა, პროდუქტის ფასი შემცირდება.”

ვანო მთვრალაშვილი სხვა მიზეზებზეც საუბრობს, რაც საქართველოში საწვავის ფასს განასხვავებს. ერთ-ერთია ინფრასტრუქტურის მაღალი დონე, რაშიც კომპანიები მილიონობით ინვესტიციას ახორციელებენ. ბუნებრივია, ეს დანახარჯები საწვავის ფასზე აისახება. მიუხედავად ამისა, ”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირების ტენდენციის გამო საქართველოში საწვავის ფასი უახლოეს მომავალში კიდევ შემცირდება.
XS
SM
MD
LG