Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი დომინანტი კომპანია ფარმაცევტულ ბაზარზე?


22 ივნისს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ეს ბაზარი ეფექტიანი მართვის ნაკლებობით ხასიათდება. კვლევაში საუბარია ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არათანაბარ პირობებსა და სამი დომინანტი კომპანიის მიერ ბაზრის მონოპოლიზაციაზე, რასაც, კვლევის ავტორების შეფასებით, პირდაპირი კავშირი აქვს ბაზარზე მედიკამენტების ფასის ზრდასთან.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი, ანალიტიკოსი ხერარდ დებორი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისას მათ მთავარი აქცენტი ამ ბაზრის სტრუქტურაზე გააკეთეს. კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” 2009 წელს შეტანილმა ცვლილებებმა, რომელთა მიზანს კონკურენციისათვის ხელშეწყობა წარმოადგენდა, ბაზარზე მხოლოდ ნაწილობრივ იქონია გავლენა. ბაზარზე მსხვილი კომპანიების დომინირება პრაქტიკულად არ შეცვლილა:

”ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე კომპანია დომინირებს. ესენია ”პე-ეს-პე”, ”ავერსი” და ”ჯი-პი-სი” . მათ ყველა სექტორში ფარმაცევტული ბაზრის უდიდესი წილი უკავიათ - იქნება ეს იმპორტი, დისტრიბუცია თუ მედიკამენტების წარმოება. ეს კი მათ აძლევს საშუალებას ზეგავლენა მოახდინონ ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებზე. რადგან ისინი ბაზარზე დომინანტებად რჩებიან, ყველა კომპანია სწორედ მათ მიერ იმპორტირებულ წამლებზეა დამოკიდებული და მედიკამენტების ფასებსაც ბაზარზე ისინი აკონტროლებენ. რატომ არ არის ბაზარზე კონკურენცია? იმიტომ რომ ამ სამ დიდ ფარმაცევტულ კომპანიას კონკურენციას უწევს ერთადერთი, შედარებით პატარა კომპანია, რომელსაც ბიზნესი თბილისის გარეთ არ გაუფართოებია. შესაბამისად, რეგიონებში ამ ბაზარზე არც კონკურენცია არსებობს.”

ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების მიერ წახალისებული ექიმები სწორედ მათ მედიკამენტებს ნიშნავენ ...
ეკა გიგაური

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური შენიშნავს, რომ, მართალია, 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა ბაზარზე კონკურენცია გარკვეულწილად წაახალისა, მან მაინც ვერ შეამცირა სათანადოდ დომინანტი კომპანიების გავლენა, ბაზრის უდიდესი ნაწილის მათ ხელში ყოფნა კი მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატის არსებობას იწვევს, რაც ხშირად ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებზე ბევრად მაღალია. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” იმოწმებს ფონდ ”კურაციოს” მიერ ჩატარებულ კვლევასაც, რომლის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მედიკამენტების ფასების საერთო კლების მიუხედავად, წამლების მხოლოდ 30%-ის ფასმა დაიკლო. ეკა გიგაური საუბრობს ამ სფეროში არსებულ კიდევ ერთ ტენდენციაზე - კვლევის მიხედვით, ექიმების გადაწყვეტილებაზე, თუ რომელი წამალი დაუნიშნონ პაციენტს, ხშირად გავლენას ახდენს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მათთვის შეთავაზებული ფინანსური თუ სხვა სახის წახალისება:

”ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების მიერ წახალისებული ექიმები სწორედ მათ მედიკამენტებს ნიშნავენ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აფთიაქში მოთხოვნილი წამლის ნაცვლად სხვა, კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებულ წამალს სთავაზობენ, რაც შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო შეთავაზება.”

აქვე რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემის შესახებ: კვლევაში ვკითხულობთ, რომ ფარმაცევტულ პროდუქტებზე არსებული მოთხოვნა 2005-2010 წლებში საშუალოდ წელიწადში 17%-ით იზრდებოდა. 2010 წელს საქართველოში საშუალო ოჯახი თავისი შემოსავლის 34%-ს ჯანდაცვაზე ხარჯავდა. მხოლოდ ფარმაცევტულ პროდუქტებზე კი ეს დანარხარჯი 2010 წელს 60% იყო.

არასწორი რიცხვებია მოყვანილი ბაზრის შეფასებაში, დარიცხვების პროცენტების შეფასებაში და ზოგადადაც. ვერ ვხვდები, რატომ მომზადდა ასეთი არასწორი კვლევა. რაც ეხება დომინანტობას ბაზარზე, მაგალითად, გერმანიის ფარმაცევტული ბაზარი რამხელაა მოგეხსენებათ და არის სულ ორი დისტრიბუტორი ...
პაატა კურტანიძე

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 70 მწარმოებელი ოპერირებს, მაგრამ წარმოების 90% ორ კომპანიაზე მოდის - „ავერსსა“ და „პე- ეს-პე-ზე. ისინი, იმავდრულად, ყველაზე დიდი კომპანიები არიან იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორშიც - მათი ერთობლივი წილი 48%-ია.
მათ შემდეგ ბაზრის უდიდესი წილი უკავიათ „ჯი-პი-სი-სა“ და „ეი-ბი-სი ფარმაციას“ , რაც, ერთობლივად, 23%.-ს შეადგენს.

სულ საქართველოში მედიკამენტების საცალო გაყიდვების დაახლოებით 2400 კომპანიაა, რომელთაგან 46-ს ორი ან მეტი აფთიაქი აქვს. ხუთი ფარმაცევტული ქსელი კი 30 ან მეტ აფთიაქს ფლობს.

ანგარიშის პრეზენტაციაზე 22 ივნისს ”ავერსის” გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძეც მივიდა. მან თქვა, რომ ანგარიშში მოყვანილი მოსაზრებები და ციფრებიც არაზუსტია, ზოგადად კვლევა კი ადგილობრივი წარმოების შეზღუდვას ისახავს მიზნად:

”არასწორი რიცხვებია მოყვანილი ბაზრის შეფასებაში, დარიცხვების პროცენტების შეფასებაში და ზოგადადაც. ვერ ვხვდები, რატომ მომზადდა ასეთი არასწორი კვლევა. რაც ეხება დომინანტობას ბაზარზე, მაგალითად, გერმანიის ფარმაცევტული ბაზარი რამხელაა მოგეხსენებათ და არის სულ ორი დისტრიბუტორი, ამერიკაში - სამი, საქართველოში კი არის 456 დისტრიბუტორი. თუ ”ავერსს” აქვს 20% ბაზრის წილის, ”პე-ეს-პეს” -დაახლოებით ამდენივე. როგორ შეიძლება ოლიგოპოლიაზე ვისაუბროთ და, მით უმეტეს, მონოპოლიაზე?“

”ავერსის” აფთიაქი
”ავერსის” აფთიაქი
2009 წლის შემდეგ, კურტანიძის თქმით, მედიკამენტების ფასმა საშუალოდ 35%-ით იკლო:

”ზოგიერთი წამალი სამჯერ გაიაფდა, მაგრამ ეს იმან კი არ გამოიწვია, რომ საბითუმო კომპანიებს დიდი დარიცხვა ჰქონდათ და ეს დარიცხვა შეუმცირდათ. ეს ახალმა კანონმა გამოიწვია, რადგან თუ ადრე მხოლოდ ერთი შეფუთვით შეიძლებოდა შემოტანა მწარმოებლისგან, ახლა შეიძლება ნებისმიერი შეფუთვით და ამიტომ ჩვენ თუ, მაგალითად, ”ფორტუმს” ”გლაქსოსგან” პირდაპირ ინგლისიდან ვყიდულობდით 7,5 დოლარად, დღეს იმავე წამალს ლატვიაში ვყიდულობთ 2,,5 ნახევრად.”

რეკომენდაციის სახით, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და კვლევის ავტორი ხერარდ დებორი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს ახლად შექმნილი ”კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელსაც ინფორმაციაზე მეტი ხელმისაწვდომობა აქვს, უფრო აქტიურად დაინტერესდეს ამ ბაზარზე არსებული მდგომარეობით და ფარმაცევტული ბაზრის ამომწურავი ანალიზი მოამზადოს“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG