Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან მომავალ ეჭვებს თბილისი ევროკავშირთან გაარკვევს


ფილიპ ლეფორი
ფილიპ ლეფორი
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეს თბილისში საგანგებო შეკითხვით ელოდებიან. პოსტიდან მიმავალ ფილიპ ლეფორს საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 იანვარს დაუსვამს შეკითხვას, მართლა გააკეთა თუ არა მან ცხინვალში განცხადება, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. ვის და რატომ უკვირს ან არ უკვირს ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სიტყვები, რასაც აქტიურად ავრცელებს რუსულენოვანი მედია?

სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი უკვე დიდი ხანია განსაზღვრულია ამ რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მიერ და ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია... ეს არის რეალობა, რომლითაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და მუშაობა - ამ შინაარსის განცხადებები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ეკუთვნის, თუკი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ცნობებს დავეყრდნობით. წყაროები ირწმუნებიან, რომ ფილიპ ლეფორმა ეს განცხადებები 20 იანვარს ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან და მის გარემოცვასთან შეხვედრის დროს, გააკეთა.

ცნობებმა, რაც სკანდალურად მიიჩნიეს, ბევრი შეაშფოთა საქართველოში, თუმცა მთავრობა, ინფორმაციის გადამოწმებამდე, თავს იკავებს მკვეთრი და მწვავე შეფასებებისგან. როგორც 21 იანვარს აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, შეკითხვას ის თავად აუცილებლად დაუსვამს ფილიპ ლეფორს, ოთხშაბათს დაგეგმილი პირისპირ შეხვედრის ფარგლებში. მანამდე კი საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება:

”საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, მისი ორი რეგიონი არის აღიარებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და საქართველო არასოდეს არ შეეგუება არც ერთს და არც მეორეს და იგი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, მუშაობს და მოქმედებს იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს და დაუბრუნდეს ძველ პარამეტრებს”.

ხშირ შემთხვევაში გამოირჩეოდა მერყეობით და, გარკვეულწილად, გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი დაყოლიების კუთხით. მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა...
დავით ზანკალიანი
იმას, რომ ფილიპ ლეფორისგან დაუჯერებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადებები, 21 იანვარს, მინისტრ მაია ფანჯიკიძის მსგავსად, მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც აღნიშნავდა. მათთვის წარმოუდგენელია, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კითხვის ქვეშ დაეყენებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაშინ როცა ამ საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას მუდმივად ადასტურებს თავად ევროკავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში ფილიპ ლეფორისგან ამ კატეგორიის საკითხებთან მიმართებით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო და რუსეთის ინტერესების შესაბამის პოზიციას არ მოელიან.

თუმცა აქვე გავიხსენოთ, რომ გასული წლის მიწურულს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე დავით ზალკალიანმა ფილიპ ლეფორი საკმაოდ დამაეჭვებელ კონტექსტში მოიხსენია, როცა ის ჟენევის მოლაპარაკებებზე ძალის არგამოყენების ერთობლივ დოკუმენტთან მიმართებით საქართველოსთვის მიუღებელ მხარეებზე ლაპარაკობდა. 27 დეკემბერს დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარე რუსეთის სასარგებლოდ, საქართველოსთვის არასახარბიელოდ მოქმედებდა:

”ხშირ შემთხვევაში გამოირჩეოდა მერყეობით და, გარკვეულწილად, გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი დაყოლიების კუთხით. მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა - ყველა მონაწილემ გამოხატა, რომ კონსენსუსი არ არის. მომავალი წლიდან ახალი თანათავმჯდომარე იქნება - ლეფორი, რომელიც იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, მისი მოღვაწეობა დასრულდა. (26-ე რაუნდი) იყო მისთვის ბოლო რაუნდი. მან ეს გამოაცხადა. შემდეგი რაუნდი იქნება 25-26 მარტს. ევროკავშირს ეყოლება ახალი წარმომადგენელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ახალ თანათავმჯდომარესთან ვიმუშაოთ, რომ იყოს მისი მხრიდანაც ისეთი სერიოზული მხარდაჭერა, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა თანათავმჯდომარეებისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”.

შეიძლება პიროვნულად ლეფორს ან ვინმე სხვა ადამიანს ასე სწამდეს... მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი განცხადება არის სრულიად მიუღებელი ასეთი თანამდებობის და რანგის ადამიანისთვის...
გია ნოდია
”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელის გია ნოდიას აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, თუ ზუსტად რა და როგორ თქვა 20 იანვარს ცხინვალში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ანალიტიკოსი ჩვენთან საუბარში უსაფუძვლოდ მიიჩნევს შიშს იმის თაობაზე, რომ თუკი ლეფორმა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საქართველოსთვის მიუღებელი პოზიცია დააფიქსირა, ეს შესაძლოა ევროკავშირის პოზიციაც იყოს. თუმცა, თუკი გავრცელებული განცხადებების შინაარსი სიმართლეს შეესაბამება, თბილისის რეაგირება გარდაუვალია:

”თუ მან ნამდვილად გააკეთა ეს განცხადება, ეს შესაძლოა იყოს თვითონ მისი რაღაცნაირი განწყობის გამოხატულება. შეიძლება პიროვნულად ლეფორს ან ვინმე სხვა ადამიანს ასე სწამდეს... მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი განცხადება არის სრულიად მიუღებელი ასეთი თანამდებობის და რანგის ადამიანისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე ძალიან თანმიმდევრული რეაგირება უნდა მოახდინოს”.

ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალიდან მომავალ ეჭვებთან დაკავშირებით განმარტებებს პირადად ფილიპ ლეფორისგან მოისმენდეს, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა 21 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, საინფორმაციო სააგენტო Civil.ge–ს უთხრა, რომ „ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ამაში არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და არც უნდა შეეცადონ მის არასწორად ინტერპრეტაციას“.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG