Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაიფუნით დაზარალებული ფილიპინებისაკენ საერთაშორისო დახმარება დაიძრა


აშშ-მა ავიამზიდი და 20 მილიონი დოლარის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა ფილიპინებში, სადაც შიშობენ, რომ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ტაიფუნმა „ჰაიანმა“. ოფიციალური პირების ცნობით, ატომური ავიამზიდი „U.S.S. ჯორჯ ვაშინგტონი“ ჰონგ კონგიდან გაემგზავრა სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.

პენტაგონი თანახმად, აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ავიამზიდი უბედურების ზონას დაახლოებით, სულ მცირე, 48 საათში მიაღწევს. ფილიპინებისათვის მარაგის ჩასატანად ამერიკულ ხომალდს, რომელზეც 5000-მდე მეზღვაური და 80 თვითმფრინავი იმყოფება, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გასაწევად კიდევ ხუთი გემი ახლავს. გაეროს მონაცემებით, ტაიფუნმა ადგილნაცვალ პირებად აქცია 660 000-მდე ფილიპინელი. გასაჭირში მყოფ ფილიპინებს ბევრი სხვა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც უწევს ათობით მილიონი დოლარის დახმარებას, - განაცხადა მედიასთან საუბარში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ჯონ გინგმა, რომლის თქმითაც, გადაუდებელი დახმარება, პირველ ყოვლისა, სჭირდება ტაიფუნის შედეგად დაღუპული ათასობით ადამიანის დამარხვას და მასობრივი ეპიდემიის პრევენციას:

„ტაიფუნმა, დაახლოებით, 660 ათასამდე ადამიანი დატოვა უსახლკაროდ, რის საპასუხოდ ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად და დიდი მასშტაბით ვახდენთ ჩვენი ძალების მობილიზებას“.

როგორც ზემოთ ითქვა, ციკლონის მოქმედების შედეგად, კატასტროფაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად გაგზავნილი ამერიკული არმადა ფილიპინებში 20 მილიონი დოლარის დახმარებას, მათ შორის, საკვებს, კარვებს და სამედიცინო მოწყობილობას ჩაიტანს. სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებით ფილიპინებში 16 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ჩატანის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმაც გააკეთა.

გაერომ კი ფილიპინების მოსახლეობის დასახმარებლად 25 მილიონი დოლარის გადაუდებელი დახმარება გამოყო.

დახმარების უდიდესი მოცულობა მიმართული იქნება ტაკლობანისაკენ, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა გამანადგურებელი ტაიფუნის შედეგად. ტაკლობანის ათასობით მცხოვრები შეკრებილია აეროპორტში, რათა როგორმე გაეცალოს კატასტროფის ადგილს.

ერთ-ერთი ბინადარი ქალი, მარიდოლის დაზარალებული ადამიანების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს:

„ჩვენ კვლავ გადარჩენისათვის ვიბრძვით, თუმცა აქ ყოფნა ძალიან რთულია. ყველაფერი განადგურებულია - ჩვენი სახლები, ყველაფერი. არ არის საჭმელი, არ არის სასმელი“.

ფილიპინების ხელისუფლების ინფორმაციით, ტაიფუნ „ჰაიანის“ დამანგრეველმა სტიქიამ 10 მილიონიანი ქვეყნის, დაახლოებით, 41 პროცენტი დააზარალა. ციკლონის შედეგად, რამდენიმე ათასი კაცი დაიღუპა. ხელისუფლება უარესის მოლოდინშია და სამაშველო სამუშაოებმა, შესაძლოა, სულ უფრო მეტი ადამიანის ტრაგედია გამოააშკარავოსო, - ვარაუდობს გაეროს ჰუმანიტარულ დახმარების კოორდინაციის ოფისის ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ჯონ გინგი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG