Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიჩუმეში დაკარგული ზარები


ვარდები "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზთან
ვარდები "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზთან

ამჯერადაც სიმბოლოებს დაარტყეს. ამოირჩიეს სამი სიმბოლო:

1. საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო მატჩი – ევროპის კავშირი, ერთობა და სიძლიერე;
2. კაფეები და ტერასები – პარიზის სიმბოლო, თავისუფლების, სილაღის;
3. საკონცერტო დარბაზი, სადაც ძირითადად ახალგაზრდები დადიან – ესეც თავისუფლების სიმბოლო.

„შარლი ებდო“ და კოშერის მაღაზიაც სიმბოლოები იყო, ქალაქი პალმირა და ბუდას ქანდაკებებიც სიმბოლოებია, სხვა კატეგორიის სიმბოლოები, ცივილიზაციის სიმბოლოები. მაგრამ თუ კარგად დავუფიქრდებით, ყველა ეს სიმბოლო ერთ დიდ სიმბოლოში იყრის თავს, სიმბოლოში, რომელიც ყველა პარიზელისა და ყველა ჩვენგანის გამაერთიანებელია და რომელიც ჩვენი ცხოვრების წესია. ეს სიმბოლო თავისუფლებაა, თავისუფლება, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვაც ღირს...

არც ერთ დაღუპულს არც ერთი თავდამსხმელისთვის არ მიუცია საბაბი იმისა, რომ მათზე ტყვიების ჯერი მიეშვათ.

არც ერთ დაღუპულს არც ერთი თავდამსხმელისთვის არ მიუცია საბაბი იმისა, რომ მათზე ტყვიების ჯერი მიეშვათ ან პირდაპირი დამიზნებით შუბლში ესროლათ. არ ალაპარაკეს, ყველა დახოცეს, ყველა, ვინც კი იპოვეს საკონცერტო დარბაზში. არც კაფეების ტერასებზე დატოვეს ვინმე ცოცხალი. ასე უმიზეზოდ, უკომენტაროდ, უსიტყვოდ ჩახოცეს ყველა, ყველა ვინც ვერ გაიქცა, თავი ვერაფერს შეაფარა ან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მივიდნენ იმ მიზნით, რომ მოეკლათ, პირუტყვებივით დაეხოცათ თანატოლები – ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები, რომელთაც ცხოვრება უხაროდათ სულ რამდენიმე წუთით ადრე.

თავს დაესხნენ ყველას: ფრანგსა და არაფრანგს, კათოლიკეს, მუსლიმსა და ათეისტს, თეთრკანიანსა და შავკანიანს, ყველას – მთელ კაცობრიობას.

ვერასოდეს მივხვდები, რა ამოძრავებთ, რატომ იქცევიან ასე. რას ფიქრობენ იმ მომენტში, როცა შაჰიდის ქამარს იკეთებენ წელზე, რაზე ფიქრობენ ტერორისტული აქტის წინა ღამეს? ნუთუ ერთი წამითაც არ ეპარებათ ეჭვი გადაწყვეტილების სისწორეში? ან დეტონატორის ამოქმედების შემდეგ თუ ენანებათ ცხოვრებასთან განშორება? პასუხები ვიცი, მაგრამ რა ვქნა, მაინც მაინტერესებს, მათგან მინდა გავიგო...

ტერორიზმი მართებულად არის მიჩნეული ჩვენი დროის სიმსივნედ, ტერორისტები კი – ბარბაროსებად.

ტერორიზმი მართებულად არის მიჩნეული ჩვენი დროის სიმსივნედ, ტერორისტები კი – ბარბაროსებად. მათ არ აქვთ რელიგია, ეროვნება, ეთნიკური წარმომავლობა და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ, რას აკეთებ, როგორ იქცევი, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ, რა ფერის კანი გაქვს, სად ცხოვრობ: ევროპაში თუ აზიაში, აფრიკაში თუ ამერიკაში, მორწმუნე ხარ თუ ათეისტი – მათთვის ნებისმიერ შემთხვევაში სამიზნე ხარ! თუ მათსავით არ ფიქრობ, ცხოვრების წესიც განსხვავებული გაქვს, მათი ორგანიზაციის წევრი არ ხარ, მოკლედ, თუ არ გქვია „ჭეშმარიტი“ მუსლიმი, სიცოცხლის ღირსიც არ ყოფილხარ.

ხარ კომუნიკაციის საშუალებაც, რომელსაც ტერორისტები ბოროტებისა და ზიზღის გასავრცელებლად იყენებენ. შენ, მე თუ სხვას ისინი აღიქვამენ უსახურ მსხვერპლად, დახარჯულ ტყვიად ან კიდევ დაღვრილ სისხლად – ყველაფრად, გარდა ადამიანისა.

იანვარში „შარლი ებდოს“ კარიკატურები არ მოეწონათ; გასულ ხუთშაბათს ბეირუთში ის მუსლიმები დახოცეს, ვინც მოღალატეებად მიაჩნიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპელებს ესაუბრებიან, ყურანის ლიბერალურ ინტერპრეტაციას აკეთებენ და ა.შ. პარასკევს, პარიზში მოწყობილი თავდასხმებით ისინი ებრძვიან თავისუფლებას, ევროპულ ღირებულებებს, განათლებას, სილაღეს, ებრძვიან დემოკრატიას, ებრძვიან ყოველივე იმას, რასაც ჩვენ კაცობრიობის მონაპოვრად მივიჩნევთ. რა გახდება მათი ბრძოლის სამიზნე და საბაბი ხვალ, არავინ იცის. საბაბს რა გამოლევს!

მთავარია, რომ ისინი თავისუფლებას, თავისუფალი ადამიანის ცხოვრების წესს ებრძვიან და ამ ბრძოლაში მხოლოდ მაშინ დამარცხდებიან, როდესაც ჩვენ, თავისუფალი ადამიანები, ერთად დავდგებით და ერთადვე დავუპირისპირდებით ბოროტებას.

ტერორისტების ტაქტიკა შიშის დანერგვაა – დაშინებული ხალხის მართვა იოლია.

ტერორისტების ტაქტიკა შიშის დანერგვაა – დაშინებული ხალხის მართვა იოლია. შიშისა და პანიკის დათესვას ემსახურება ის მეთოდებიც, რომლებსაც იყენებენ და სოციალური ქსელებითაც ავრცელებენ. ამიტომ ახლა მთავარია, არ შევშინდეთ! არ უნდა შევშინდეთ თუნდაც იმიტომ, რომ არ გავხდეთ მათივე ხელისშემწყობნი, არ შევშინდეთ, რათა ღირსეული პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. არ უნდა შევშინდეთ თუნდაც იმიტომ, რომ შიში აზრს მოკლებულია, ის მხოლოდ ახალ ბოროტებას შობს.

მათთან კომპლექსური ბრძოლაა საჭირო. უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საჭირო იქნება, სანამ ცივილიზაცია არ დაამარცხებს ჩვენი დროის ამ სენს. სახელმწიფო ამ ბრძოლაში უდიდეს როლს თამაშობს, რადგან სახელმწიფო ჩვენი ერთობაა, თავისუფალი და სამართლიანი ადამიანების ერთობა.

რა მოხდა პარიზში? ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული გარეუბნელი ახალგაზრდები, რომელთაც რელიგიური რადიკალიზაცია საფრანგეთის ტერიტორიაზე განიცადეს, სპეციალური წვრთნების გასავლელად სირიის ტერიტორიაზე გაემგზავრნენ. დაბრუნდნენ კონკრეტული მისიით: კოორდინირებულად მოეწყოთ ტერაქტების სერია, დაეხოცათ ყველა, ვისაც გზად გადაეყრებოდნენ, ხოლო შემდეგ თავი აეფეთქებინათ. რვა ტერორისტიდან ექვსმა თავი აიფეთქა. ისინი ისტორიაში შევლენ, როგორც პარიზში თვითმკვლელების მოწყობილი პირველი თავდასხმების ავტორები. მეშვიდე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დადგენის პროცესშია ტერორისტთა ვინაობა, უკვე ვიცით, რომ, სულ ცოტა, სამი მათგანი პარიზის მახლობლად დაბადებული და გაზრდილი მუსლიმი ფრანგი იყო. თვითმხილველები ჰყვებიან, თუ როგორი უზადო, უაქცენტო ფრანგულით მიმართავდნენ ისინი მძევლებს.

სამი თავდამსხმელი პარიზის მახლობლად დაბადებული და გაზრდილი მუსლიმი ფრანგი იყო.

„შარლი ებდოდან“ „ბატაკლანამდე“ გასულმა ათმა თვემ გვიჩვენა, როგორი განსხვავებული და ახალია „ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებული ექსტრემისტული გაერთიანების ტაქტიკა, რამდენად განსხვავდება იგი „ალ ყაიდისაგან“, „ჰეზბოლისაგან“ თუ სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან.

თუ „ალ ყაიდის“ ხელმძღვანელობა ცენტრალიზებულად უწევდა ორგანიზებას ტერორისტულ აქტებს და თვითმკვლელ ტერორისტებსაც პრობლემურ ზონებში მცხოვრები ადამიანებისგან არჩევდა (იქნებოდა ეს ავღანეთი, პალესტინა თუ ლიბია), „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მომავალი თავდამსხმელების შერჩევა ევროპის ქალაქებში ხდება, თანაც, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით, ინტერნეტით ინდოქტრინაციის კონტროლი კი თითქმის შეუძლებელია. შერჩევის ობიექტები საზოგადოებისაგან გარიყული, მუსლიმი ახალგაზრდები არიან. ეს ახალგაზრდები განსხვავდებიან ავღანეთსა თუ ლიბიაში რეკრუტირებული თვითმკვლელი ტერორისტებისგან. ისინი, როგორც წესი, განათლებამიღებული, იმ საზოგადოებაზე გაბრაზებული ახალგაზრდები არიან, რომელშიც დაიბადნენ და გაიზარდნენ და რომელში ინტეგრაციაც ვერ მოახერხეს. ამ კატეგორიის ტერორისტებთან ბრძოლა კი უაღრესად რთული ამოცანაა.

ამიტომ მნიშვნელოვანია, ტერაქტის შემდეგ კი არ დავიწყოთ პრობლემის არსებობაზე საუბარი, არამედ პროაქტიულად დავფიქრდეთ, როგორი საზოგადოების აშენებას ვცდილობთ, რა ღირებულებებს გვინდა, ემყარებოდეს ის, ვეცადოთ, საზოგადოებაში სწორი შეგრძნებები და ფასეულობები დავნერგოთ, რათა არავის მოუვიდეს აზრად, გაამართლოს „შარლი ებდოს“ კარიკატურისტთა დახოცვა, ან ნიშნის მოგებით ისაუბროს მიგრანტთა მიღების ფაქტებზე, ან სულაც მარკეტინგულ სიბეცეში გადავარდეს და მობილურების გაყიდვა ამორალური „იუმორითა“ და სიტყვის თავისუფლებით გაამართლოს.

უნდა დავფიქრდეთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ უერთდებიან, გავერკვეთ, რატომ ხდებიან სალაფისტური ინდოქტრინაციის მსხვერპლნი, რატომ ტოვებენ ოჯახებს, დედებს, მამებს, ახლობლებს, და მიდიან სირიაში. რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაზღვრავს იმას, რომ ეს ახალგაზრდები ასე იოლად ექვემდებარებიან „ტვინების რეცხვას“ და ამ კონტექსტში რას ვაკეთებთ ჩვენ, რათა დავიცვათ ისინი ამ ბოროტებისაგან.

მგონი, უმნიშვნელოვანესია, დავფიქრდეთ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ამ ახალგაზრდების მაქსიმალური ინტეგრირება ქვეყნის ცხოვრებაში, როგორ შევუქმნათ პირობები, სადაც ისინი თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნობენ.

უნდა ვიზრუნოთ მოწყვლად ჯგუფებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, განურჩევლად მათი რელიგიისა და ეროვნებისა.

დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ოჯახმა, ქალაქმა თუ მუნიციპალიტეტმა, უპირველესად უნდა ვიზრუნოთ მოწყვლად ჯგუფებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, განურჩევლად მათი რელიგიისა და ეროვნებისა, კი არ გავრიყოთ ისინი, არამედ, პირიქით, მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის ცხოვრებაში, მივცეთ განვითარების შესაძლებლობა, დავანახვოთ უკეთესი ალტერნატივა, ვიდრე რადიკალიზაცია და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაა, დავანახვოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენთვის თითოეული მათგანი საჭირო და ღირებულია.

ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ გვიან იქნება, სანამ ახალგაზრდები თანატოლებს ავტომატებს მიუშვერენ, სანამ შაჰიდის ქამრიანი ახალგაზრდა ბიჭი სტადიონის შესასვლელთან თავს აიფეთქებს, სანამ 16 წლის გოგონა პანკისიდან სირიაში გაიპარება...

არასოდეს დამავიწყდება ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ფრანგი სპეცრაზმელის მონათხრობი: „‘ბატაკლანის’ შტურმით აღებისა და ბოლო ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ მძიმე, გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა სულ ცოტა ხნით ადრე მუსიკით, სიხარულით, სიცილით, ბედნიერებითა და ხალისით სავსე დარბაზში. სიჩუმეს მხოლოდ დაღუპულთა მობილური ტელეფონის ზარები არღვევდა. ამ ზარებზე პასუხის გამცემი, სამწუხაროდ, აღარავინ იყო.“

ეკა სირაძე-დელონე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საფრანგეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG