Accessibility links

ზუგდიდიდან ფოცხოეწერში თითქმის ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედი. მაღალმთიანი სოფელი, რომელიც ზუგდიდიდან 38 კილომეტრში მდებარეობს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ფოცხოეწერში ამჟამად ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 250 ოჯახიც. მათ შორის არიან 2010 წლის აგვისტოში თბილისიდან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლებული დევნილები. ფოცხოეწერში დასახლება საბჭოთა პერიოდში ენგურჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთათვის აშენდა. კაშხალი დასახლებიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. აქ აგვისტოსთვის უჩვეულოდ გრილა. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, მაღალმთიან სოფელში ქარი თითქმის ყოველდღეა, მაგრამ აქაურ კლიმატს უკვე შეეჩვივნენ. ფოცხოეწერში ჟურნალისტების სტუმრობა არავის უკვირს. მიკროფონის დანახვაზე ეღიმებათ და გვეუბნებიან: „დავიღალეთ პრობლემებზე საუბრით და თქვენგან რა ხეირი მივიღეთო.“ ფოცხოეწერელთა ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბარსაც თავს არიდებს და ლია დეიდას ჯიხურისკენ მიმითითებს, იქ დაგელეპარაკებიანო. ლია ლეჟავა გალის რაიონიდან დევნილია და დასახლებაში 20 წელია ცხოვრობს. მის პატარა ჯიხურში, სადაც სურსათი იყიდება, მეზობლები ხშირად იკრიბებიან და პრობლემებზე საუბრობენ.

„დახმარება 28 ლარი გვაქვს, ელექტროენერგიის შეღავათი გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს. ზოგს ისიც არ აქვს, არ იციან რა ჭამონ და რა გააკეთონ. ძალიან ცუდი ადგილია, ცივი, და მოსავალი არ მოდის. ზუგდიდიდან მოგვაქვს სურსათი და აქ ვყიდით. გზა ძვირი გვიჯდება და ბევრი არ გვრჩება, მაგრამ პურის ფული მაინც არის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლია ლეჟავამ. საუბარში მისი მეზობლებიც ჩაერთნენ. როგორც სვეტლანა ფონიავა ამბობს, „დევნილებზე ცოტა აქცენტი მაინც არის, ჩამოდიან და რაღაცას ეკითხებიან. ჩვენ საერთოდ გადაგვიარეს. არავინ გვკითხულობს, საერთოდ. კომუნისტი არ ვარ და არც მაგათი მომხრე ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ კარგად ვცხოვრობდით. ხალხი ენგურჰესზე იყო დასაქმებული. ახლა ადამიანური ცხოვრება მენატრება.“ არონ თირქია მიამბობს, რომ 1961 წლიდან ენგურჰესზე მსახურობდა და მას შემდეგ ფოცხოეწერში დარჩა და ყოველთვიურად თავის პენსიას ელის, ერთადერთ შემოსავალს, უმუშევარ ვაჟთან ერთად.

დასახლებაში, სადაც 250 დევნილი და 60 ადგილობრივი ოჯახი ცხოვრობს, უჩვეულო სიჩუმეა. როგორც ამიხსნეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი - მათ შორის, თბილისიდან ჩამოსახლებული დევნილები - დროებით ფოცხოეწერში არ იმყოფება. ერთ-ერთი სახლიდან ბავშვების ხმა ისმის. აქ, სამოთახიან ბინაში, ქარდავების 4 წევრიანი ოჯახი ცხოვრობს. ოკუპირებული გალის რაიონიდან სამი წლის ასაკში დევნილმა ალექსანდრემ და მანანამ ერთმანეთი ფოცხოეწერის საჯარო სკოლაში გაიცნეს. მათ ახლა ორი შვილი, 2 წლის ბარბარე და 2 თვის ანრი ჰყავთ. ოჯახის მთავარი საზრუნავი დასაქმება და შვილების აღზრდაა. მანანა ღურწკაია მიამბობს, რომ ოჯახი თავს მისი მშობლების დახმარებით, სახელმწიფოსგან დანიშნული 78 ლარით და პერიოდული სამუშაოთი ირჩენს. მეორე დღეა მანანას მეუღლემ და მამამთილმა თხის ფარა მთებში წაიყვანეს. დიასახლისის თქმით, თხა ბევრი არ ჰყავთ, მაგრამ ოჯახში ბავშვების სამყოფი რძის ნაწარმი მაინც შესდით. როგორც მანანა ღურწკაიამ მითხრა, მისი შვილები არსებულით კმაყოფილდებიან, რაც საზრუნავს უადვილებს. ქარდავების ახალგაზრდა ოჯახმა შარშანდელი მკაცრი ზამთრის გამო მწარე გამოცდილება მიიღო. მანანამ უკვე იცის, რომ აუცილებელი სურსათი წინასწარ უნდა მოიმარაგოს. „გასულ ზამთარს დიდი თოვლი იყო და ძალიან გაგვიძნელდა გადატანა - მოძრაობა არ იყო, შუქი ქრებოდა და ცუდ მდგომარეობაში ვიყავით“, - უამბობს რადიო თავისუფლებას მანანა ღურწკაია.

ფოცხოეწერში მცხოვრებ უმუშევარ ახალგაზრდებს ბევრი დრო აქვთ. ამიტომ ხშირად ერთმანეთის სახლებში იკრიბებიან, საუბრობენ ან ტელევიზორის ყურებით ერთობიან. როგორც მანანა ღურწკაია ამბობს, ფოცხოეწერში ცხოვრებამ მას და მეუღლეს უარი ბევრ რამეზე ათქმევინა. ახალგაზრდა მშობლებს შვილებისთვის უკეთესი პირობების შექმნა სურთ და ამიტომ შესაფერისი დროისა და თანხების მოძიების შემდეგ დასახლების დატოვებას გეგმავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG