Accessibility links

logo-print
”არ არის ფოტო, არ არის დემოკრატია”, ანუ ”7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე” - ერთდღიანი ფოტოგამოფენა, ამ სახელწოდებით, სამმა ფოტორეპორტიორმა - გიორგი აბდალაძემ, ირაკლი გედენიძემ და ზურა ქურციკიძემ - გაზეთ ”იბერიას” ორგანიზებით, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართა. გამოფენა ძალადობის წინააღმდეგ - ასე ახასიათებენ ავტორები ფოტოებს, რომლებზეც 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების დაშლის კადრებია ასახული.

”შერატონ მეტეხი პალასის” საგამოფენო დარბაზის ხის ფაქტურის ოთხ კედელზე, მრავალნათურიანი შუშის ჭაღის ქვეშ, ე.წ. A 2 ფორმატის 58 ფოტო კიდია. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ერთი შეხედვით საგამოფენო სივრცისათვის დამახასიათებელი სიმშვიდეა, წითელწინწკლებიან ნაცრისფერ ნოხზე ფეხის შედგმისთანავე ყვირილი, ღრიალი, აკუსტიკური იარაღის ყურისწამღები ხმა, რეზინის ტყვიების ზუზუნი, თვალებში კი ცრემლსადენი კვამლი გებლანდება და რამდენიმე წამით გგონია, რომ თავი დროის მანქანაში ამოყავი, რომელმაც ჯერ 2007 წლის 7 ნოემბერს, მერე კი 2011 წლის 26 მაისს გადაგისროლა. სასოწარკვეთა, შიში, მუდარა, ტკივილი, ძალადობა, სიკვდილი - კადრი კადრს ცვლის. თითქმის ყველა ფოტო ფერადია. ამიტომ ფოტოებზე კარგად - ვიტყოდი, ზედმეტად კარგადაც კი - ჩანს წითელი ფერი - სისხლი. ფოტოების პერსონაჟებიდან ერთ-ერთი, ნოდარ არველაძე, 26 მაისის ღამეს გადაღებულ ფოტოსთან დგას. ის ფოტოს მთავარი პერსონაჟია. თავი აქვს გატეხილი, თვალებში სისხლი ჩასდის, ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სასტიკად ნაცემი კაცი წევს წვიმიან ასფალტზე. ”როგორც კი 12 საათს გადასცდა, სპეცდანიშნულების რაზმებმა რეზინის ტყვიების სროლა დაიწყეს, შეტევაზე გადმოვიდნენ”, - იხსენებს ნოდარ არველაძე 26 მაისის ღამეს. იმ ღამეს მან ტვინის შერყევა მიიღო: ”ალყა შემოგვარტყეს. გაქცევა ვერ მოვასწარით. პირველი საშუალო სკოლისკენ გავრბოდი, ხუთმა სპეცრაზმელმა რომ წამაქცია. შემიკრეს ხელები, თავში ხელკეტები მირტყეს...”
სამწუხაროდ, ჩვენ დავისაჯეთ და სამივე ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დაგვაპატიმრეს. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მხარდასაჭერ აქციებზე გამოდიოდა, ვინც ჩვენ გადაგვარჩინა და პატიმრობიდან გაგვათავისუფლა. დღესაც მოლოდინში ვართ, რომ ჩვენი საქმე გადაიხედება...


”არ არის ფოტო, არ არის დემოკრატია” – 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევის ფოტოები ამ სახელწოდების ქვეშ ფოტოგრაფებმა გიორგი აბდალაძემ, ირაკლი გედენიძემ და ზურა ქურციკიძემ გააერთიანეს. ეს ის ფოტოგრაფები არიან, რომლებიც 2011 წლის ივლისის დასაწყისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ივლისის ბოლოს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ესებუამ, სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის თანახმად, დამნაშავეებად, ანუ ჯაშუშებად, ცნო, პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პირობით სასჯელს ისინი დღემდე იხდიან.

გიორგი აბდალაძე, გაზეთ ”ალიას” ფოტოკორესპონდენტი, დარწმუნებულია, რომ ფოტოგრაფები სწორედ იმ ფოტოების გამოქვეყნების გამო დააკავეს, რომლებიც მათ 2011 წლის 26 მაისის ღამეს გადაიღეს. 26 მაისის ღამეს გადაღებული ფოტოები მსოფლიოს წამყვან გამოცემებსა და საინფორმაციო სააგენტოებში მალევე გავრცელდა. გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ფოტოგრაფებს ძალადობის ამსახველი ფოტოების გავრცელება არ აპატია, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას და ისინი იძულებულნი გახდნენ ფოტორეპორტიორები გაეთავისუფლებინათ.
გიორგი აბდალაძე

გიორგი აბდალაძე


”სამწუხაროდ, ჩვენ დავისაჯეთ და სამივე ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დაგვაპატიმრეს. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მხარდასაჭერ აქციებზე გამოდიოდა, ვინც ჩვენ გადაგვარჩინა და პატიმრობიდან გაგვათავისუფლა. დღესაც მოლოდინში ვართ, რომ ჩვენი საქმე გადაიხედება. ეს ფოტოგამოფენა არის რეალური დოკუმენტაცია იმისა, რომ ის ადამიანები, ვინც ამ აქციების დარბევის ბრძანება გასცა, დღეს უნდა იყვნენ საპატიმროში და ამის გამო პასუხი უნდა აგონ, რადგან ეს არ იყო მიტინგის დაშლა. ეს იყო საკუთარი ხალხი დასჯა”, - ამბობს გიორგი აბდალაძე.

ფოტოგამოფენის განსაკუთრებით მძიმე ნაწილს საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის კადრები წარმოადგენს. ახლო ხედით გადაღებული თავპირდალეწილი აქციის მონაწილეები ყველაზე ნათლად სწორედ მის ფოტოებში ჩანს. ის 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის სტატუსით იღებდა. ფოტოებმა, რომლებიც მან საინფორმაციო სააგენტო ”როიტერსის” საშუალებით
ამ კაცს იმის თავიც არ ჰქონდა, რომ ხმა ამოეღო და დახმარება ეთხოვა. ის თვალებით ლაპარაკობდა. სულ სამი კადრი გადავიღე და ისიც განათების გარეშე. შემეძლო უფრო მეტი კადრი გადამეღო და უკეთესი ფოტოც გამომსვლოდა, მაგრამ სხვა რისკის ქვეშ ვიდექი: შესაძლებელი იყო, რომ რომელიმე სპეცნაზელს დავეჭირე და ყველა გადაღებული კადრი დამეკარგა...

საკუთარი სახელითა და გვარით გაავრცელა, მთელი მსოფლიო მალევე მოიარა. ირაკლი გედენიძეს შეეძლო ფოტოები ე.წ. სტრინგერის სახელით, ანუ ვინაობის დაფიქსირების გარეშე, გაეგზავნა და თავიდან აეცილებინა გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება სწორედ 26 მაისს, აქციის დაშლისას გადაღებული ფოტოების გამო მოხდა, მაგრამ ირაკლი გედენიძემ ფოტოებს საკუთარი სახელი და გვარი მიაწერა და ასე გაგზავნა, რატომ? ვკითხე ირაკლის: ”თუკი ფოტორეპორტიორი ვარ და მაქვს ამის პრეტენზია, რა შედეგიც არ უნდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, მე ეს კადრები უნდა გადამეღო”, - მპასუხობს ირაკლი.

ღამის განათების ქვეშ ასფალტზე დაგდებული, ხელებშეკრული, სისხლით მოსვრილი ხანდაზმული კაცი ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში იყურება. ძნელია ემოციის გარეშე უყურო ამ ფოტოს. თუმცა ირაკლი გედენიძე მეუბნება, ფოტორეპორტიორები გადაღების პროცესში ემოციებისგან დაცლილნი ვმუშაობთო. ”ის ხმას არ იღებდა”, - იხსენებს ფოტორეპორტიორი თავისი ყველაზე ცნობილი კადრის ისტორიას, იმ კადრისა, რომელიც ”როიტერსის” წლის საუკეთესო ფოტოების ასეულში მოხვდა:

”ამ კაცს იმის თავიც არ ჰქონდა, რომ ხმა ამოეღო და დახმარება ეთხოვა. ის თვალებით ლაპარაკობდა. სულ სამი კადრი გადავიღე და ისიც განათების გარეშე. შემეძლო უფრო მეტი კადრი გადამეღო და უკეთესი ფოტოც გამომსვლოდა, მაგრამ სხვა რისკის ქვეშ ვიდექი: შესაძლებელი იყო, რომ რომელიმე სპეცნაზელს დავეჭირე და ყველა გადაღებული კადრი დამეკარგა”, - ამბობს ირაკლი.
ეს ფოტო კარგად აღბეჭდავს იმდროინდელ სიტუაციას, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა. ფოტოს მთავარი ფიგურაა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ირგვლივ კი ცრემლსადენი გაზი და ქვებია. უნდა მოასწრო და დაიჭირო ასეთი კადრი. მე აღარ მინდა ეს საქართველოში განმეორდეს და მინდა, რომ ჩვენ, ფოტოგრაფებს, აღარ მოგვიწიოს ამ ძალადობის აღწერა...


ევროპული ფოტოსააგენტო ”ეპას” რეპორტიორი ზურა ქურციკიძე სამართალდამცავების ხელკეტების მსხვერპლი ჯერ კიდევ 2009 წლის 15 ივნისს გახდა. ის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ახალგაზრდების საპროტესტო აქციის დაშლის კადრებს იღებდა, რის გამოც ფოტოგრაფს პოლიციამ ხელკეტებით სცემა და ფოტოკამერა წაართვა. „შერატონ მეტეხი პალასში“ გამოფენილი ფოტოებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტო, სადაც არც სისხლია და თითქოს არც ძალადობა, სწორედ ზურა ქურციკიძეს ეკუთვნის. თეთრ კვამლში, როგორც ნისლში გახვეული, ხელებგაშლილი, თითქოს გასაფრენად გამზადებული მომიტინგე - სწორედ ეს წამი შეაჩერა ზურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, აქციის დაშლისას. რეალურად კი, აი, რა ხდებოდა, როცა ზურა ფოტოს იღებდა:

”ეს ფოტო კარგად აღბეჭდავს იმდროინდელ სიტუაციას, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა. ფოტოს მთავარი ფიგურაა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ირგვლივ კი ცრემლსადენი გაზი და ქვებია. უნდა მოასწრო და დაიჭირო ასეთი კადრი. მე აღარ მინდა ეს საქართველოში განმეორდეს და მინდა, რომ ჩვენ, ფოტოგრაფებს, აღარ მოგვიწიოს ამ ძალადობის აღწერა”, - ამბობს ზურა.

ეპილოგის მაგიერ: ფოტორეპორტიორების ობიექტივებიდან ჩიტები არ ფრინავენ. ფოტორეპორტიორებს ძალიან იშვიათად უღიმიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG