Accessibility links

logo-print

ფოტოგამოფენა პრაღაში: „გზა დამოუკიდებლობისკენ“


ავტორი: ანა ლომთაძე

პრაღაში, „ლუცერნის“ კომპლექსის პასაჟში ხალხი ირევა. ამ კომპლექსში, როგორც წესი, იმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და კინოჩვენებები. პასაჟი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ქუჩას. შემთხვევით გამვლელებს უკვირთ ქართული ღვინით, აზერბაიჯანული ფახლავითა და ლიტვური ღვეზელებით სავსე მაგიდების ხილვა. მაგრამ ბევრი აქ დღეს საგანგებოდ შეიკრიბა იმ გამოფენის დასათვალიერებლად, რომელიც სამივე ქვეყანას აერთიანებს.

„გზა დამოუკიდებლობისკენ: აზერბაიჯანი, საქართველო, ლიტვა“ − ასე ჰქვია ფოტოექსპოზიციას, რომელიც ასახავს მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს. გამოფენა 20 იანვარს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიხსნა და 2 თებერვლამდე გასტანს. ის ლიტვის საელჩოსთან თანამშრომლობით მოაწყვეს აზერბაიჯანელი და ქართველი სტუდენტების კავშირებმა.

ლაშა ნავერიანი, ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

ლაშა ნავერიანი (მარცხნივ) და ელდარ ვალიევი

ლაშა ნავერიანი (მარცხნივ) და ელდარ ვალიევი

„ამ პროექტს მრავალწახნაგოვანი მიზანი აქვს. პირველ რიგში, თითოეული ქვეყნის პოპულარიზაცია, ისტორიის წინა პლანზე წამოწევა და, ასევე, თანამშრომლობა ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით... ისტორიის დავიწყება არის, ფაქტიურად, იდენტობის დაკარგვა, მით უმეტეს დღეს ისეთი პოლიტიკური სიტუაციებია მსოფლიოში, რომ დამოუკიდებლობა და ქვეყნის სუვერენტიტეტი დიდ მნიშვნელობას იძენს.“

გამოფენაზე მხოლოდ შავ-თეთრი ნამუშევრებია წარმოდგენილი. 9 აპრილს, თბილისში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე ვხედავთ რამდენიმე ათეულ შეუიარაღებელ სამოქალაქო პირს. ისინი ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას კვეთენ. მათ წინ, სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით, საბჭოთა ტანკი დგას. სხვა ფოტო ბაქოში, 1990 წლის 20 იანვარს მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. სურათზე ჩანს ერთ-ერთი აქტივისტის დასისხლიანებული, რომელიღაც შენობის კიბეზე მიტოვებული გვამი...

9 აპრილი თბილისში, 20 იანვარი ბაქოში და 13 იანვარი ვილნიუსში ერთმანეთის მიყოლებით 1989, 90 და 91 წლებში მოხდა. სამივე შემთხვევაში საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხსასროლი იარაღითა და ტანკებით შეუტიეს მშვიდობიან მოსახლეობას. შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი და სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო ათასამდე მოქალაქემ. მაგრამ იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის დღეები უკვე დათვლილი იყო და ქვეყნებმაც მალევე შეძლეს დამოუკიდებლობის მოპოვება.

ჩემი მეორე თანამოსაუბრე, კრისტოპასი, ჩეხეთში ლიტვიდან ჩამოვიდა − მათემატიკაში სამეცნიერო ხარისხის მისაღებად. „ლუცერნაში“ გამოფენის სანახავად მოსულმა, პირველი ემოციები ასე აღწერა: „სინანული, სასოწარკვეთა და ბრაზი“.

პრაღის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი დათო კი ფიქრობს, რომ ამგვარი გამოფენების ჩატარება ჩეხეთში ძალიან მნიშვნელოვანია:

გამოფენის ექსპოზიცია პასაჟ "ლუცერნაში"

გამოფენის ექსპოზიცია პასაჟ "ლუცერნაში"

„ჩემი აზრით, ეს გამოფენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩეხეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეს მოვლენები ცნობილი არ არის. და მიმაჩნია, რომ ეს [გამოფენა] დაეხმარება ჩეხებს, გაიაზრონ, რომ არა მარტო მათ იბრძოლეს დამოუკიდებლობისთვის, არამედ კომუნისტური რეჟიმის ქვეშ მყოფმა სხვა სახელმწიფოებმაც აქტიური წვლილი შეიტანეს კომუნიზმის დამხობაში.“

სხვები გამოფენაზე არა მარტო ფოტოების დასათვალიერებლად და ახალი ინფორმაციის მისაღებად მოვიდნენ, არამედ, უბრალოდ, ერთმანეთის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლადაც:

„ამ საღამოს შესახებ ფეისბუკით შევიტყვეთ. ორივე ლიტველები ვართ. მოვედით, რომ გაგვეცნო ხალხი, რომლებსაც საერთო გამოცდილება აქვთ, რათა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი და სხვა ქვეყნების ისტორიები“.

ჩეხეთში ლიტვის ელჩის, აურიმას ტაურანტასისთვისაც მნიშვნელოვნია ისტორიის შეხსენება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის. ამასთან, იგი პარალელს ავლებს 90-იან წლებსა და დღევანდელობას შორის:

„... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს საბჭოთა რეჟიმის სამიზნე იყო რადიო და ტელევიზია. ვილნიუსში ჩვენ გვქონდა ე.წ. „ბეჭვდითი სიტყვის სახლი“, სადაც ბინა ედოთ სხვადასხვა გაზეთის რედაქციებს. საბჭოთა ძალები სწორედ ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შენობებს უტევდნენ. ამიტომ ის, ვინც ქვეყნის გათავისუფლებისთვის იბრძოდა, ასევე იბრძოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვისაც. სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, ზოგადად, თავისუფლების მოპოვების პროცესში. სწორედ ეს ბრძოლა აკავშირებს 90-იანების მოვლენებს დღეს საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მომხდარ შემთხვვევებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს ეს ბრძოლა და დღესაც მზად ვიყოთ თავისუფლების დასაცავად.“

როგორც პრაღაში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, 1990-იან წლებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და ლიტვაში ერთმანეთის მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა. შეინიშნება თუ არა რაიმე მსგავსება დღეს?

2015 წელს სამი ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ლიტვა უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა. ის სულ ახლახან, 1 იანვარს, იქ მიმოქცევაში შემოიღეს ერთიანი ევროპული ვალუტა − ევრო. საქართველო უკვე მრავალი წელია, მიისწრაფის ევროინტეგრაციისკენ და ეს პროცესი 2014 წელს კიდევ უფრო გაღრმავდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას ამ მხრივ უფრო თავშეკავებული პოზიცია უკავია. ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი − ღრმად ფესვგადგმული კორუფციით დაწყებული და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პრობლემებით დამთავრებული. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აზერბაიჯანის მიმართ სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ იქ აშკარად იზღუდება გამოხატვისა და პრესის თავისუფლება. ამასთან, როგორც არაერთი გამოკითხვა მოწმობს, მოსახლეობის ნაწილში ჯერ კიდევ შეინიშნება ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ.

აი, რას ამბობს აზერბაიჯანელ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე, ელდარ ვალიევი:

„კომუნიზმის პერიოდის მიმართ ნოსტალგია ჩეხეთშიც კი არსებობს, როდესაც მეტროს ბილეთი ექვსი კრონი ღირდა. ხალხს ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ აწუხებდა. ყველას გარანტირებული ჰქონდა სამსახური და პენსიაზე გასვლამდე ერთ ადგილას მუშაობდა. ბუნებრივია, ცვლილებების შემდეგ ბევრს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, გაუჭირდა ახალ პირობებთან შეგუება. აზერბაიჯანში ეს ცვლილებები ანბანის შეცვლასთანაც იყო დაკავშირებული. როგორც იცით, საბჭოთა კავშირმა აზერბაიჯანში რუსული დამწერლობა შემოიტანა. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც მოასწრო რუსული დამწერლობის შესწავლა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ისევ ლათინურ ანბანზე გადასვლა მოგვიხდა. სამწუხაროდ, უფროს თაობას ესეც გაუჭირდა. რთული იყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაც.“

ლიტვის ელჩი, აურიმას ტაურანტასი, ამბობს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და ლიტვას მნიშვნელოვნად განასხვავებს ისტორიული, კულტურული და რეგიონული ფაქტორები. მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო „ევროპული ოჯახის“ ნაწილად ითვლებიან და ლიტვა ცდილობს, დაეხმაროს მათ და თავისი გამოცდილება გაუზიაროს, თუმცა, „რასაკვირველია, არჩევანი მათზეა“. ტაურანტასი იმედიანად არის განწყობილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიმართ. ეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის - რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანიც შედიან - სწორედ ამ ქვეყნების განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ითვალისწინებს და არ არის „ერთ თარგზე მორგებული“.

XS
SM
MD
LG