Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიკასო სიღნაღში


რამდენიმე დღეში სიღნაღში დაიხურება პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც თითქმის ერთი თვის წინ გაიხსნა. ექსპოზიცია ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბათუმში გადაინაცვლებს. თბილისში, შესაძლოა, პიკასოს გამოფენას ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყვეს - ჯერ ერთი, იმიტომ რომ ივლისში ქალაქი ცარიელდება და, მეორეც, რაც მთავარია, ხელოვნების თბილსელმა მოყვარულებმა უკვე ნახეს პიკასოს ნამუშევრები სიღნაღში... ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა სიღნაღში ჩასვლისას: დაახლოებით ერთი საათი ვიდექი რიგში მუზეუმში მოსახვედრად... რიგი გამოფენაზე... ასეთი რამ 80-იან წლებში მოხდა მხოლოდ, როცა თბილისის ხელოვნების მუზეუმში ჰამერის კოლექციის ექსპოზიცია გაიხსნა, თუმცა ამდენი ხალხი მუზეუმში არც მაშინ მახსოვს. რას წარმოვიდგენდი, რომ ხალხი ავტობუსებით გამოემართებოდა სიღნაღში პიკასოს სანახავად.

მუზეუმის სალაროსთან ბავშვები ჭარბობდნენ. მათთან გასაუბრება მოვინდომეთ, მაგრამ უარი გვითხრეს. აშკარა იყო, რომ უმცროსკლასელებს გაუჭირდათ პიკასოს იმ ლინოგრავიურების აღქმა, რომლებიც კრისტიან ზერვოსის საკუთრებას წარმოადგენს (გაგახსენებთ, რომ ეს ნამუშევრები სიღნაღის ძმადნაფიცი ქალაქის, ვეზელეს, მუზეუმში ინახება, საფრანგეთში. თავად ზერვოსის მუზეუმი რომენ როლანის სახლშია განთავსებული. პიკასოს გარდა, აქ ერნსტის, მიროს, კანდინსკის ნამუშევრებია დაცული). ბავშვები კი არა, მოზრდილებმაც უარი გვითხრეს ინტერვიუზე - ჯერ უნდა კარგად ჩავწვდეთო.

არსებითად სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი პორტრეტები და ნატურმორტები, ასე ვთქვათ, ”ტიპიური პიკასოა”, თუმცა იმ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ვისაც ეს ნამუშევრები არ უნახავს, შეიძლება უცნაურადაც გამოიყურებოდეს ეს პორტრეტები - ეს ”პროფილი და ანფასი” ერთად..სხვათა შორის, ბავშვების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად ამან გააკვირვა დამთვალიერებელი...და კიდევ მკაცრმა დაცვამ. სურათებთან მიახლოებისთანავე სიგნალიზაციის სისტემა ირთვებოდა - ბავშვებს ეს ძალიან მოეწონათ და, მიუხედავად დაცვის შენიშვნებისა, ”სიგნალიზაციასთან თამაშით” მშვენივრად გაერთნენ.

თუმცა უფროსები კმაყოფილებიც ჩანდნენ. ხანგრძლივად იდგნენ თითოეული სურათის წინ და მსჯელობდნენ - ვინ არიან პიკასოს პორტრეტებში გამოხატული ადამიანები, როგორი მზერა აქვთ. ვიღაცებს უკვირდათ, რომ 2009 წელი ასეთი მხატვრის, ე.ი. პიკასოს, წლად გამოცხადდა.

ელენე ახვლედიანი პერიოდულად აწყობდა ხოლმე მხატვართა შეკრებებს სიღნაღში - აქვე ხატავდნენ და აქვე აწყობდნენ გამოფენებს. სიღნაღი ცნობილი იყო როგორც კლასიკური მუსიკის ცენტრიც - აქ, ვანო სარაჯიშვილის სამშობლოში, დღესაც იმართება სახალხო ზეიმი ”ვანოობა”...წელს თიბისი ბანკმა სიღნაღში გახსნა სამხატვრო გალერეაც. სიღნაღი ოდითგანვე ცნობილი იყო პატარ-პატარა სახელოსნოებით. საბჭოთა ეპოქაში აქ ხალიჩების ფაბრიკაც მუშაობდა... ფიროსმანზე აღარაფერს ვიტყვი. პიკასომ, უბრალოდ, ჩაანაცვლა ფიროსმანის სურათები, რომლებიც კედლებიდან ჩამოხსნეს... თუმცა, რაოდენ დიდიც უნდა იყოს პიკასოს გამოფენის მიმართ ინტერესი, ეს ლინოგრავიურები, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ამონაბეჭდებია, თავისი მნიშვნელობით, თავისი ფასით, ფოროსმანის ფერწერული ტილოების ორიგინალებს ნამდვილად ვერ გაუტოლდება. არადა, 2008 წლის შემოდგომაზე ზერვოსის მუზეუმში ფიროსმანის 17 სურათი გამოიფინა, ანუ ეს გამოფენა, ფაქტობრივად, გაცვლით ხასიათს ატარებს... შეიძლება ცოტა სნობიზმიცაა სიღნაღში სპეციალურად ჩასვლა პიკასოს ლინოგრავიურების სანახავად. მაგრამ, თუკი პიკასოს სანახავად ხალხი მართლაც მხოლოდ სნობიზმმა ან, უბრალოდ, დროის მოკვლისა და გასეირნების სურვილმა ჩაიყვანა სიღნაღში, ეს აჟიოტაჟი მაინც პოზიტიური მოვლენაა, იმის მანიშნებელი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები მზად არიან შემეცნებისთვის, რაღაც ახლის ნახვისთვის...ადამიანებს არ ეზარებათ საათობით მზის გულზე რიგში დგომა იმის სანახავად, რასაც არც ქუჩა სთავაზობს, არც ტელევიზია... ეს ბავშვები პიკასოს შეიძლება ვერ ჩასწვდნენ ან არ დაამახსოვრდეთ, მაგრამ სახლებში დაბრუნებისას იმას მაინც იტყვიან, ხელოვნების მუზეუმში ვიყავით - სიღნაღის ხელოვნების მუზეუმშიო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG