Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამშრომლები სენაკის გამგებელს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ


სენაკი
სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა დგებუაძეს გამგეობის ააიპ-ების ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. შესაბამისი განცხადება მათ ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის დამკვირვებელთან ერთად გააკეთეს.

როგორც ორგანიზაციის დამკვირვებელმა ბაჩანა გაგუამ განაცხადა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამგებლის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ააიპ „კულტურის ცენტრის“ დირექტორი ეკატერინე გაბრავა, რომლის ქმარიც პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ სენაკის ორგანიზაციის თანამშრომელია, და „მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის“ დირექტორი მურმან არჩილია, რომლის ახლობლებიც ამავე მოძრაობის ოფისში არიან დასაქმებული. როგორც ბაჩანა გაგუა აცხადებს, ყოფილი თანამშრომლების სწორედ ამ პარტიასთან სიახლოვე ამყარებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას.

„ჩვენი ვარაუდით, ეს ყველაფერი ინიცირებულია ადგილობრივი ხელისუფლების და სენაკის შტაბის მიერ. არჩევნებამდე ცენტრალური ხელისუფლება მათ ამ ნაბიჯის გადადგმას არ დაავალებდა, მით უმეტეს, გვახსოვს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, რომ მათ თავი შეეკავებინათ ყოველგვარი საკადრო ცვლილებებისგან“, - განაცხადა ბაჩანა გაგუამ.

ბრძანებაში გაწერილ მიზეზებს, რომ გათავისუფლება მოხდა შიდა აუდიტის დასკვნების მიხედვით, სამსახურიდან დათხოვნილები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. „კულტურის ცენტრის“ ყოფილი დირექტორი ეკატერინე გაბრავა ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ გათავისუფლებისთვის საჭირო ფორმალური საბაბი:

„თითქმის ათი წელია ვხელმძღვანელობ სენაკის კულტურის ცენტრს და მინდა თამამად ვთქვა, რომ პირნათლად და პროფესიონალურად ვემსახურე ამ თანამდებობას. ვინაიდან ჩემი მეუღლე დღეს არის „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიაში, სწორედ ამ მიზეზით გავხდი პოლიტიკური მსხვერპლი. სხვა დანარჩენი ჩემთან მიმართებაში არავის არასდროს პრეტენზია არ ჰქონია“.

ბრიფინგს ვერ დაესწრო „მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის“ დირექტორი მურმან არჩილია. როგორც ბაჩანა გაგუამ განმარტა, მას უმიზეზოდ გათავისუფლების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

ყოფილი თანამშრომლების ბრალდებების საპასუხოდ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ. მისი სიტყვებით, აღნიშნული პირები სამსახურიდან დაითხოვეს შიდა აუდიტის დასკვნის თანახმად და ამ გადაწყვეტილებას მათ პოლიტიკურ კუთვნილებასთან კავშირი არა აქვს.

„ეს იყო ჩვეულებრივი გეგმიური შემოწმება. ეს გრაფიკი გაწერილია წლის დასაწყისში, ანუ 10 თვის წინ დამტკიცდა შიდა აუდიტის განრიგი. გეგმიური შემოწმების შედეგად დაიდო მასალები, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ. მხოლოდ ამ მასალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. არანაირი პოლიტიკური სარჩული აქ არ არის“, - განაცხადა გოჩა დგებუაძემ.

თავის მხრივ, გათავისუფლებული თანამშრომლები აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და პარალელურად მიმართავენ სახალხო დამცველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG