Accessibility links

logo-print

ფილმი „არგო“ მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის ინიციატივას აღძრავს


აშშ-ის კონგრესის წევრი, დემოკრატი ბრუს ბრეილი აპირებს წარადგინოს კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფინანსური კომპენსაციების გაცემა აშშ-ის საელჩოს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც 34 წლის წინ თეირანში 444 დღის განმავლობაში იყვნენ მძევლად აყვანილი.

ბრეილიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კანომპროექტი არ არის დაკავშირებული ფილმ „არგოსთან“, რომელიც სწორედ 1979 წლის კრიზისს ასახავს და რამდენიმე დღის წინ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარით დაჯილდოვდა.

ბრეილიმ ამ კანონპროექტის ერთი ვერსია შარშანაც წარადგინა, თუმცა უშედეგოდ.
კადრი ფილმიდან "არგო"

კადრი ფილმიდან "არგო"


ახლა კი, პოლიტიკოსის თქმით, „არგოს“ პოპულარობა მას ნამდვილად დაეხმარა კონგრესში მხარდაჭერის მოპოვებაში:

„ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მეტი თანასპონსორის შეძენას. ბევრი ამერიკელისთვის ირანში მძევლების კრიზისი ბუნდოვანი მოგონებაა, 34 წლის წინანდელი ამბავი. ვფიქრობ, „არგოს“ ეკრანებზე გამოსვლამ ბევრ ამერიკელს შეახსენა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ის საფასური, რომელიც მძევლებად აყვანილმა ხალხმა გაიღო საამისოდ“.

ფილმი „არგო“ აღწერს 52 ამერიკელის მძევლად აყვანისა და კიდევ 6-ის კანადის საელჩოს მეშვეობით გაქცევის ამბავს. მძევლებს, რომლებმაც აშშ-ის საელჩოში 444 დღე დაყვეს, სასტიკი მეთოდებით უტარებდნენ დაკითხვას და ზოგჯერ შიშვლებს ტოვებდნენ გაყინულ საკნებში.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სამართლიანი კომპენსაციების გაცემა დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენებისა და იმ წარმოუდგენელი სტრესის გამო, რომელიც ამ ხალხმა იმ პერიოდში განიცადა...


კანონპროექტის თანახმად, ყოფილ მძევლებს ან მათი ოჯახის წევრებს კომპენსაცია გაეცემათ იმ 400 მილიონი დოლარისგან შემდგარი ფონდიდან, რომელიც შეივსება ირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დამრღვევი კომპანიების მიერ:

„ეს საკომპენსაციო ფონდი გამოიყენებდა თანხებს, რომლებიც ამ ჯარიმების გამოა დაკავებული, და მათ მსხვერპლთა კომპენსირებაზე მიმართავდა. შევიმუშავებთ კონკრეტულ ფორმულას - საქმე გვექნება უშუალოდ ყოფილ მძევალთან თუ აწ გარდაცვლილი ყოფილი მძევლის ოჯახის წევრთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სამართლიანი კომპენსაციების გაცემა დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენებისა და იმ წარმოუდგენელი სტრესის გამო, რომელიც ამ ხალხმა იმ პერიოდში განიცადა“.

ბრეილის თქმით, ის თავის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატას დაახლოებით ერთ თვეში წარუდგენს.
XS
SM
MD
LG