Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრივატიზების ახალი განაცხადი და ფინანსური ტვირთის შემსუბუქების გეგმა


მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესმენების შეხვედრა
მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესმენების შეხვედრა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მიმართა რეკომენდაციით, შეიმუშაონ იმ პირების ფინანსური ტვირთის შემსუბუქების გეგმა, რომელთაც სესხი ბანკებიდან დოლარში აქვთ აღებული, შემოსავალს კი ეროვნულ ვალუტაში იღებენ. წინასწარი შეფასებით, ლარის გაუფასურების პირობებში, ყოველთვიური გაზრდილი საბანკო სესხის მომსახურების თანხის შემცირება შესაძლებელი გახდება ან სესხის ვადის გაგრძელებით, ან სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციით. ფიზიკურ პირებზე მორგებული სპეციალური გეგმის წარსადგენად კომერციულ ბანკებს ერთი კვირის ვადა განესაზღვრათ.

დოლარში აღებული სესხის ტვირთის შემსუბუქების მიზნით კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განმარტა, რომ ბანკების მიდგომები ინდივიდუალური იქნება და ლარის გამყარებამდე დაზარალებული ადამიანები გარკვეულ შვებას იგრძნობენ. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ფინანსურ მდომარეობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანახმად, გვაქვს ეკონომიკური შოკი და ლარის 30-პროცენტიანი გაუფასურება, რომელიც ჯერ ბოლომდე არ ასახულა იმპორტზე:

“ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი და ეს ასეც იქნება, როგორც აქამდე იყო, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მეორე მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება, კურსი ამის შედეგად უკვე გაუფასურდა. 30-პროცენტიანი გაუფასურება, სამწუხაროდ, არის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რომელიც ახლა აისახება იმპორტზე და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება“.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძის თანახმად, იმისათვის, რომ ლარის კურსი გამყარებისკენ წავიდეს, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები, მათ შორის, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები უნდა გაიზარდოს.

თავის მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების მზადყოფნა გამოხატეს კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა, რომლებიც კლიენტების საბანკო ვალდებულებათა დაფარვის გრაფიკების შესახებ პროექტებს უახლოეს დღეებში წარუდგენენ ეროვნულ ბანკს. „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტის ვახტანგ ბუცხრიკიძის თანახმად, საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა.

“საუბარი არის მხოლოდ იმ ნაწილზე სამომხმარებლო სესხებისა, რომლებიც არის უცხოურ ვალუტაში და ძირითადად ეს შეეხება იპოთეკურ სესხებს, რომლებიც არის უცხოურ ვალუტაში და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შემოსავალი ადგილობრივ ვალუტაში. უნდა გავიაზროთ თითოეული მსესხებლის მიხედვით რამდენად შეიძლება გრაფიკის დაგრძელება, რომ ყოველთვიური გადახდები დარჩეს, რაც ჰქონდათ“, აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

25 თებერვალს ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე იმსჯელეს ასევე მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ბიზნესმენებმა. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესმენებს კრიზისის დაძლევის გეგმები გააცნო, მათ შორის, კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საპრივატიზაციო ობიექტებით უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში 300-350 მილიონი დოლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი:

“ეს არის ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს შენობა და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გამოვიცვალოთ ადგილი და აქ აშენდეს ასევე სასტუმრო დანიშნულების ობიექტი. ეს არის ბობოყვათის რეზიდენცია, ეს არის წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, ეს არის ასევე თბოელექტროსადგური, ეს არის ლატარია, რომლის ლიცენზიის გამოტანას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომელთაც უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარადგენს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით კი, მთავრობას აქვს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი და საშუალოვადიანიგეგმები. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ამოცანებს:

“პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა და მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები და, ამავე დროს, არ მოხდება სოციალური ხარჯების შემცირება. შემცირება შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს“.

ფასების ზრდას ამ წუთში ადგილი არ აქვს, მე მგონი, ხედავთ, და თუ მოხდება ისე, რომ ლარის კურსი დაიწყებს კლებას ან დასტაბილურდება მაინც, შეეცდება ყველა კომპანია, რომ შეინარჩუნოს ფასები...
სოსო ფხაკაძე

ნოდარ ხადურის აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუშაობა მიდის საგადასახადო სტიმულებზეც - კერძოდ, მშენებლობის სტიმულირებაზე. თავის მხრივ, სასიკეთო ცვლილებების იმედი გამოთქვეს შეხვედრაზე მისულმა ბიზნესმენებმა.

“მაქვს იმედი, რომ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რაც, ბუნებრივია, მოიტანს უფრო მეტ სიკეთეს და დასტაბილურდება ლარიც. ფასების ზრდას ამ წუთში ადგილი არ აქვს, მე მგონი, ხედავთ, და თუ მოხდება ისე, რომ ლარის კურსი დაიწყებს კლებას ან დასტაბილურდება მაინც, შეეცდება ყველა კომპანია, რომ შეინარჩუნოს ფასები“, თქვა „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„ზოგადად შეიძლება ასეთი შეხვედრა საჭირო იყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში მას მხოლოდ პროტოკოლური და გარკვეული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა“, - გვითხრა პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა ბიზნესმენებისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას:

„ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა დღევანდელ კომერციულ ბანკებთან და კომერციულმა ბანკებმა უნდა იმუშაონ შესაბამისად ვალუტის მომხმარებლებთან. ჩემი აზრით, ახლა არის მომენტი, როდესაც გარკვეული ადმინისტრაციული მექანიზმები არის გასატარებელი იმისათვის, რომ სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდეს გარკვეულწილად“.

ეს კი, გია ხუხაშვილის აზრით, საჭიროა იმისთვის, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული პანიკა შენელდეს. 25 თებერვლის მონაცემებით, სავალუტო ჯიხურებში დოლარის შესაძენი ფასი 2, 34-დან 2, 38 ლარამდე მერყეობდა, ეროვნული ბანკის გაცვლითმა კურსმა კი 2, 26 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG