Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირადობის ახალი მოწმობა 20 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში 15 ლარად გაიცემა. გიამბობთ, თუ რა ხდებოდა აქციის პირველ დღეს იუსტიციის სახლში და გაიზარდა თუ არა მოსახლეობის ინტერესი ე.წ. ID ბარათებისადმი ფასდაკლების გამო.

თბილისის იუსტიციის სახლის წინ, ჩვეულებისამებრ, უამრავი ადამიანი ირევა. სანამ შესასვლელამდე მიაღწევ, ყველა მხრიდან შეძახილები ისმის: სხვადასხვა სახის მომსახურებას გთავაზობენ - აზომვითი ნახაზებით დაწყებული, ნოტარიუსის სამსახურით დამთავრებული. კართან მოკლე რიგში დგომის შემდეგ ფოიეში შედიხარ. სამუშაო საათებში აქ შეკრებილი ხალხის ერთობლივი საუბარი მონოტონური ზუზუნივით ისმის.

დღესაც ხალხმრავლობაა. ოცი აგვისტოა. დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ პირადობის მოწმობა, ე.წ. ID ბარათი, ფასდაკლებით, 15 ლარად აიღონ.

მარინა ლომინაძე იუსტიციის სახლში სწორედ პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად მოვიდა. როგორც ამბობს, მის ძველ დოკუმენტს ვადა არ გასვლია, მაგრამ ფასდაკლების გამო გადაწყვიტა პირადობის ახალი მოწმობა აეღო:

„10 წუთი იქნება, რაც მოვედი. ჯერ სურათი გადავიღე. ახლა რიგში ვდგავარ, ნომერი მომცეს და ოპერატორთან უნდა მივიდე. მოსახერხებელია იმით, რომ დანომრილია და მშვიდად ველოდებით, როდის მოვა ჩვენი რიგი. დღეიდან დაიწყო რეგისტრაცია, თავისუფალი დროც მქონდა და, რაც მთავარია, გაიაფდა - ჩემი აქ მოსვლის უმთავრესი მიზეზი ეს იყო“.

ახალი პირადობის მოწმობის აღება ფასდაკლების დაწყებამდე 30 ლარი ღირდა. ამას ემატებოდა ბიომეტრული ფოტოს ფასი, სამი ლარი, და კიდევ ერთი ლარი ბანკის მომსახურებისთვის. ოცი აგვისტოდან ოც სექტემბრამდე პირადობის მოწმობის ათ სამუშაო დღეში დამზადება, ფოტოს გადაღების ჩათვლით, 15 ლარი ეღირება, რასაც ბანკის მომსახურების საკომისიო, 50 თეთრი, დაემატება.

როგორც თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერი შიო ხეცურიანი ამბობს, ახალი პირადობის მოწმობის მსურველთა რაოდენობა აქციის დაწყებისთანავე საგრძნობლად გაიზარდა:

„დილიდან საკმაოდ დიდი რიგი იყო ადამიანების. ველოდებით, რომ ეს აქტივობა შენარჩუნდება. ამ დროისათვის იუსტიციის სახლის ფილიალები უკვე რამდენიმე ათას ადამიანს მოემსახურა. გუშინდელთან შედარებით, ეს ციფრი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ფაქტი გვაჩვენებს, რომ როგორც კი ადამიანებს საშუალება მიეცათ, უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო აიდი ბარათი, მათ მეტი ინტერესი გამოიჩინეს“.

ფასდაკლების აქცია იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში მოქმედებს. მსურველს შეუძლია პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად ნებისმიერ მათგანს ესტუმროს. იმ შემთხვევაში კი, თუ მისამართის გამოცვლა გჭირდებათ, იმ ფილიალს უნდა მიმართოთ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაშიც ეს მისამართი შედის.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლომიძე ამბობს, რომ მომატებული აქტიურობის გამო სამსახური მზად არის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდეს, რაც დამატებითი რესურსის მობილიზებას გულისხმობს:

„აქამდე, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი განსხვავებული ტიპის აქციები გვქონდა: საუბარი იყო პედაგოგებზე, დევნილებზე, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებზე... თუმცა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც, ბუნებრივია, იუსტიციის სახლი აქტიურად არის ჩართული, რომ ასეთი აქციები, შეღავათიანი პირობებით, ჩვენი მოქალაქეების რაც შეიძლება დიდ ნაწილზე გავრცელდეს“.

ფასდაკლების აქციით სარგებლობა ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. აქცია 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც პირადობის მოწმობის ფასი, ჯამში, ისევ 34 ლარი იქნება.

XS
SM
MD
LG