Accessibility links

logo-print

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2005 წლიდან მხოლოდ 2008 და 2007 წელს იყო. ამ ორ წელიწადში ინვესტიციების ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელიც დაფიქსირდა. 2014 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ასი პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო, 2011 წელთან შედარებით, 60 პროცენტით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეინვესტირების დონემ 26 პროცენტი შეადგინა, ხოლო ახალი კაპიტალის წილი ინვესტიციებში 73 პროცენტია.

2014 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, შემოსული ინვესტიციების მოცულობა სულ 923 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29-პროცენტიანი მატებაა.

ქვეყნების მიხედვით, ლიდერი ქვეყანა ჩინეთია. ამ ქვეყნიდან განხორციელდა მესამე კვარტალში შემოსული ინვესტიციების 30 პროცენტი. უმსხვილესი ინვესტორები არიან ასევე აზერბაიჯანი - 95 მლნ აშშ დოლარი, ნიდერლანდები - 90 მლნ აშშ დოლარი და პანამა - 44 მლნ აშშ დოლარი. თუ 2014 წლის 9 თვეს შევხედავთ, მაშინ, განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, ლიდერობს ნიდერლანდები (28 პროცენტით), მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი და მესამეზე ჩინეთი. ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, მესამე კვარტალში უმსხვილესი იყო ევროკავშირი - მთლიანი ინვესტიციების 35 პროცენტი მოდის ამ ქვეყნებზე. დსთ-ს ქვეყნებიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა ჯამური ინვესტიციების 21 პროცენტი.

2014 წლის სამ კვარტალში, ერთად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ სექტორში, სულ, 254 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 27%-ს შეადგენს. მას მოჰყვება მშენებლობა (მთლიანი ინვესტიციების 22%), დამამუშავებელი მრეწველობა (16,5%), უძრავი ქონება (12%), ენერგეტიკა (10%) და ა.შ.

რაც შეეხება წამყვანი 3 ინვესტორი ქვეყნის სექტორულ მონაცემებს, ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციის 97.5%-ზე მეტი სამშენებლო სექტორზე მოდის (დაახლოებით USD 145 მილიონი). აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციის უდიდესი წილი მოდის ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე (90% - USD 86 მილიონამდე), ხოლო ნიდერლანდებიდან შემოსული თანხები ძირითადად მრეწველობაზე, ენერგეტიკაზე, მშენებლობაზე, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე და სამთომოპოვებით მრეწველობაზე გადანაწილდა.

XS
SM
MD
LG