Accessibility links

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენას მასპინძლობს. დიდი მხატვრის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 107 ნამუშევარი. გამოფენის ორგანიზატორთა თქმით, პროექტი "ფიროსმანი - 150" გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ ფიროსმანის ნახატების ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა, რომლის ფარგლებში ასევე იგეგმება ლექციების ციკლის წაკითხვა და ფიროსმანზე გადაღებული ფილმების ჩვენება. UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნიკო ფიროსმანის იუბილე შეტანილია იმ ღონისძიებათა ნუსხაში, რომელთა განხორციელებაშიც 2012-13 წლებში თავად UNESCO მიიღებს მონაწილეობას.

2013 წელს 100 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც მოსკოვში გამართული ავანგარდისტების გამოფენის წყალობით მსოფლიომ ფიროსმანი აღმოაჩინა. თუმცა ძველი ტფილისის აზიურ ნაწილში მხატვარს გაცილებით ადრე ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი ვაჭრების, ხელოსნებისა და მედუქნეების სახით,
თბილისის ევროპულ ნაწილს კი ფიროსმანი გააცნო მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა, რომელმაც ძმასთან, ილია ზდანევიჩსა, და ფრანგ მხატვარ მიშელ ლედანტიუსთან ერთად სამიკიტნო „ვარიაგში“ ნახა ფიროსმანის ნამუშევრები და აღფრთოვანდა. ფიროსმანით აღფრთოვანება ბუნებრივად მიაჩნია გამოფენაზე ეროვნულ გალერეაში მისულ ახალგაზრდა მხატვარ ალექსანდრე ფოფხაძეს, რომელზეც ფიროსმანის ნამუშევრების ორიგინალებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა:
დარაბაზი არ არის, სადაც დამთვალიერებლები არ დადიან. რა თქმა უნდა, ინტერესი არის ძალიან დიდი. ფიროსმანის სახელი უკვე განაპირობებს ინტერესს ...

„სიტყვით შეიძლება ვერც გამოხატო, იმხელა შთაბეჭდილებას ახდენს ფიროსმანი და ისეთი ემოციით გადმოსცემს ყველაფერს. ეს არაჩვეულებრივი რამ არის! ყველაფერი ისეთ სინქრონშია - ფერი, კომპოზიცია, ენერგია... ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისეთ კავშირშია, რომ იქმნება სრული იდილია. ამ ნახატებიდან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება, რადგანაც ეს ფიროსმანია!“

თუმცა ფიროსმანის სანახავად ეროვნულ გალერეაში მხოლოდ მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები როდი მიდიან. გამოფენის კოორდინატორის ეკა კიკნაძის თქმით, პირველივე დღეებში დამთვალიერებელთა რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა:

„შაბათს გამოფენაზე მოვიდა 319 ადამიანი, კვირას – 376. დარაბაზი არ არის, სადაც დამთვალიერებლები არ დადიან. რა თქმა უნდა, ინტერესი არის ძალიან დიდი. ფიროსმანის სახელი უკვე განაპირობებს ინტერესს. ასევე მნიშვნელოვანია მასშტაბი და ხარისხი იმ საექსპოზიციო სივრცისა, რომელშიც არის წარმოდგენილი, და დარწმუნებული ვართ, რომ ეს დაინტერესება გაიზრდება“.

ეკა კიკნაძის თქმით, მეტი თვალსაჩინოებისა და ეპოქის სულის გადმოსაცემად ექსპოზიციის ერთი ნაწილი დათმობილი აქვს ფოტოგამოფენას - ნამუშევრებს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის კოლექციიდან:

ფიროსმანის გამოფენა

ფიროსმანის გამოფენა

„ფოტოები შერჩეულია პრინციპით, გვეჩვენებინა ის ქუჩები, სადაც დადიოდა ფიროსმანი; სადაც არის ის დუქნები, სადაც თავის დროზე ეკიდა მისი სურათები და სადაც მინებსაც ხატავდა (სამწუხაროდ, ეს მინები აღარ არის შემორჩენილი); ასევე ის ტიპიური სცენები, რომლებსაც ხშირად ხედავდა ფიროსმანი და შესაბამისად აისახებოდა მის სურათებზე. მაგალითისთვის -თევზის გამყიდველი, რომელიც მშვენიერ ნახატად გადაიქცა ფიროსმანის მეთევზის სახით; ასევე მუშები, რომლებიც ეზიდებიან ტიკებსა და კასრებს. ზუსტად ის ფოტო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, შეგიძლიათ ნახოთ ორ სურათად, პირველ სურათზე იმ პლასტიკის, იმ ხასიათის მატარებელი, რასაც ხედავთ ფოტოზე. ასევე ჩარდახიანი ურმით მოგზაური მლოცველები, რაც ფიროსმანის ძალზე ბევრ სურათზეა გამოსახული. ასევე ურმები ტიკებით – ესეც მისი თემაა, რომელიც ხშირად გვხვდება. აქ არის ფოტო ორთაჭალაში ვირის ხიდისა - ასე ჰქვია ფიროსმანის ერთ-ერთ შედევრს, სადაც ძალზე ფართოდ, რამდენიმე სცენის, თითოეული არაჩვეულებრივი ტიპაჟის სახით არის გამოსახული ძველი თბილისის ნახერად ბოჰემური, ნახევრად არტისტული სამყარო, რომელსაც ის ხშირად ხატავდა“.

ეკა კიკნაძის თქმით, ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების გარდა, ფიროსმანი ასევე ხატავდა ეგზოტიკურ ცხოველებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ლომებსა და ჟირაფს. ეს უკანასკნელი, რომელიც ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი, ახლაც ისეთსავე შთაბეჭდილებას ახდენს დამთვალიერებელზე, როგორსაც ახდენდა ასი წლის წინ, როცა ცნობილი კრიტიკოსი ალექსანდრ პეტროვსკი გაზეთ „კავკაზში“ წერდა:

„ნახატზე მთელი სიმაღლითაა გამოსახული თითქმის ფოლადისგან ჩამოსხმული ჟირაფი. მიწაში ჩამარხულივით დგას, მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია, იგი მიწას ჩაეზარდა და, იმავდროულად, თითქოს ზამბარასავითაა, შეკუმშული ზამბარასავით, რომელიც მზადაა გაიჭიმოს, გაიშალოს. რატომ გვეჩვენება, რომ ჟირაფი ეს-ესაა შეიძლება ტილოს მოსწყდეს? საღებავები უბრალოა, მკაცრი, ცივი. ჟირაფი ბრტყელია, ამობურცული ადგილები არ იგრძნობა, მაგრამ მისი ორი განზომილება სკულპტურის სამ განზომილებაზე უფრო მონუმენტურია. რაღაც მაგიაა, ჯადო. შეეცადეთ რამდენიმე წუთით ჟირაფს მზერა არ მოაცილოთ და მოგეჩვენებათ, რომ მან მდგომარეობა შეიცვალა“.
ეს არის ძალიან ღრმა შინაგანი სამყარო მხატვრის, რომლის გადმოცემასაც იგი ახერხებს. ჩვენ ყველას გვყვარებია - თქვენც, მეც, სხვასაც ...

არადა, შესაძლოა ფიროსმანს ცოცხალი ჟირაფი არც კი ჰყავდა ნანახი და, ისევე როგორც მისი ცნობილი ლომები, ისიც ასანთის კოლოფზე დაკრული ფოტოებიდან გადახატა. ამგვარი რამ სავსებით შესაძლებლად მიაჩნია ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარს გიორგი კაკაბაძესაც:

„ეს არის ძალიან ღრმა შინაგანი სამყარო მხატვრის, რომლის გადმოცემასაც იგი ახერხებს. ჩვენ ყველას გვყვარებია - თქვენც, მეც, სხვასაც. ჩვენ ყველას შეგვიძლია ეს გადმოვცეთ ისე, რომ სხვამაც გაიგოს ეს, ჩვენ როგორ გვყავრებია?! ეს საკმად ძნელია, ხომ?! აი, ამის გადმოცემა არის ძალიან ძნელი პროცესი, რომელიც შეუძლია ძალიან ნიჭიერ ადამიანს - ეს იქნება მხატვარი, მწერალი თუ პოეტი და ა.შ. ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენ განგვიცდია შიში, განგვიცდია სიხარული, მაგრამ ამის გადმოცემა ისე, რომ ჩვენ გვერდით მყოფმა ადამიანმაც ისევე იგრძნოს, როგორც ჩვენ ვგრძნობთ, ძალიან რთულია. ფიროსმანს ეს შეუძლია, მას შეუძლია საკუთარ პრიზმაში გარდატეხოს ყველაფერი, მთელი სამყარო, რაც კი სამყაროში არსებობს, ჩვენთვის რაღაცა სიყვარულის ნაყოფის სახით“.

გიორგი კაკაბაძე ნიკო ფიროსმანს ისეთი დიდი მხატვრების გვერდით აყენებს, როგორებიც იყვნენ პოსტიმპრესიონისტები: ვან გოგი, გოგენი, სეზანი და ტულუზ-ლოტრეკი.
მე ვლაპარაკობ მასაზე მსოფლიოს მასშტაბით. მაქვს მაგალითები, როცა მიქელანჯელოსაც არ აღიქვამენ ჯეროვნად, თუ არ ეუბნებიან, რომ ეს ის მიქელანჯელოა ...

„ესენი არიან მხატვრები, რომლებმაც ყოველგვარი მემკვიდრეობითობის გარეშე განავითარეს თავისი ხელოვნება, დამყარებული მხოლოდ პირად ინდივიდუალიზმზე, მხოლოდ პირად განცდაზე. სწორედ ამ წრეში შედის ნიკო ფიროსმანი. მას არ ჰყავს წინაპარი. შეუძლებელია ჰყავდეს მემკვიდრე, იმიტომ რომ შეუძლებელია გაიმეორო ადამიანის თითის ანაბეჭდი. ყველა ადამიანს აქვს ხომ თითის ანაბეჭდი, ის იმეორებს მხოლოდ საკუთარ ინდივიდუალიზმს. შესაბამისად, ამას მე ფიროსმანიზმი ვუწოდე, იმიტომ რომ ამ მიმდინარეობას არ ჰყავს არც წინაპარი, არ აქვს არც სახელი, არც მიმდევარი და გამგრძელებელი, ის მხოლოდ ფიროსმანს ეკუთვნის, მხოლოდ ფიროსმანთანაა დაკავშირებული“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კაკაბაძემ, რომლის თქმითაც, ფიროსმანის მიბაძვისა და გამეორების სიიოლე ილუზიაა, რაც კარგად იციან პროფესიონალმა მხატვრებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა. თუმცა, ფიროსმანის სიდიადის მიუხედავად, ის მაინც არ არის მასობრივად დაფასებული და აღიარებული - ასე მიაჩნია ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას:

„ძალიან ცნობილი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები მას აფასებენ! ეს ერთია, მაგრამ მე ვლაპარაკობ მასაზე მსოფლიოს მასშტაბით. მაქვს მაგალითები, როცა მიქელანჯელოსაც არ აღიქვამენ ჯეროვნად, თუ არ ეუბნებიან, რომ ეს ის მიქელანჯელოა, რომლითაც უნდა აღფრთოვანდნენ. მასა ასეთია. მასობრივი პოპულარობა და რეალური ცოდნა-დაფასება ორი განსხვავებული რამ არის!“

გამოფენის ორგანიზატორებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა ფიროსმანის მასობრივი პოპულარობის გაზრდის მიზნით, რასაც ემსახურება კიდეც გამოფენა და გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებული საჯარო ლექციები - მათ შორის, გოგი ხოშტარიას სამი ლექცია, გიორგი შენგელაიას ფილმის ჩვენება და დისკუსია, რომელსაც თავად რეჟისორი გაუძღვება. სულ ფიროსმანის 150 წლისთავთან დაკავშირებული გამოფენა და სხვა სახის ღონისძიებები სამი თვე გაგრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG