Accessibility links

logo-print

1 ივნისს აუქციონის სახლი კრისტისი (Christie's) აპირებს გასაყიდად გაიტანოს ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“, რომლის საწყის ფასად დასახელებულია 1,2 მლნ-დან 1,8 მილიონ ამერიკულ დოლარამდე. 1957 წელს ფიროსმანის ეს ნახატი საბჭოთა მთავრობამ 60 წლის იუბილეზე აჩუქა ფრანგ მწერალ ლუი არაგონს, თუმცა კრისტისის აუქციონზე მოხვედრამდე „არსენალის მთამ“ არაერთი მფლობელი გამოიცვალა. ფიროსმანის ნახატის აუქციონზე გატანის ცნობამ დიდი ვნებათაღელვა წარმოშვა საქართველოში. სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია ქართველი მხატვის ნამუშევრის რუსულ სექციაში მოხვედრამ, საზოგადოების ნაწილმა კი ნახატის საქართველოში დაბრუნების მიზნით ფულის შეგროვება გადაწვიტა.

ნიკო ფიროსმანმა „არსენალის მთა ღამით“ 1907-1908 წლებში მედუქნე ნიკო ბაიაძის დაკვეთით დახატა. მოგვიანებით ნამუშევარი, ფიროსმანის ბევრ სხვა შედევრთან ერთად, კირილ ზდანევიჩის კოლექციაში აღმოჩნდა. ზდანევიჩმა ფიროსმანის ნახატები საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა, თუმცა, როგორც ფიროსმანის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის მკვლევარი, ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი იხსენებს, „არსენალის მთის“ ბედის განმსაზღვრელი გამოდგა 1957 წელი, როცა ფრანგ კომუნისტ მწერალს ლუი არაგონს მოსკოვში უმასპინძლეს და 60 წლის იუბილე გადაუხადეს:

„ჩაიკოვსკის დარბაზში უმასპინძლეს. იფიქრეს, რა ვაჩუქოთ, რა ვაჩუქოთო და არაგონის ცოლის ელზა ტრიოლეს დამ, ლილია ბრიკმა, რომელიც იყო მაიაკოვსკის მუზა და, იმავდროულად, მეგობრობდა მხატვრთა წრესთან, ურჩია მასპინძლებს, რომ არაგონისათვის ეჩუქებინათ ფიროსმანი, რომელიც თვითონ ძალიან მოსწონდა. აჩუქეს „არსენალი მთა ღამით“, რომელიც არაგონმა უცბად არ წაიღო. მოსკოვში გაუკეთეს რესტავრაცია და რამდენიმე თვის შემდეგ გაუგზავნეს პარიზში“.

მეორე დღეს მივედი. ყავით გამიმასპინძლდა, მაჩვენა არაგონის სტატიები ფიროსმანზე და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ვკითხე, ხომ არ არის დრო სურათიც მაჩვენოთ-მეთქი და ამ დროს გვერდით ოთახში დავინახე კედელთან მიყუდებული „არსენალის მთა ღამით“...

ფრანგმა მწერალმა 1982 წლამდე იცოცხლა, თუმცა „არსენალის მთა“ ხელოვნების მოყვარულთა თვალსაწიერიდან მისი მფლობელის გარდაცვალებამდე გაქრა. ნელი კობიაშვილის თქმით, ნახატს დაკარგულად მიიჩნევდა ღრმად მოხუცებული ლუი არაგონიც, ვიდრე მას, როგორც ჟურნალისტი იხსენებს, რეზო თაბუკაშვილი არ ეწვია.

„როდესაც რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო „ფრანგული დღიური“, მაშინ ის ესტუმრა არაგონს და ჰკითხა, თქვენ რომ ფიროსმანის ნახატი გაჩუქეს, სად არისო. არაგონი ამ დროს ძალიან მოხუცი და დაუძლურებული იყო და არ ახსოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ აქვს დაწერილი ფიროსმანზე და ძალიან დიდ პატივს სცემდა მის შემოქმედებას. მოკლედ უთხრა, რომ არ მაქვსო და სხვა თემაზე გადავიდა. წიგნის კარადასთან დაკავშირებით უყვებოდა რაღაც ამბავს. მერე ოთახები რომ შემოიარეს, ბატონმა რეზომ ჰკითხა, იქით კიდევ ოთახი ხომ არ არისო. სწორედ იმ ბოლო, მეშვიდე ოთახში აღმოჩნდა „არსენალის მთა ღამით“, შემოდებული ბუხარზე“, უთხრა ნელი კობიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლუი არაგონის გარდაცვალების შემდეგ „არსენალის მთის“ კვალი კიდევ ერთხელ დაიკარგა. წლების შემდეგ ნელი კობიაშვილი მოსკოვში ეწვია ლუი არაგონის ცოლის, ელზა ტრიოლეს, დის, ლიალია ბრიკის გერს, ვასილი კატანიანს, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ ფიროსმანის ნახატი შეიძლება ინახებოდეს მწერალ ჟან რისტასთან - ლუი არაგონის მეგობარსა და მემკვიდრესთან. ნელი კობიაშვილი ჟან რისტას 2003 წელს დაუკავშირდა, თუმცა პირველმა საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო - ფრანგმა მწერალმა უთხრა, რომ ნახატის შესახებ არაფერი იცოდა:

„მეორე თუ მესამე დღეს ისევ დავურეკე და ავუხსენი, ჟურნალისტი ვარ საქართველოდან და ნამდვილად ვიცი, რომ ლუი არაგონი ფლობდა ამ ნახატს და ეს ნახატი მწერლის სახლში ჩემი თვალით მაქვს ნანახი-მეთქი. ამის შემდეგ მცირე პაუზა გააკეთა და მითხრა, ხვალ მობრძანდითო და მომცა თავისი მისამართი. მეორე დღეს მივედი. ყავით გამიმასპინძლდა, მაჩვენა არაგონის სტატიები ფიროსმანზე და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ვკითხე, ხომ არ არის დრო სურათიც მაჩვენოთ-მეთქი და ამ დროს გვერდით ოთახში დავინახე კედელთან მიყუდებული „არსენალის მთა ღამით“.

ნელი კობიაშვილის თქმით, ჟან რისტა ფიროსმანის ნახატს წლების განმავლობაში ბანკში ინახავდა, თუმცა შეთავაზებაზე, გაეყიდა ნახატი, რამდენიმე კვირის შემდეგ თანხმობა განაცხადა, თანხად კი 300 ათასი ევრო დაასახელა. საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილის აქტიურობისა და ძალისხმევის მიუხედავად, მაშინ საქართველოში ფიროსმანის ნამუშევრის შეძენის მსურველი თუ შემძლე არავინ აღმოჩნდა. ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძის თქმით, „არსენალის მთის“ მორიგი აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ნახატის ახალი სიცოცხლე.

„ძალიან გახმაურდა ეს ფაქტი მაშინ. ტელევიზიამ და პრესამ ფართოდ გააშუქა ნახატის პოვნის ფაქტი და მაშინ დაინტერესდნენ კოლექციონერები და შეიძინა რუსმა კოლექციონერმა. სხვათა შორის, გამოფენილი იყო მოსკოვში ЦДХ-ში (მხატვართა ცენტრალური სახლი) ცნობილ„შავ ლომთან“ ერთად და ამის შემდეგ გაიყიდა Sotheby's აუქციონზე. ეს იყო პირველი გაყიდვა, შემდეგ გაიყიდა MacDugall's აუქციონზე და ახლა იყიდება Christie's-ზე. ხაზგასმით ვთქვათ, რომ როცა ასეთ დიდ აუქციონებზე ჩნდებიან ქართველი მხატვრები, ესაა ძალიან კარგი. ბევრი დიდი მხატვრის ნამუშევარი ინახება კერძო კოლექციაში“, უთხრა ეკა კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.

ეკა კიკნაძის თქმით, სამწუხარო და დასანანი ისაა, რომ ამჯერადაც, ისევე როგორც 2007-სა და 2010 წლებში სოთბისა და მაკდუგალის აუქციონებზე, ფიროსმანი იყიდება რუსული მხატვრობის სექციაში:

„დღეს, როდესაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გავმიჯნოთ რუსეთისგან და წარმოვჩნდეთ დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოდ, ამ ფონზე როდესაც ფიროსმანაშვილი რუსული მხატვრობის კატეგორიაში იყიდება, რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია. მით უმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთ დიდ აუქციონებზე რუსული მხატვრობის კატეგორიაში გაიყიდა გუდიაშვილიც, გაბაშვილიც. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო, ისევე როგორც ზოგადად საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით“.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის რუსული მხატვრობის სექციაში მოხვედრით უკმაყოფილოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც, რომელმაც შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს. შედეგად, უახლოეს მომავალში მუზეუმი დაიწყებს მუშაობას იმ საკითხზე, რომ ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები არ მიაკუთვნონ რუსული არტის სექციას და მოხდეს ნამუშევრების იდენტიფიცირება შესაბამის განყოფილებასთან“.

არა მხოლოდ ეს ნამუშევარი, არამედ ხელოვნების ძალიან ბევრი ნიმუში თუ გავა ასეთი დონის აუქციონზე და გაიყიდება მაღალ ფასად, ეს არის ერთ-ერთი საშუალება ჩვენი ხელოვნების პოპულარიზაციის. რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ ჩვენი ხელვონებისთვის, იმას აკეთებს სხვა...

თუმცა, როგორც ჩანს, დიდ აუქციონებზე ქართული სექციის გასაკეთებლად ხანგრძლივი და გააზრებული შრომაა საჭირო. „ბაია გალერეის“ დამფუძნებლის ბაია წიქორიძის თქმითაც, ქართული სექციის გაკეთება ძალიან რთული იქნება, თუმცა იმისათვის, რომ დიდმა სააუქციონო სახლებმა შექმნან საქართველოსთვის ხელსაყრელი რეგიონალური საბაზრო პოლიტიკა, აუცილებელია პროდუქციის სათანადო მიწოდება, ამისთვის კი მნიშვნელოვანია როგორც კულტურის სამინისტროს, ასევე კერძო სექტორის ძალისხმევა.

„ანუ ეს ნამუშევრების provenance, ანუ წარმოშობა-წარმომავლობა, მათი მხატვრული ღირებულება, მათი ხარისხი - ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და აგრეთვე მათი პრეზენტატიულობა ამ აუქციონებზე, ანუ რამდენად ფასეულია ეს ნამუშევარი. ჩვენთან ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგენს ნამუშევრის ორიგინალობას, ასევე ადგენს ნამუშევრის რეიტინგს, მხატვრის რეალურ ფასს - ეს არაფერი არ არსებობს. არ არსებობს საერთო მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას მისცემდა ექსპერტებს პირველ რიგში დაედგინათ ნამუშევრის ორიგინალობა და, მეორეც, თვალი ედევნებინათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები რომელი კოლექციიდან სად გადაინაცვლებდა, ამ provenance-ს, ე.წ. წარმომავლობას, აუქციონებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშნელობა აქვს. ახლა ფიროსმანის ნამუშევრის გატანა აუქციონზე ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუკი საერთოდ ქართულ მხატვრობაზე შეიძლება იყოს მოთხოვნა, ამ ნიმუშის გაყიდვა გვიჩვენებს ამას“, უთხრა ბაია წიქორიძემ რადიო თავისუფლებას.

ბაია წიქორიძის თქმით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ფიროსმანის ნამუშევრის გაცილებით მაღალ ფასად გაყიდვა, თუმცა საქართველოში ბევრი მოქალაქე მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანია ნამუშევრის საქართველოში დაბრუნება. რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება და აქტიურად განიხილება მომღერალ ნიაზ დიასამიძის შემდეგი მიმართვა:

„გამარჯობა. აუქციონზე იყიდება ფიროსმანის ნამუშევარი. ხომ არ იცნობთ ისეთ ქართველს რომელიც შეიძენს ამ ნახატს, დააბრუნებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, აჩუქებს მუზეუმს?! პ.ს. ვოცნებობ. მაქვს მეორე ვერსიაც 1 $ დავდოთ 1 000 000-მა მოქალაქემ და დავიბრუნოთ ფიროსმანის ფერწერა! აუქციონი ტრადება პირველ ივნისს. შანსი გვაქვს და თუ მივაწვებით, გამოგვივა. ძალა ერთობაშია!”

ამგვარ სამოქალაქო აქტივობასა და ინტერესს სათანადოდ აფასებს ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე:

ეკა კიკნაძე

ეკა კიკნაძე

„მე რომ შემეძლოს ამ სურათის შეძენა, შევიძენდი და დროებით სარგებლობაში გადავცემდი რომელიმე დიდ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ან გალერეას იმ პირობით, რომ ის იქნებოდა მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. ამას გავაკეთებდი იმის გამო, რომ ფიროსმანი იყოს გამოფენილი იმ მხატვრების გვერდით, რომელთა გვერდითაც, რეალურად, არის მისი ადგილი. ესენია სეზანი, ვან გოგი, გოგენი... საუკუნის დასაწყისის მოდერნისტი მხატვრები. ფიროსმანაშვილი ეს მხატვრული რანგია!“

გალერისტი ბაია წიქორიძე კი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო აუქციონებზე ქართული ხელოვნების გატანითა და გაყიდვით სათანადო ფასად, პირველ რიგში, ქართული კულტურა იხეირებს.

„არა მხოლოდ ეს ნამუშევარი, არამედ ხელოვნების ძალიან ბევრი ნიმუში თუ გავა ასეთი დონის აუქციონზე და გაიყიდება მაღალ ფასად, ეს არის ერთ-ერთი საშუალება ჩვენი ხელოვნების პოპულარიზაციის. რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ ჩვენი ხელვონებისთვის, იმას აკეთებს სხვა. ისევე როგორც სოთბის აუქციონი ჩამოვიდა, შემოგვთავაზა გამოფენის მოწყობა, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამას განვითარება ჰქონოდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ თუ ფიროსმანის ამ ნამუშევარს რომელიმე დიდი მუზეუმი იყიდის ან გალერეა იყიდის, ან კოლექციონერი იყიდის, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენი ხელოვნებისთვის“, უთხრა ბაია წიქორიძემ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG