Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ავიაციის პირველი ავიაშოუ


ავიაშოუ
ავიაშოუ
თბილისში საქართველოს სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველი ავიაშოუ გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი ავიატორის ალექსანდრე ქართველიშვილის დაბადებიდან 117-ე წლისთავს ეძღვნება. ალექსანდრე ქართველიშვილი პირველი ამერიკული ავიაგამანადგურებლის შემქმნელად ითვლება. ავიაშოუში სუ-25 და ელ -39 ტიპის 11 თვითმფრინავი მონაწილეობდა. 31-ე საავიაცო ქარხნის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო და ქარხანას ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი მიენიჭა.

ციდან 1 500 მეტრის სიმაღლიდან თავდაპირველად 2 პარაშუტისტი დაეშვა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით ხელში. მათ მარნეულის აეროდრომიდან აფრენილი სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები სუ-25 და ელ -39 მოჰყვნენ. უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების დაღმავალი კასრის, ვერტიკალის, ნახევარმარყუჟის და სხვა რთული ილეთების
ეს, რაც ვნახეთ, არის ამ მწირი რესურსებით მიღწეული დონე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მომავალში შევძლებთ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ ეს არსებული მდგომარეობა. ხალხი გვყავს, გული გვერჩის. ცოტას თუ დაგვეხმარებიან, მივაღწევთ ამას...
ვახტანგ კაპანაძე
შესრულების შემხედვარე 12 წლის გიორგი გზირიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მსგავსი სიამოვნება არანაირი სანახაობისგან არ მიუღია:

„ძალიან მიყვარს თვითმფრინავები. პირველად ვნახე ასე ახლოს თვითმფრინავები და ისეთი შეგრძნება მაქვს, სულ მაჟრიალებს ტანში“.

ავიაშოუს დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მსგავსი შოუები ყოველ წელს ჩატარდება და მომავალ წლებში შესაძლოა სხვა ქვეყნების მფრინავებიც შეუერთდნენ და არ არის გამორიცხული, ავიაშოუმ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინოს. ამ თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთანაც მუშაობს. დღევანდელი ავიაშოუ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავიატორის ალექსანდრე ქართველიშვილის დაბადებიდან 117-ე წლისთავს მიეძღვნა.
ირაკლი ალასანია ავიაშოუზე
ირაკლი ალასანია ავიაშოუზე

„თბილავიამშენს ასევე დაერქვა ალექსანდრე ქართველიშვლის სახელი. ეს უდიდესი მოღვაწე იყო ავიაციის ისტორიაში. ის ამერიკული სამხედრო ავიაციის ფუძემდებელია და დღესაც მისი შექმნილი თვითმფრინავები და კონკრეტულად ერთი, ა10, დღესაც იცავს და უწევს ახლა საჰაერო მხარდაჭერას ქართველებს, ამერიკელებს და ნატოს ჯარებს ავღანეთში და ეს ძალიან სიმბოლურია“.

ალექსანდრე ქართველიშვილის ფოტოგამოფენა და მის მიერ შექმნილ ავიაგამანადგურებელთა მოდელების გამოფენაც მოეწყო აეროდრომის ტერიტორიაზე, სასწავლო სამეცნიერო ცენტრის, „დელტას“ მიერ შექმნილი სამხედრო ტექნიკის გვედრით.

ავიაშოუს ესწრებოდნენ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თქვა შოუს დასრულების შემდეგ, მან დღეს ძალიან ბევრი გაიგო სახელოვან ქართველზე, ალექსანდრე ქართველიშვილზე, რომელმაც პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ამერიკულ ავიაციას და, ამასთანავე, ქართველი პილოტების დიდი ოსტატობის მხილველი გახდა:
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„მე ვნახე ჩვენი პილოტების, ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობა, რაც იყო ამაღელვებელი, განსაცვიფრებელი, და ეს ყველაფერი ერთად სიამაყით მავსებს მეც და, ალბათ, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სხვადასხვა ნიმუშები ქართული სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, რაც მეტყველებს ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის სერიოზულ დონეზე, რომელსაც გამოყენება და შემდგომი განვითარება სჭირდება და ძალიან კარგია, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღევანდელ დღეს ამ ყველაფერს მოაბა თავი.“

სანახაობით კმაყოფილი იყო თბილისის მერი გიგი უგულავაც, რომელმაც განაცხადა, რომ ის, რაც დღეს იხილა, წინა ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია:

„ეს ავიაშოუ ამის კარგი და ნათელი მაგალითია, რომ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი კარგი რამე გაკეთდა და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც, ძალიან ბევრი განსხვავებების მიუხედავად, ძველ და ახალ მთავრობაში არ იქნება განსხვავება და ჩვენ იმ მონაპოვარს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ“.
ავიაშოუ
ავიაშოუ

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის გენერალ ვახტანგ კაპანაძის სიტყვებით კი, ეს შოუ არის იმ მწირი დაფინანსების შედეგი, რაც ავიაციას აქვს:

„ეს, რაც ვნახეთ, არის ამ მწირი რესურსებით მიღწეული დონე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მომავალში შევძლებთ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ ეს არსებული მდგომარეობა. ხალხი გვყავს, გული გვერჩის. ცოტას თუ დაგვეხმარებიან, მივაღწევთ ამას“.

თბილავიამშენებელ ქარხანას ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი ეწოდა, მის ყოფილ საცხოვრებელ სახლთან კი მისი სახელობის დაფა გაიხსნა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG