Accessibility links

logo-print

პირველი ოქრო ოლიმპიადაზე


ლაშა ტალახაძე (ცენტრში), ირაკლი თურმანიძე (მარჯვნივ), გორ მინასიანი (მარცხნივ)

ლაშა ტალახაძე (ცენტრში), ირაკლი თურმანიძე (მარჯვნივ), გორ მინასიანი (მარცხნივ)

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში 16 აგვისტოს საქართველომ პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა - ოლიმპიური ჩემპიონი 22 წლის საჩხერელი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. მასთან ერთად გამარჯვების კვარცხლბეკზე ბრინჯაოს მედლით ავიდა 31 წლის ქობულეთელი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე. მთლიანობაში კი, 16 აგვისტო უხვმედლიანი გამოდგა საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის. ძალოსნების გარდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, 22 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა, შმაგი ბოლქვაძემ.

რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ზემძიმე წონაში მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ 473 კილოგრამით ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მეორე ადგილზე გასულ ძალოსანს, სომხეთის წარმომადგენელს, გორ მინასიანს, 22 კილოგრამით აჯობა. მესამე ადგილზე გასულმა ირაკლი თურმანიძემ ორი მოძრაობის ჯამში 448 კილოგრამი ასწია. როგორც ჩვენი კორესპონდენტი, ოთარ მაღლაკელიძე, რიო-დე-ჟანეიროდან იუწყება, ქართული სპორტის ისტორიაში 16 აგვისტოს მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა:

“უახლესი ისტორია საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მძიმეწონოსნებმა ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ დაწერეს. „რიო 2016“-ზე ძალოსნებისთვის განკუთვნილი დღეები გუშინ სწორედ პლუს 105 კილოგრამი წონითი კატეგორიით დასრულდა და, ჩვენდა გასახარად, საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაგვირგვინდა. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა, მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ თავის ტიტულებს ოლიმპიური ოქროს მედალიც მიამატა და 22 წლის ასაკში უკვე სრული კოლექცია შეკრა. ამასთან, ორჭიდის ჯამში ირანელი რეზა ზადეს მიერ 16 წლის წინ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა და, კიდევ, მეორე ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს მან 22 კილოგრამით გაუსწრო. ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა, ირაკლი თურმანიძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა“.

შემდეგ, როცა უკვე განაღდებული ჰქონდა მას ოლიმპიური ჩემპიონობა, იგი გამოვიდა და ფანტასტიკური მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამით გადაფარა ყველაფერი. არავითარი ხინჯი არავის არ დაუტოვა, პირიქით, სიხარული მოუტანა ქართველ სპორტის მოყვარულებს...

ქართველი ძალოსნების გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა გულშემატკივრებისთვის. როგორც სპორტული მიმომხილველი დავით ქლიბაძე ამბობს, საქართველოს ძალოსნობაში აქვს ძალიან კარგი ტრადიციები და, შესაბამისად, „რიო - 2016“-ის შედეგებიც, განსაკუთრებით ლაშა ტალახაძის ოქრო, ამ ტრადიციების ლოგიკური დაგვირგვინება იყო:

“დაძაბული შეჯიბრება, შეიძლება ითქვას, მინდა ეს ვთქვა, მაგრამ დაძაბული მაინცდამაინც არ იყო. ისე წავიდა ყველაფერი, სიტუაცია, რომ აშკარად გამოჩნდა მისი უპირატესობა. აქ, რასაკვირველია, იმოქმედა იმ გარემოებამ, რომ 4 წლის წინანდელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ირანელმა ძალოსანმა ვერ დაძლია მეორე მოძრაობაში, აკვრაში, საწყისი წონა. ამან, რასაკვირველია, შეუმსუბუქა სიტუაცია ლაშა ტალახაძეს. ეს ობიექტურად უნდა ვთქვათ, მაგრამ შემდეგ, როცა უკვე განაღდებული ჰქონდა მას ოლიმპიური ჩემპიონობა, იგი გამოვიდა და ფანტასტიკური მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამით გადაფარა ყველაფერი. არავითარი ხინჯი არავის არ დაუტოვა, პირიქით, სიხარული მოუტანა ქართველ სპორტის მოყვარულებს“.

როგორც ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ, შეჯიბრის დასრულების შემდეგ უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, მას გამარჯვებაში გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან დაეხმარა:

“რა თქმა უნდა, წინასაშეჯიბრო განცდა ჯერ ისე აქვს სპორტსმენს და, მით უმეტეს, როცა ამდენი გულშემატკივარი ელოდება შენს წარმატებას, არ გინდა მათი იმედები გააცრუო და ყველაფერს აკეთებ ამ ყველაფრისთვის. მობილიზებას აკეთებ შენს თავში და ცოტა რთულია სპორტსმენისთვის, ფსიქოლოგიური დატვირთვაა უფრო, მაგრამ რაღაც მომენტში ეს გეხმარება სპორტსმენს, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთო და გამოამჟღავნო ის, რაც შეგიძლია და რისთვისაც ხარ მზად, მიიტანო შეჯიბრის ბოლომდე“.

ლაშა ტალახაძემ ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ, აკვრაში კი 258 კილოგრამი დააფიქსირა, ჯამში, მან 473 კილოგრამი დაიმორჩილა. 448 კილოგრამით დაასრულა შეჯიბრი ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კილოგრამის დაძლევით მოიპოვა. ქართველი ძალოსნების წარმატებით კმაყოფილია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი:

ტარიელ ხეჩიკაშვილი

ტარიელ ხეჩიკაშვილი

“დღევანდელი ლამაზი გამარჯვება შევა ქართული სპორტის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ჩვენს სპორტსმენებს მინდა ეს წარმატება მივულოცო, ჩვენს გულშემატკივრებს. იყო ეს დღე გამარჯვების, წარმატების, თავდადების და მთელი მსოფლიო ახლა, რა თქმა უნდა, საუბრობს ჩვენი ვაჟკაცების ძალიან ღირსეულ გამოსვლაზე. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვაჟკაცი არის საქართველოდან“.

მართლაც, საამაყოა, რომ საქართველოს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა, თავის მხრივ, ლაშა ტალახაძის გამარჯვებას მოსკოვის 22-ე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დეპუტატი შოთა ხაბარელი:

“ეს მართლა მისასალმებელია, ამაზე ძლიერი არ არსებობს ჯერ. ალბათ, წლები დასჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტალახაძე თავისივე რეკორდს მოხსნის. სხვა ვერ მოუხსნის, იმდენად ძლიერია. თანაც, 22 წლისაა. ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა მსოფლიოში და ეს ქართველმა გააკეთა“.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ამ ეტაპისთვის 5 მედალი აქვს მოპოვებული: ერთი ოქროსი, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოსი. ქართული სპორტის ქომაგებს იმედი აქვთ, რომ მედლების რაოდენობა გაიზრდება და ამ მხრივ თავს განსაკუთრებულად თავისუფალი სტილით მოჭიდავენი გამოიჩენენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG