Accessibility links

logo-print

ლიზი ზალდასტანი-ნაპიერი: არ ვიცი, რა ბედი ეწია პირველი რესპუბლიკის არქივს


რუსუდან გორგილაძე და ლიზი ზალდასტანი-ნაპიერი არქივზე მუშაობისას.

რუსუდან გორგილაძე და ლიზი ზალდასტანი-ნაპიერი არქივზე მუშაობისას.

საბჭოთა ხელისუფლებამ არაერთი ქართველი აიძულა უცხოეთში წასულიყო. ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლეთში დარჩენილთა არმია. ძალიან დიდია მათი რიცხვი - ქართული წარმოშობის ამერიკელებისა თუ ფრანგების, გერმანელებისა თუ არგენტინელების, ვისაც საქართველოში ჩასვლა არ შეეძლო, მაგრამ სამშობლოსთვის რამის გაკეთება სურდა. ბევრმა ეს მოახერხა, ბევრმა სცადა, ბევრმა მართლაც ბევრი გააკეთა და დაუფასდა კიდეც. არაერთი კი იმედგაცრუებულია, რადგან მათ მიერ უანგაროდ გაცემული არქივები, დოკუმენტები, სხვადასხვა მასალა დაიკარგა ან საზოგადოებამდე ვერ მივიდა. აშშ-დან საქართველოში გაიგზავნა იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ოთარ ზალდასტანიშვილის არქივი და არა მხოლოდ ის, მასთან ერთად მისი ძმის, გივის, და ასევე ამერიკაში მცხოვრები ერთი ოჯახის პაპის, გრიგოლ დიასამიძის, არქივიც. საქართველოს მასმედიაში ერთი-ორ ადგილას გაისმა ხმა, რომ ასეთი არქივები საქართველოსკენ მოემართება, რომ ის გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომ იქ ის ემიგრაციის დარბაზში გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი და რომ ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილმა ლიზი ზალდასტანი-ნაპიერმა, თავის და-ძმასთან მოლაპარაკების შემდეგ, განაცხადა თანხმობა, მისი მამის არქივი თბილისში გადაიტანონ. ჩვენ ლიზი ზალდასტანი-ნაპიერს ტელეფონით ვესაუბრეთ.

„იცით? ეს დიდი ნაბიჯი და ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო. მინდოდა, ჩემი მამის ნამოღვაწარის შესახებ სცოდნოდათ და ხსომებოდათ, მაგრამ ეს ძალიან მგრძნობიარე, ჩემი ოჯახისა და პირადად ჩემი მასალაა. ამიტომ მოვძებნე ისეთი ადამიანი, რომელსაც მართლაც ვენდობოდი და იმედი მქონდა ამ მასალას სათანადოდ მოეპყრობოდნენ“, გვიამბობს ლიზი ზალდასტანი, რომელსაც გამოცდილება სიფრთხილისკენ უბიძგებს:

„შეიძლება იცით, ჩემი მამა და ბიძაჩემი ზრუნავდნენ იმაზე, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის არქივს ჰარვარდის უნივერსიტეტში დაედო ბინა. ბიძაჩემმა 1990-იანი წლების ბოლოს გურამ შარაძესთან ერთად იმაზე იმუშავა, რომ ეს არქივი საქართველოში დაბრუნებულიყო. არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ დოკუმენტებს. ეს იმიტომ მაწუხებს, რომ ამ არქივს ხალხი ვერ აგნებს. როცა ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი მამაჩემის არქივთან დაკავშირებით, მთავარი იყო ჩემთვის, მომეძებნა ვინმე, ვისაც ვენდობოდა და ვინც ამ პროცესში მთლიანად ჩაერთვებოდა, რათა უზრუნველეყო ამ მასალის სათანადო მოვლა და მისი ყველასთვის ხელმისაწვდომობა. მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ არქივი არ იქნებოდა სადმე დამალული და მისაწვდომი მხოლოდ ზოგიერთი კერძო პირისათვის“, ამბობს ლიზი ზალდასტანი.

ჩვენი მეორე თანამოსაუბრე ამერიკიდან არქივების წამოღების სულისჩამდგმელია. მედიით გავრცელებულ ცნობებში ნათქვამია, რომ არქივის გადაცემა მოხდა რუსუდან გორგილაძის დახმარებით. ავტორს, ჰარვარდის მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რუსუდან გორგილაძეს, ჩვენ სწორედ მაშინ ვესაუბრეთ, როცა ის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილთან ერთად აშშ-ში იმყოფებოდა და, ნიუ-იორკსა და ბოსტონში ოთარ ზალდასტანიშვილის არქივის დამუშავების შემდეგ, უკვე გივი ზალდასტანიშვილის არქივის გადასარჩევად მიემგზავრებოდა ვუსტერში.

ზალდასტანიშვილების ოჯახზე გვიამბობს რუსუდან გორგილაძე და გვეუბნება, რომ გივი და ოთარ ზალდასტანიშვილების მამა, სოლომონი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, ყველაზე ახალგაზრდა პოლკოვნიკი იყო. სოლომონმა ბოლშევიკების საქართველოში გამარჯვების შემდეგ სამშობლო დატოვა და თავისი ვაჟები უცხოეთში წაიყვანა. საქართველოში გივის უფრო იცნობენ - იქ ის ამერიკული აკადემიის დამაარსებელია. საქართველოში დაბრუნდა და იქვე გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ.

ოთარ ზალდასტანიშვილის წერილები

ოთარ ზალდასტანიშვილის წერილები

ოთარ ზალდასტანიშვილი, როგორც რუსუდან გორგილაძე გვიამბობს, ცნობილი ინჟინერ-მშენებელი ყოფილა. მის სახელს უკავშირდება არაერთი რთული კონსტრუქციის ნაგებობა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ უცხოეთშიც - ახლო აღმოსავლეთში და სხვაგან. რუსუდან გორგილაძეს მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონია და ახლა მის შესახებ წიგნის დაწერას აპირებს. ოთარ ზალდასტანიშვილი ქართველთა სათვისტომოს თავმჯომარე იყო და ამ რანგში მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა საქართველოსა და ქართველების სასიკეთოდ. რუსუდან გორგილაძე ზალდასტანიშვილთა არქივების უდიდეს მნიშვნელობაზე ლაპარაკობს და ამბობს, „ეს არქივები შედგება ძველი პერიოდული გამოცემებისგან, წიგნებისა და წერილებისგან, რომლებშიც არაჩვეულებრივად ჩანს იმდროინდელი ვითარება, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა, როლი. ამ ყველაფრის აღდგენის საშუალებას იძლევა ეს არქივებიო“.

როგორ მოხდა, რომ რუსუდან გორგილაძე გახდა ზალდასტანიშვილთა ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი? ოჯახებს სურდათ, რომ, პირველ რიგში, რუსუდან გორგილაძეს ენახა ეს არქივები, გადაერჩია მასალები, განემარტა მფლობელებისთვის, რა აქვთ მათ ხელთ და მიეცა მათთვის რჩევა. რუსუდან გორგილაძე გვიამბობს, დავარწმუნე ისინი, რომ ეს დოკუმენტები აუცილებლად საქართველოში უნდა ყოფილიყო, ეროვნული ბიბლიოთეკაშიო. არქივები მოთავსდება ემიგრაციის დარბაზში, ამბობს რუსუდან გორგილაძე, და დარწმუნებული ვარ ბიბლიოთეკა ამ დოკუმენტებს მოუვლის და მის ხელმისაწვდომობასაც უზრუნველყოფსო.

სოლომონ ზალდასტანიშვილი

სოლომონ ზალდასტანიშვილი

აშშ-დან არქივები საქართველოში ჩააქვთ, მაგრამ ვის ეკუთვნის ეს დოკუმენტები და ვისი საკუთრებაა ისინი, ვისია საავტორო უფლებები? ეს თემა ჩვენს დროში მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია და სწორედ ამაზე ვესაუბრეთ რუსუდან გორგილაძესა და ამ დოკუმენტების მფლობელი ოჯახის წარმომადგენელს ლიზი ზალდასტანს. რუსუდან გორგილაძე ამბობს, არქივები ოჯახების საკუთრებაა და, რამდენადაც ვიცი, ასეთადაც დარჩებაო; უბრალოდ, საჭირო იქნება მათი საავტორო უფლებების დაცვა ყველას მიერ, ვინც კი მათ გამოყენებას ისურვებსო. რუსუდან გორგილაძემ, როგორც მან გვითხრა, ლიზი ზალდასტანი დაარწმუნა, რომ ეს არქივები ოჯახების საკუთრებად დარჩებოდა. ისინი ფიზიკურად საქართველოში იქნება, მაგრამ მათ მფლობელებად ზალდასტანიშვილები დარჩებიან. ოთარ ზალდასტანიშვილის ასულმა გვითხრა, მნიშვნელოვანია ის, რომ რუსუდანს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ვიცნობ მას მერე, რაც ჰარვარდში ჩამოვიდა, მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობაცო:

„ის ერთადერთი ადამიანია, რომლის რჩევასაც ვენდობი ისეთ პირადულ საქმეში, როგორიც მამაჩემის არქივის საკითხია. ეს ყველაფერი რუსიკოს გარეშე არ მოხდებოდა. ის იყო ამ პროცესში მამოძრავებელი ძალა. მისი რჩევა იყო თავიდანვე, რომ არქივები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოგვეთავსებინა“.

ჩვენი თანამოსაუბრე საქართველოს მხარესთან, ოფიციალურ უწყებებთან კომუნიკაციის უქონლობას უჩივის. მისი თქმით, მან თავისი დისა და ძმისგან მიიღო საქართველოში არქივის წაღებაზე თანხმობა და ჩანს, მათ მიმართ გარკვეულ პასუხიმგებლობას და ვალდებულებასაც გრძნობს. ისინი მხარში ამომიდგნენ, ეს მათთვისაც ერთობ მგრძნობიარე საკითხიაო, ამბობს.

„კარგი იქნებოდა, არსებობდეს საქართველოს მთავრობისა ან ბიბლიოთეკისგან რეაქცია, აღიარება. არქივის გარშემო ამ საკითხებში რუსიკო იყო ხოლმე, ვინც მარწმუნებდა და მე ვისურვებდი, რომ ბიბლიოთეკას ან მთავრობას (არ ვიცი, ვის უნდა გაეკეთებინა ეს) განეცხადებინა, რომ რუსიკო კვლავაც ჩართული იქნება ამ პროექტში და რომ მისი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს“, ამბობს ქართველი ემიგრანტების შვილი.

მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქართველებისთვის, რომ გაიგონ: თუ სურთ ემიგრაციამ ამგვარი მასალები გადასცეს საქართველოს, უნდა გამყარდეს ნდობა და არსებობდეს მუდმივი კომუნიკაცია...
ლიზი ზალდასტანი გვიამბობს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კევთელიძესთან, თბილისშიც მქონდა ხანმოკლე შეხვედრა, ერთად ვივახშმეთ, მაგრამ რაც აქედან წავიდა, აღარ გამოჩენილაო. მისი თქმით, ამერიკაში არაერთი ქართული წარმოშობის ოჯახია, რომლებსაც მნიშვნელოვანი არქივები აქვთ, მაგრამ ისინი არავის ენდობიან საქართველოში, იმავე ცუდი გამოცდილების გამო, როცა მასალები მიჰქონდათ და სათანადოდ არ ეპყრობოდნენ მათო; ამიტომ ამჟამად არც არავის უპირებენ გადასცენ თავიანთი წინაპრების ეს დოკუმენტებიო.

სხვაგვარად უყურებს ვითარებას გრიგოლ დიასამიძის ოჯახი, რომელიც არქივის თბილისში წაღებაზე დათანხდა. ამ საქმესაც რუსუდან გორგილაძემ მოაბა თავი, ბუნებრივია, გრიგოლ დიასამიძის ქალიშვილ ნინო ვაჩნაძესთან ერთად.

რუსუდან გორგილაძე ამბობს, ჩვენს ვალად მიმაჩნია, რომ ქართველებმა გაიგონ, ვინ იყო გრიგოლ დიასამიძე, აკაკი წერეთლის მეგობარი და იმ დროის ყველა გამოჩენილ ქართველთან დაკავშირებული ადამიანიო. რუსიკო გორგილაძე, გარდა იმისა, რომ დიდი მადლიერებით აღნიშნავს ლიზი ზალდასტანის უდიდეს დამსახურებას საქართველოში ამ არქივების გაგზავნაში, მადლობას ეუბნება ოთარ ზალდასტანიშვილის მეორე ქალიშილსა და ვაჟს, ენის და ალექსანდერს, რომელთა თანხმობასაც მამის არქივის საქართველოში გაგზავნაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ასევე მადლობას უხდის ნინო ვაჩნაძეს, გრიგოლ დიასამიძის ოჯახს, რომელმაც გადაწყვიტა არქივი საქართველოსთვის გადაეცა.

ლიზი ზალდასტანი ამბობს, მართალია, ქართული არ ვიცი, მაგრამ თავს ქართველად ვგრძნობო. მართლაც, ბევრი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის მის ოჯახს უკვე 1990-იან წლებში, როცა ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა. ლიზი ზალდასტანს, საქართველოსთან კავშირის უქონლობის გამო, ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს დაკარგა კონტროლი იმაზე, რაც ხდება, ეს კი მას დისკომფორტს უქმნის. რუსიკოს გზით ურთიერობა შესანიშნავია, მაგრამ დიალოგი საჭიროაო, ამბობს:

„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქართველებისთვის, რომ გაიგონ: თუ სურთ ემიგრაციამ ამგვარი მასალები გადასცეს საქართველოს, უნდა გამყარდეს ნდობა და არსებობდეს მუდმივი კომუნიკაცია“, გვითხრა ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG