Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ვიდეომუქარა ქართულად „ისლამური სახელმწიფოსგან“ და საქართველოს პასუხი


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ქართველი ხალხის მიმართ გავრცელებული ვიდეომიმართვის თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამკაცრებული სასაზღვრო პოლიტიკის დასტურად აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო ათ დღეში საქართველოში შემოსვლის მსურველი 479 პირი გააბრუნეს უკან. 23 ნოემბერს გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოს გარშემო ორი დღეა არ წყდება მსჯელობა სოციალურ ქსელებში, პოლიტიკური ოპოზიცია კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვას და შექმნილ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითხოვს.

24 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 479 ადამიანს. პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტზე სავიზო კონტროლი გამკაცრებულია. შსს აცხადებს, რომ „განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები, კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ“. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა კი 14-დან, 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.

23 ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველი ხალხის მიმართ გავრცელებულ ვიდეოში ოთხი პირი ჩანს,მათგან ორი ქართულ ენაზე მიმართავს ქართველ ხალხს და ქვეყანაში „ისლამური ხალიფატის“ შემოსვლით ემუქრება, ხოლო საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერას ურჩევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ISIS-ის სახელით გავრცელებულ ამ ვიდეომიმართვის გარშემო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო. მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროც - ამ შემთხვევაში, როგორც მხარდამჭერი უწყება - და, როგორც მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ უთხრა ჟურნალისტებს, თავდაცვის სამინისტროში სრული მზადყოფნაა: „მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება. ვაცადოთ შესაბამის უწყებას გამოძიების დასრულება დადგენილი წესების მიხედვით“, - თქვა ანა დოლიძემ.

ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია...
ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატები" კი უახლოეს პერიოდში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას მოითხოვენ. როგორც კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ჩიქოვანი, აცხადებს, აუცილებელია შესაბამისი ძალოვანი სამსახურების სრული მობილიზება და ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ასახული პირების იდენტიფიცირება, ასევე კავშირების, მათ მიერ საქართველოს დატოვებისა და შემდგომი შესაძლო ნაბიჯების გამოძიება. „ტერორიზმს საზღვრები არ გააჩნია და მასთან ბრძოლაში საქართველოსაც სჭირდება სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას:

„საჭიროა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრება, სადაც ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ ემზადება სახელმწიფო და რას აკეთებს იმისათვის, რომ შესაძლო საფრთხეები თავიდან აიცილოს“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდა, შესაბამისი აღჭურვილობისა და ოპერატიული საშუალებების შეძენა.

"ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, რომელიც განაწილებული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში და, რაც მთავარია, ამისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნებები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ახლა საჭიროა და ველით, რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ფხიზლად იქნებიან და გადაამოწმებენ ყველა იმ პირს, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს იმ პიროვნებებთან, ვინც ვიდეოში მოგვმართავენ, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე...
ალეკო კვახაძე

ჯერჯერობით საგანგებო სხდომის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავენ ხელისუფლებაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამ ეტაპზე - მისი სიტყვებით, „ცხელ გულზე“ - ამ საკითხის კიდევ უფრო წინ წამოწევას საჭიროდ არ მიიჩნევს:

„ჯობს ახლა უსაფრთხოების შესაბამისმა სამსახურებმა იმუშაონ და ყველაფერი გააკეთონ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შემდგომში კი, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის თაობაზე მოსმენა პარლამენტში აუცილებლად გაიმართება“.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე წლებია მსგავსი შინაარსის ვიდეოებს სწავლობს და აკვირდება, თუმცა, მისი თქმით, ეს პირველი ვიდეომიმართვაა, რომელიც ღიად ემუქრება ქართველებს „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით. რადიო თავისუფლების დილის ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ ამ ვიდეომ თავისი ძირითადი მისია - ხალხში პანიკის გამოწვევა - ნაწილობრივ შეასრულა. ალეკო კვახაძე ფიქრობს, რომ მათ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნა ნაადრევია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სასმახურებმა ყურადღება უნდა მოადუნონ:

„ახლა საჭიროა და ველით, რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ფხიზლად იქნებიან და გადაამოწმებენ ყველა იმ პირს, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს იმ პიროვნებებთან, ვინც ვიდეოში მოგვმართავენ, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე, რაც, ზოგადად, „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარეობს“.

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმების ძალიან მცირე ნაწილი - რაღაც გარკვეული რაოდენობა - ექსტრემისტულ განწყობას ამჟღავნებს და ამ მხრივ, მისი აზრითაც, სახელმწიფომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს: „საჭიროა ყველას მკაცრი კონტროლი, ვინც კი ქვეყანაში შემოდის, თუნდაც საქართველოს ტრანზიტად იყენებდეს“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG