Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 23 აპრილიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას იწყებს. რეგისტრაცია, გასული წლების მსგავსად, სამეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზედარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც სკოლებში მუშაობენან რომელთა და-ძმა უკვე სწავლობს სკოლაში. იმავდროულად, პარლამენტში გრძელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვა. ცვლილება სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიღებას უშვებს და კანონპროექტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 23 აპრილს დაიწყება და ბოლო, მესამე, ეტაპი 21 ივნისის ჩათვლით გასტანს:

“ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმა უკვე სწავლობს ამ სკოლაში, რომელთა ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვი შედის ერთდროულად სკოლაში და რომლის მშობელიც არის სკოლის თანამშრომელი. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლეების მშობელთა მიერ საბუთების წარდგენის ვადად განისაზღრა 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის შუალედი. მეორე ეტაპი იქნება საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპი და ეს ეტაპი გაგრძელდება 15 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით. ეს გახლავთ ყველაზე უფრო ხანგრძლივი ეტაპი და ამ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლეების საბუთების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით პერიოდი“.

მე მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენი კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან კვლევებსაც ეფუძნება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, და საერთაშორისო გამოცდილებასაც...
თამარ მოსიაშვილი

მართალია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა რეგისტრაციას იწყებს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების საკითხი. პარლამენტში კობა სუბელიანის მიერ ინიცირებული ცვლილებები 5 წლის ასაკის ბავშვის მიღების შესაძლებლობას იძლევა. მოქმედი კანონმდებლობით, სკოლაში მიიღებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც15 სექტმბრამდე უსრულდებათ 6 წელი.

განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, ჯერჯერობით არ არის იმის მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება, თუმცა ცვლილებების მიღების შემთხვევაში სამინისტრო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ამ ეტაპზე სამინისტრო იმ კვლევებით ხელმძღვანელობს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს საჯარო სკოლები 6 წლის ასაკის ბავშვის მისაღებად არის მზად. ერთი - ეს არის 2011 წლის ანგარიში პირველკლასელთა სასკოლო მზაობის შეფასების შესახებ, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად მომზადდა, და მეორე - ეს არის 5 წლის ასაკის მოსწავლეთა სწავლების პრობლემების კვლევა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაუკვეთა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს.

განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია არ ეთანხმება განათლების სამინისტროს ხისტ გადაწყვეტილებას მხოლოდ 6 წლის ბავშვების სკოლაში მიღების დასაშვებობასთან დაკავშირებით:

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია

„ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება არსებობდეს დიფერენცირება სკოლებს შორის და თუკი რამე რეგულაციაა, ყველა სკოლას უნდა ათანაბრებდეს როგორც მათი შესაძლებლობების, ასევე მათ მიმართ მოლოდინების თვალსაზრისით. ამ დროს არსებობს სკოლები, მათ შორის - კერძოც და საჯაროც, რომელთაც აქვს 5 წლის ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება, ინფრასტრუქტურაც აქვთ მომზადებული და მასწავლებლებიც ჰყავთ და მზად არიან ინვესტირება გააკეთონ ამ ბავშვების მიღებაში“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ამგვარად სკოლების განვითარებაც ფერხდება.

არსებული ინფრასტრუქტურის, პედაგოგთა მომზადებისა და სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, ექსპერტს განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვლს გამართლებულად მიაჩნია განათლების სამინისტროს პოზიცია და არ ელის, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის მოქმედი კანონმდებლობა გადაიხედება:

„მე მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენი კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან კვლევებსაც ეფუძნება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, და საერთაშორისო გამოცდილებასაც“.

თამარ მოსიაშვილის თქმით, შესაძლოა მოსწავლეთა რეგისტრაციის დროს გარკვეული ხარვეზები მართლაც დაფიქსირდეს, მაგრამ ამას მასშტაბური ხასიათი არც გასულ წლებში ჰქონია და, იმედია, არც წელს ექნება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG