Accessibility links

logo-print

ფისკალური დეცენტრალიზაცია - საშემოსავლო გადასახადის განაწილების ახალი სისტემა


შემოსავლების სამსახურის შენობა

შემოსავლების სამსახურის შენობა

ერთი წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის წყარო გახდება. ამ ეტაპზე კანონპროექტით გათვალისწინებული პროპორციული გადანაწილების მექანიზმი არ არის საჯარო, არც გათანაბრებითი ტრანსფერის განაწილების ახალი წესია ცნობილი.

ახლად მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს მთავრობათაშორისი ფისკალური ურთიერთობების ცვლილებას, კერძოდ, ფისკალურ დეცენტრალიზაციას, რაც, უმთავრესად, ითვალისწინებს ადგილობრივი მთავრობისთვის საგადასახადო და მხარჯავი უფლებამოსილების მინიჭებას.

რატომ დეცენტრალიზაცია? ადგილობრივი მთავრობის ფისკალური ავტონომია პოლიტიკური დეცენტრალიზაციის უმთავრესი ასპექტია. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ გაიარა. მთავრობის უფლებამოსილებისა და ფინანსების ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას შორის გადანაწილება დღესაც ბევრ ქვეყანაში აქტიური დებატების საგანს წარმოადგენს. მთავრობათაშორისი ფისკალური ურთიერთობის რეფორმის ძირითადი მიზანი ყველგან ერთია - მიღწეულ იქნეს რესურსების განთავსების ეფექტიანობა და ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდეს ფინანსური საშუალებები მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, რისთვისაც ისინი აირჩიეს. ამასთან, ადგილობრივი მთავრობები ამ რესურსების ხარჯვაზე ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ამომრჩეველთა მიმართ, რისი წინაპირობაც ფისკალური ავტონომიაა. ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმას, სხვა ფუნდამენტური რეფორმების მსგავსად, აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მხარე.

ფისკალური დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური არგუმენტი ის არის, რომ დეცენტრალიზებული ფისკალური მოწყობა უფრო ეფექტურია, რადგან ადგილობრივი მთავრობა ახლოსაა მოსახლეობასთან, აქვს მეტი ინფორმაცია, ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებას და მისი საჭიროებების შესაბამის მომსახურებას გასწევს. შესაბამისად, ადგილობრივი საზოგადოებრივი მომსახურების დაგეგმვა და მიწოდება უფრო ზუსტად და მიზანმიმართულად ხორციელდება. დეცენტრალიზაცია უზრუნველყოფს სახელმწიფო მომსახურების მაღალ ეფექტურობას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას.

საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისკენ მისწრაფება პირდაპირ უკავშირდება მიზანს, ქვეყანაში განხორციელდეს სუბნაციონალური ფისკალური მოწყობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველობების ფისკალურ ავტონომიას. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სისტემის მოყვანა ევროპული რეგიონალური განვითარების პოლიტიკის პრინციპებთან შესაბამისობაში, რაც რეგიონებში განვითარების პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს.

როგორც აღვნიშნეთ, საშემოსავლო გადასახადის განაწილების ახალი მექანიზმი ცნობილი არ არის, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც შეიძლება ამ ინიციატივას შეექმნას, შემდეგია: მოქმედი სისტემის მიხედვით, დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადს აკავებს დამქირავებელი და ბიუჯეტში ის გადაიხდება საწარმოს/ორგანიზაციის რეგისტრაციისა და არა დაქირავებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დამქირავებელთა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი მსხვილი ბიზნესი, რეგისტრირებულია დიდ ქალაქებში და საქმიანობას ახორციელებს ადგილებზე წარმომადგენლობათა საშუალებით. შემოსავლების პოლარიზაცია გამოიწვევს გადანაწილებითი ხარჯების გაზრდას ადგილებზე. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება მნიშვნელოვანი შემოსავლები და კიდევ უფრო გართულდება ჰორიზონტალური გამოთანაბრება.

XS
SM
MD
LG