Accessibility links

logo-print

ავტორი: ირინა გურული

მიმდინარე კვირას გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კრედიტორებმა უკრაინას 19 მილიარდ დოლარის სესხი 20 პროცენტით შეუმცირეს. ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა თვეების განმავლობაში უკრაინის უმსხვილესი კრედიტორები უარს აცხადებდნენ ამგვარი შეღავათის გაკეთებაზე. თუ არსებული ინფორმაცია დადასტურდა, უკრაინის სახელმწიფო ვალი შემცირდება 70-დან 66 მილიარდ აშშ დოლარამდე. ეს მნიშვნელოვანი კომპრომისი იქნება კრედიტორების მხრიდან, რადგან ამ ეტაპზე უკრაინის მთავრობამ ვერ მოახერხა ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა - კორუფციის აღმოფხვრა და აღურიცხავი ეკონომიკის საგადასახადო ჩარჩოებში მოქცევა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკა, რომელზეც დაკვირვება ვერ ხერხდება, უკრაინის მშპ-ს 47 პროცენტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო ფინანსური დახმარება, 17,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. დახმარების სანაცვლოდ უკრაინას სამი მნიშვნელოვანი პირობის შესრულება მოუწევს: პირველი, 2019-25 წლებისთვის წელიწადში სესხის დაფარვასა და სესხის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 10 პროცენტს; მეორე, უკრაინის მთავრობა 2018 წლისთვის გაისტუმრებს სესხს და მისი მომსახურების საკომისიოს, 15,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით და, მესამე, 2020 წლისთვის სახელმწიფო ვალი მშპ-ს მიმართ არ უნდა აღემატებოდეს 70 პროცენტს.

საინტერესოა, რამდენად შეძლებს უკრაინა ამ პირობების შესრულებას, სესხის 20- პროცენტიანი შემცირების შემთხვევაში. პირველი პირობა, მართალია, შორეული პერსპექტივაა და მისი შესრულება 2025 წლისთვისაა სავალდებულო, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამდგრადი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის ფონზე ძნელია პროგნოზის გაკეთება.საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა მიმდინარე წელს 5,5 პროცენტით შემცირდება და მხოლოდ 2018 წლისთვის შეძლებს 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას. ბლუმბერგის პროგნოზი კიდევ უფრო პესიმისტურია და მიმდინარე წელს ეკონომიკის 8,7 პროცენტით შემცირებას ვარაუდობს. 2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, მშპ-ს რეალური ზრდა 14,7 პროცენტით არის შემცირებული. ივლისში წარმოება 13,4 პროცენტით შემცირდა. იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ექსპორტი 54 პროცენტით დაეცა.

უკრაინისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რუსეთის ბაზრის ალტერნატივის პოვნა. 60-პროცენტიანი კლების მიუხედავად, 2015 წლის პირველ კვარტალში რუსეთი მაინც უკრაინის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორად რჩებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი უკრაინიდან მის 9 დანარჩენ უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაშიც შემცირდა.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. 2015 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემების მიხედვით, უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილზეა, მთლიანი ექსპორტის 2,5%-ით. 2015 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი უკრაინაში 62 პროცენტით არის შემცირებული. უკრაინული ვალუტის გაუფასურება მოსახლეობის მყიდველობით უნარს ამცირებს და განსაკუთრებით აძვირებს მათთვის იმპორტულ პროდუქციას. ვინაიდან ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები უკრაინაში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ქართველ ექსპორტიორებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინება მოუწევთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG