Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა „ფისკალური უფსკრულის“ თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ხელს მოაწერს


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც ამერიკისთვის ეგრეთ წოდებული „ფისკალური უფსკრული“ უნდა აეცილებინა თავიდან. მოელიან, რომ პრეზიდენტი ობამა ხელს მოაწერს დოკუმენტს. კანონპროექტს პირველ იანვარს გვიან უყარეს კენჭი. მას რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის კონტროლქვეშ მყოფი ორგანოს უმეტესობა - 257 წარმომადგენელი - მიემხრო. წინააღმდეგი იყო 167. დოკუმენტი, რომელიც მანამდე სენატმა დაამტკიცა, ბარაკ ობამას გაეგზავნა.

კანონპროექტის თანახმად, ვადა გაუგრძელდება ამერიკელთა უმეტესობისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათებს და, სულ მცირე, ორი თვით გადაიდება ზომები, რომლებიც ავტომატურად საბიუჯეტო ეკონომიას გულისხმობს. ამ ზომების დაწყებას და შეღავათების გაუქმებას, ერთად, „ფისკალური უფსკრული“ უწოდეს. მას უარყოფითი გავლენა ექნებოდა ამერიკის და გლობალურ ეკონომიკაზეც. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის მოაწერს ხელს კანონს, რომელიც უმდიდრესი ამერიკელებისთვის გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს, ხოლო საშუალო ფენას არ ეხება:

„ჩემი ცენტრალური დაპირება საპრეზიდენტო კამპანიის დროს იყო შეცვლა საგადასახადო კოდექსისა, რომელიც უფრო მდიდარი მოსახლეობისთვის იყო სასარგებლო, მუშა - საშუალო კლასის -ამერიკელების ხარჯზე. დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ, კონგრესში მყოფ დემოკრატ და რესპუბლიკელ წარმომადგენელთა ხმების წყალობით. მე მოვაწერ ხელს კანონს, რომელიც გადასახადს გაუზრდის ამერიკელთა ორ პროცენტს, უმდიდრეს ადამიანებს, მაშინ როცა საშუალო ფენას ეს არ შეეხება“.

ამ პროექტით, რომელიც თეთრმა სახლმა თავიდან შეათანხმა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან, 620 მილიარდი დოლარი უნდა იქნეს შეგროვებული 10 წლის განმავლობაში, რაც უმდიდრესი ამერიკელების დაბეგვრით არის შესაძლებელი.

ამასთან, შემცირდება გადასახადები იმ კანონის მიხედვით, რომელიც 2011 წელს მიიღეს. ამ კანონით, საშემოსავლო ზღვარი კერძო პირის შემთხვევაში 400 დოლარი იყო, ხოლო ოჯახისა - 450 ათასი. ამ შემოსავლის ზემოთ, სუბიექტს დაეკისრებოდა, დღემდე მოქმედი 35 პროცენტისგან განსხვავებით, 36,6 პროცენტი. მაგრამ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული სხვა საკითხშიც. პრობლემა მოსაგვარებელი იქნება თებერვლის თვეში, როცა კონგრესს დასჭირდება მოაგროვოს 16 ტრილიონზე მეტი სესხების ფედერალური ლიმიტი, რათა მთავრობამ ანგარიშების გადახდა გააგრძელოს.

ობამამ თავის გამოსვლაში თქვა, ყველა ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია ჩვენი ეკონომიკის გაძლიერების გზაზე და ყველასთვის უფრო ფართო შესაძლებლობათა მიცემის საქმეშიო. ფაქტია, რომ დეფიციტი კვლავ ძალიან მაღალია და ჩვენი კი, დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა, ცოტას ვაკეთებთ იმ საქმეში, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, რათა ისე გაიზარდოს, როგორც საჭიროაო.

ამ ახალი კანონპროექტის დამტკიცების გამო აზიის საფინანსო ბირჟებზე აქციათა ფასები გაიზარდა, გაძვირდა ასევე ნავთობი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG